Thumbnail

სტივენ ტაილერი ტრამპს: აღარ გამოიყენოთ თქვენს ღონისძიებებზე Aerosmith-ის სიმღერები

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული როკ ჯგუფის, Aerosmith-ის ფრონტმენმა სტივენ ტაილერმა თეთრ სახლში პრეზიდენტის სახელზე წერილი გაგზავნა და დონალდ ტრამპს მოუწოდა, საკუთარ ღონისძიებებზე ბენდის კომპოზიციები აღარ გამოიყენოს. მუსიკოსის აღშფოთება 21 აგვისტოს დასავლეთ ვირჯინიაში, ტრამპისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე სიმღერის Livin' on the Edge ჩართვამ გამოიწვია.

► ნახეთ: სტივენ ტაილერმა ფანს, რომელიც მასთან სელფის გადაღებას ცდილობდა, ხელი ჰკრა

► ნახეთ: MTV VMA-ის დაჯილდოებაზე Aerosmith-მა და Post Malone-მა ერთად იმღერეს

"საქმე დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს არ ეხება. არავის ვაძლევ უფლებას, ჯგუფის კომპოზიციები ნებართვის გარეშე გამოიყენოს. მუსიკა პოლიტიკური კამპანიებისა თუ აქციებისთვის არ შეგვიქმნია", - ნათქვამია ტაილერის წერილში.

"აეროსმიტმა" დონალდ ტრამპი 2015 წელსაც გააფრთხილა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკულტო კომპოზიცია Dream On გამოიყენა. 

"იმის მიუხედავად, რომ მაქვს სტივენ ტაილერის ნამუშევრის გამოყენების ნებართვა, მან მაინც მოითხოვა, კომპოზიცია კამპანიის პროგრამიდან ამოგვეღო. არაუშავს, უკეთესი სიმღერით ჩავანაცვლებთ", - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე 2015 წელს.

Aerosmith 1970 წელს ქალაქ ბოსტონში შეიქმნა, სამი წლის შემდეგ კი ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი გაავრცელა. კოლექტივი ამერიკული ჰარდ როკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ბენდად ითვლება. მუსიკოსებს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვთ გაყიდული.

4 გრემის მფლობელმა ჯგუფმა ბოლო სტუდიური ჩანაწერი Music from Another Dimension! 2012 წელს გაავრცელა. 2018 წლის 5 მაისს კი არტისტებმა გამოსამშვიდებელი ტურნე Aero-Vederci Baby! დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც "აეროსმიტის" კონცერტი ბათუმშიც გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული