Thumbnail

"მე არ მინდა რიფი, რომელიც მხოლოდ ვირტუოზ შემსრულებელზე მოახდენს შთაბეჭდილებას. ისეთი მჭირდება, რომელიც ბავშვებს გიტარის ყიდვისა და მასზე დაკვრის სურვილს აღუძრავს", - ლეგენდარული "ბლექ საბათის" ფრონტმენის, ოზი ოსბორნის ეს სიტყვები იდეალურად შეესაბამება ჩვენს სტატიას.  

ნახე სრული ფლეილისტი

წარმოგიდგენთ 20 როკ კომპოზიციას, რომელთა გიტარის რიფების ცნობასაც ამ ჟანრის მოყვარულები მოსმენის პირველივე წამებიდან შეძლებენ. 

20. Chuck Berry - Johnny B. Goode (1958)

ჩაკ ბერის ცნობილ სიმღერაში Johnny B. Goode, ფაქტობრივად, ავტორის მინი ბიოგრაფიაა მოთხრობილი - ღარიბი ბიჭუნას ამბავი, რომელიც გიტარაზე ვირტუოზულად უკრავს და წარმატებაზე ოცნებობს. თავდაპირველად, ტექსტში მთავარი პერსონაჟი "შავკანიანად" იყო მოხსენიებული, თუმცა, სეგრეგაციის ეპოქაში ლეგენდარულ მუსიკოსს ამ ეპითეტის "სოფლელით" ჩანაცვლება მოუწია.

ტრეკის გამხსნელი რიფი ჩაკმა ცნობილი ჯაზ შემსრულებლის, ლუი ჯორდანის კომპოზიციიდან Ain’t Тhat Just Like a Woman გადაიღო. ასე დაიბადა როკ-ენ-როლის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ჰიტი, რომლის მელოდიაც დღემდე უზომო პოპულარობით სარგებლობს.

19. The Police - Message in a Bottle (1979)

როდესაც ჯგუფში დრამერის პოზიციას სტიუარტ კოუპლენდი იკავებს, ხოლო ბასისტისა და ვოკალისტის როლს სტინგი ირგებს, ცოტა არ იყოს, რთულია, მათ ჩრდილქვეშ არ მოექცე. თუმცა, ენდი სამერსის მსგავს გიტარისტებს ასეთი პრობლემები ნაკლებად აწუხებთ.

1979 წელს ჩაწერილი სიმღერა Message in a Bottle მისი ხელწერის გამორჩეული ნიმუშია - ერთი შეხედვით ძალზედ მარტივი, მაგრამ ამავე დროს გენიალური რიფი. გასაკვირი არაა, რომ აწ დაშლილი The Police-ის წევრებისათვის საკუთარი შემოქმედებიდან ფავორიტ ტრეკად დღემდე სწორედ ეს კომპოზიცია რჩება.

18. The White Stripes - Seven Nation Army (2003)

ალტერნატიული როკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჰიტის რიფი მსმენელთა დიდ ნაწილს დღემდე ბას გიტარაზე შესრულებული ჰგონია. თუმცა, The White Stripes-ის ფროტმენი ჯეკ უაითი ასობით სპორტული ღონისძიების, ფილმის, სერიალის, ვიდეოთამაშისა და ღმერთმა უწყის, კიდევ რის საუნდტრეკად ქცეულ მელოდიას Kay Hollowbody-ს მოდელის ნახევრადაკუსტიკურ გიტარაზე უკრავს.

კომპოზიცია ჯგუფის 2003 წლის ალბომში Elephant შევიდა და ამ ჩანაწერის მიერ მოპოვებული წარმატების მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად იქცა.

17. Blur - Song 2 (1997)

ბრიტპოპის გამორჩეული წარმომადგენლის, ჯგუფ Blur-ის სიმღერა Song 2 ადრენალინის ნამდვილი ქარიშხალია. ბენდის გიტარისტის, გრემ კოქსონის გიტარის რიფი კი დროდადრო მის მოახლოებას გვაუწყებს. 

კომპოზიციას სახელწოდება მარტივად შეურჩიეს - ალბომის რიგით მეორე ტრეკი ორი ვერსითა და ორი მისამღერით, რომელიც ორი წუთისა და ორი წამის განმავლობაში გრძელდება. თუ 1990-იანი წლების მიწურულს ვიდეოთამაშებით იყავით გატაცებული, ჩანაწერის პირველივე ნოტების გაჟღერებისას ნოსტალგიის შემოტევა გარანტირებული გაქვთ.

16. Lynyrd Skynyrd - Sweet Home Alabama (1974)

ამ ამერიკული ჯგუფის შემოქმედებაში Sweet Home Alabama ერთ-ერთი გამორჩეული ჰიტია. გიტარის შესანიშნავი რიფით განთქმული კომპოზიცია ბენდმა ლეგენდარული ნილ იანგის ტრეკების Alabama და Southern Man საპასუხოდ შექმნა. ამ ჩანაწერებში იანგი სამხრეთ შტატებში გავრცელებულ რასიზმსა და უთანასწორობას აკრიტიკებდა. Lynyrd Skynyrd-ის წევრთა აზრით კი, რამდენიმე ოფიციალური პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო ყველა სამხრეთელი გაკიცხვას არ იმსახურებდა.

სიმღერა იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომ 2009 წლიდან მისი სახელწოდება ალაბამის შტატის ოფიციალურ სლოგანადაც კი იქცა.

15. Red Hot Chili Peppers - Californication (1999)

თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა გიტარისტმა, ჯონ ფრუშანტემ Red Hot Chili Peppers პირველად 1992 წელს დატოვა. მისი ადგილი დეივ ნავარომ დაიკავა, თუმცა, მუსიკოსის მძიმე მეტალითა და ჰარდ როკით შთაგონებული რიტმები "წიწაკების" ჟღერადობაში დიდად ვერ ჩაჯდა.

1998 წელს ჯონი ჯგუფს კვლავ შეუერთდა. კომპოზიცია Californication სწორედ მისი ტრიუმფალური დაბრუნების მაუწყებლად იქცა. ლეგენდარული პოსტ პანკ ბენდის, The Cure-ს სიმღერით Carnage Visors შთაგონებული რიფი, რომელიც ამ კომპოზიციაში ჟღერს, თვით ფრუშანტეს ბრწყინვალე შემოქმედებაშიც კი გამოირჩევა.

14. Dire Straits - Money for Nothing (1985)

როკ მუსიკის ისტორიაში გიტარის ყველაზე პოპულარულ რიფებზე საუბრისას, მარკ ნოპფლერის ხსენება გარდაუვალი აუცილებლობაა. Dire Straits-ის ფრონტმენის მიერ შექმნილი Money for Nothing მსგავს სიებში დამსახურებულ ადგილს იკავებს. 

კომპოზიციის რიფი ნოპფლერმა ლეგენდარული ZZ Top-ის ჟღერადობის მიბაძვით შექმნა, რისთვისაც Gibson Les Paul-ის მარკის გიტარა და Marshall-ის ხმის სისტემა გამოიყენა. ტრეკმა საუკეთესო როკ პერფორმანსის კატეგორიაში გრემის ჯილდო დაიმსახურა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

13. Santana - Smooth (1999)

კარლოს სანტანამ ლეგენდის სტატუსი 1969 წელს, ვუდსტოკის ფესტივალზე მოიპოვა, როდესაც ჰალუცინოგენების ზემოქმედების ქვეშ კომპოზიცია Soul Sacrifice შეასრულა და მის მოსასმენად შეკრებილ 400 ათასზე მეტ ადამიანზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.

მექსიკელი მუსიკოსის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად ალტერნატიული როკ ჯგუფის, Matchbox Twenty-ის ფრონტმენთან, რობ ტომასთან ერთად ჩაწერილი სიმღერა Smooth რჩება, რომელსაც, პირველ რიგში, სწორედ ამ საკულტო გიტარისტისთვის დამახასიათებელ სტილში დაწერილი რიფი გამოარჩევს.

12. The Rolling Stones - I Can’t Get No (Satisfaction) (1965)

ლეგენდარული ჯგუფის, The Rolling Stones-ის გიტარისტს, კით რიჩარდსს დღემდე წარმოდგენა არ აქვს, როგორ შექმნა საკუთარ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. როგორც მუსიკოსი იხსენებს, 1965 წლის 6 მაისს სასტუმროს ნომერში გამოეღვიძა, თავში კი ტექსტი და სამნოტიანი რიფი უტრიალებდა, რომელიც მოგვიანებით ჰიტად I Can’t Get No (Satisfaction) იქცა.

კომპოზიციამ გამოსვლისთანავე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და დღეს შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული, როგორც განსაკუთრებული კულტურული და ისტორიული ღირებულების მქონე ჩანაწერი.

11. Aerosmith feat. Run-DMC - Walk This Way (1986)

ჰიპ ჰოპ კოლექტივის Run-DMC და როკ ჯგუფ Aerosmith-ის წევრების, სტივენ ტაილერისა და ჯო პერის კოლაბორაცია ამ ორი ჟანრის წარმომადგენელთა თანამშრომლობის პირველი მასშტაბური შემთხვევაა მუსიკის ისტორიაში.

კომპოზიციამ უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა და ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი კრიტიკოსებიც კი მიახვედრა, რომ ჰიპ ჰოპ კულტურის სერიოზულად აღქმის დრო მოვიდა. ტრეკის წარმატების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად კი სწორედ პერის მიერ შესრულებული გიტარის რიფი იქცა.

10. Metallica - Enter Sandman (1991)

ჩვენი მკითხველების ნაწილს შეიძლება, უცნაურად მოეჩვენოს ჩვენს სტატიაში თრეშ მეტალის ტიტანების ხილვა. თუმცა, როდესაც საქმე "მეტალიკას" მასშტაბის არტისტს ეხება, ჟანრობრივი ბარიერები უკანა პლანზე გადადის.

პლატინის სტატუსის მქონე სინგლი Enter Sandman ლეგენდარული ბენდის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეულად შთამბეჭდავი ნამუშევარია. ნამდვილად უცნაური იქნებოდა, გიტარის ეს ბრწყინვალე რიფი ჩვენს სიაში რომ ვერ მოხვედრილიყო.

9. Nirvana - Smells Like Teen Spirit (1991)

როდესაც პანკ როკ ჯგუფ Bikini Kill-ის წევრმა, კეტლინ ჰანამ კურტ კობეინის ბინის კედელზე სიტყვები Kurt Smells Like Teen Spirit დაწერა, დიდი ალბათობით, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მთელი თაობის ჰიმნად ქცეულ სიმღერას შეურჩია სათაური.

"ახალგაზრდულ სულში", რომლის სუნიც კურტს ასდიოდა, კეტლინი ანტიპერსპირანტ Teen Spirit-ს გულისხმობდა. მას კურტის მაშინდელი მეგობარი გოგონა, ტობი ვეილი იყენებდა. თუმცა, Nirvana-ს ფრონტმენმა ფრაზას გაცილებით სერიოზული მნიშვნელობა მიანიჭა და სამყაროს როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიციაც მოევლინა. მისი საყოველთაოდ განთქმული რიფი კი, თუ თავად კობეინის სიტყვებს ვენდობით, ლეგენდარული ბენდის, Pixies-ის მიბაძვით შეიქმნა.

8. Guns N' Roses - Sweet Child O' Mine (1987)

1987 წლის ერთ მზიან, კალიფორნიულ დილას Guns N' Roses-ის გიტარისტმა, სლეშმა რეპეტიციაზე ხუმრობით "ცირკში მოსმენილი მელოდიის" დაკვრა დაიწყო. მას ჯერ რიტმ გიტარისტი იზი სთრედლინი აჰყვა, შემდეგ კი ბასისტი დაფ მაკაგანი და დრამერი სტივენ ადლერი.

ამ ყველაფერს ჯგუფის ვოკალისტი, ექსლ როუზი მეზობელი ოთახიდან უსმენდა. ცოტა ხანში კი მუსიკოსებს ექსპრომტად დაწერილი ტექსტით შეუერთდა. ასე შეიქმნა "განზების" ჰიტი Sweet Child O' Mine, რომელიც გიტარის დასამახსოვრებელი რიფით გამოირჩევა.

7. Cream - Sunshine of Your Love (1967)

ამ სიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტის, ერიკ კლეპტონის გარეშე დაკომპლექტება მიუტევებელი დანაშაული იქნებოდა. 1966 წელს მან ბასისტ ჯეკ ბრიუსთან და დრამერ ჯინჯერ ბეიკერთან ერთად მუსიკის ისტორიაში პირველი სუპერჯგუფი Cream დააარსა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა კლასიკური როკის ისტორიაზე.

ბენდის ჰიტის Sunshine of Your Love რიფი ერიკმა მისი გენიალური კოლეგის, ჯიმი ჰენდრიქსის სტილის შთაგონებით შექმნა. ეს კომპოზიცია დღემდე სამართლიანად ითვლება მისი ბრწყინვალე ხელწერის გამორჩეულ ნიმუშად.

6. AC/DC - Back in Black (1980)

სხვა ჯგუფები გარდაცვლილი წევრების შთაგონებით, როგორც წესი, სულისშემძვრელ მელანქოლიურ სიმღერებს წერენ. ავსტრალიურმა როკ ბენდმა AC/DC-მ კი ვოკალისტის, ბონ სკოტის ხსოვნას ეს ენერგიული კომპოზიცია მიუძღვნა. მის ცხოვრების წესსა და პიროვნულ თვისებებს თუ გავითვალისწინებთ, დაღუპულ მუსიკოსს სწორედ რომ ასეთი ტრეკი შეეფერებოდა.

ლეგენდარული მომღერალი დაუდგრომელი ხასიათით იყო ცნობილი. მისი სიცოცხლე ნაადრევად, 33 წლის ასაკში, ჰეროინისა და ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღებამ იმსხვერპლა. AC/DC-ის კონცერტებზე Back in Black-ის რიფს დამსწრე აუდიტორია პირველივე წამებიდან ჭკუიდან გადაჰყავს და მასობრივი სიგიჟე იწყება - დიდი ალბათობით, ბონს ეს ყველაფერი ძალიან მოეწონებოდა.

5. Pink Floyd - Wish You Were Here (1975)

"პინკ ფლოიდის" ერთ-ერთმა დამაარსებელმა სიდ ბარეტმა ჰალუცინოგენების ჭარბ მოხმარებას ახალგაზრდობიდანვე მიჰყო ხელი. ამიტომაც, 1968 წელს ბენდის დატოვება მოუხდა და მცირე ხანში სამუდამოდ გაუჩინარდა კიდეც სცენიდან.

1975 წელს ჯგუფი ახალ ჩანაწერზე მუშაობდა, როდესაც სტუდიას წარბებგაპარსული, მანიაკალური გამომეტყველების მქონე მამაკაცი ეწვია. მუსიკოსებმა ძლივს იცნეს სიდი, რომელზეც თვითიზოლაციაში გატარებულ წლებს მძიმე კვალი დაემჩნია.

Wish You Were Here-ის გიტარის რიფი ნებისმიერ სიტყვაზე უფრო ემოციურად გამოხატავს იმ მონატრებასა და სინანულს, რომელიც ბარეტის სახელს უკავშირდება. ის სტუდიიდან მალევე წავიდა და "პინკ ფლოიდის" წევრებს აღარასდროს შეხვედრია. 2006 წელს სიდი გარდაიცვალა.

4. Black Sabbath - Iron Man (1970)

"ბლექ საბათის" ფრონტმენმა, ოზი ოსბორნმა ჯგუფის გიტარისტის, ტონი აიომის მიერ ამ სიმღერისათვის დაწერილი რიფის პირველად მოსმენისას განაცხადა, ისეთი ჟღერადობაა, მგონია, რომ ახლომახლო რკინის სხეულის მქონე არსება დაიარებაო.

სწორედ ამ ფრაზამ შთააგონა ბენდის ბასისტს, ჯიზერ ბათლერს აპოკალიპტური შინაარსის ტექსტის დაწერა და კომპოზიციასაც "რკინის კაცი" ეწოდა. ეს ტრეკი აიომის ხელწერის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ამიტომაც, უცნაური არაა, რომ მუსიკალურმა ტელეარხმა VH1 2006 წელს Iron Man ჰევი მეტალის ისტორიაში ყველა დროის ნომერ პირველ კომპოზიციად დაასახელა.

3. Deep Purple - Smoke on the Water (1972)

1971 წელს Deep Purple შვეიცარიის ქალაქ მონტროში, ადგილობრივ კაზინოსთან განთავსებულ სტუდიაში ახალი ალბომის ჩასაწერად ემზადებოდა. სათამაშო დაწესებულებასთან არსებულ დარბაზში სეზონის უკანასკნელი კონცერტი უნდა გამართულიყო, რის შემდეგაც "ფარფლები" კომფორტულად მუშაობას შეძლებდნენ. თუმცა, ფრენკ ზაპას პერფორმანსის დროს დამსწრე აუდიტორიის დაუდევრობის გამო შენობაში ხანძარი გაჩნდა.

საბედნიეროდ, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, კაზინო თითქმის ბოლომდე დაიწვა. Deep Purple-ის წევრები ცამდე აწვდილ ალის ენებს და ჟენევის ტბის თავზე მოფენილ კვამლს საკუთარი სასტუმროდან უყურებდნენ. სწორედ ამ დღის შთაგონებით დაიწერა Smoke on the Water, რომლის რიფიც როკის (და არა მხოლოდ როკის) ნებისმიერ  მსმენელს პირველივე ნოტებიდან ეცნობა.

2. Led Zeppelin - Black Dog (1971)

თვით ისეთი ბრწყინვალე ბენდისთვისაც კი, როგორიც "ლედ ზეპელინია", Black Dog ძალზედ კომპლექსური კომპოზიციაა. რიტმის რამდენიმე ცვლილება, ა კაპელა შესრულებული კუპლეტები, ჯონ ბონემის მიერ დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკრული თავბრუდამხვევი პარტია და სიმღერის 3:49 წუთზე რობერტ პლანტის მიერ ჯგუფის სტუდიურ ალბომებში შესულ ჩანაწერებში აღებული ყველაზე მაღალი ნოტი. 

თუმცა, ამ ყველაფრის ფონზეც კი, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ჯიმი პეიჯის გიტარის საოცარი რიფი ახდენს. თუ არ იცით, გეტყვით, რომ ჟღერადობა, რომელსაც კომპოზიციაში ვისმენთ, ლეგენდარულმა მუსიკოსმა მის მიერ დაკრული ოთხი სხვადასხვა პარტიის ერთმანეთზე გადადებით მიიღო. 

1. The Jimi Hendrix Experience - Purple Haze (1967)

უცნაური იქნებოდა, ჩვენს სიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გიტარისტის ნამუშევარი რომ არ შეგვეტანა. ჯიმი ჰენდრიქსს თავისი ზებუნებრივი შესაძლებლობები არაერთ კომპოზიციაში გამოუვლენია. თუმცა, მისი უნიკალური ხელწერისა და დელტა ბლუზით შთაგონებული ესთეტიკის იდეალური გამოვლინება სწორედ ეს სიმღერაა.

მისი პროდიუსერი, ჯგუფ The Animals-ის ბასისტი ჩეს ჩენდლერი იხსენებდა: "როდესაც ეს მელოდია პირველად მოვისმინე, კინაღამ გავითიშე და ჯიმის ვუთხარი, რომ აუცილებლად დაესრულებინა მასზე მუშაობა". საინტერესოა, რომ Purple Haze კანაფის ერთ-ერთი ჯიშის სახელწოდებაცაა და ჰენდრიქსმაც ეს შედევრი, დიდი ალბათობით, სწორედ მისი შთაგონებით შექმნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული