Thumbnail

7 შეთქმულების თეორია ცნობილი მუსიკოსების სიკვდილის შესახებ

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

პოპკულტურა, თავის ეპატაჟური არტისტებით, უცხო თვალისთვის დამალული დეტალებითა და ხელოვნურად შექმნილი სკანდალებით, ნოყიერ ნიადაგს ქმნის კონსპირაციული თეორიების მოყვარულებისათვის. ისინი განსაკუთრებით მაშინ აქტიურდებიან, როცა რომელიმე ვარსკვლავი იდუმალებით მოცულ ვითარებაში იღუპება. ეს კი, სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ხდება. 

მაშ ასე, გთავაზობთ შვიდ შეთქმულების თეორიას ცნობილი მუსიკოსების სიკვდილის შესახებ.

7. ბობ მარლი აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოკლა

1981 წელს ბობ მარლი კიბოთი გარდაიცვალა. მეტასტაზები ფეხის თითზე არსებული მელანომიდან განვითარდა, რომლის სათანადო მკურნალობაზეც მუსიკოსმა რელიგიური შეხედულებების გამო უარი თქვა. 

შეთქმულების თეორია: CIA-ის დირექტორის შვილმა, კარლ კოლბიმ მარლის ფეხსაცმელი აჩუქა, რომლის ჩაცმისას რეგეის ლეგენდამ მწვავე ჩხვლეტა იგრძნო. მან ფეხსაცმელი დაკვირვებით შეისწავლა და ნაჭერში დამალული ლითონის მავთული აღმოაჩინა. ამ ამბიდან ერთი წელზე ნაკლებ დროში მუსიკოსს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 

6. მაიკლ ჯექსონი ირანის პრეზიდენტმა მოკლა

მაიკლ ჯექსონი 2009 წელს გარდაიცვალა. მუსიკოსის სიკვდილის მიზეზად მედიკამენტ პროპოფოლით ზედოზირება დასახელდა. ის არტისტს პირადმა ექიმმა, კონრად მიურეიმ საძილე საშუალების სახით გამოუწერა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. 2011 წელს მიურეის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში დასდეს ბრალი და 4 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯეს.

შეთქმულების თეორია: ჯექსონის სიკვდილი ირანში არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას დაემთხვა. 2009 წელს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის მეორე ვადით არჩევას ხალხმრავალი აქციები მოჰყვა. ოპოზიცია და საერთაშორისო საზოგადოება მას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ. ირანის პრეზიდენტმა პოპის მეფე მოაკვლევინა, რათა მსოფლიოს ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანა.

5. ჯიმი ჰენდრიქსი აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მოკლა

ლეგენდარული გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსი 1970 წელს 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად ღებინებით გამოწვეული ასფიქსია დასახელდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მუსიკოსმა საძილე აბები ალკოჰოლთან აურია. 

შეთქმულების თეორია: FBI-მ ჰენდრიქსი აფროამერიკელთა მემარცხენე-რადიკალურ ორგანიზაციასთან, "შავ პანტერებთან" კავშირის გამო მოკლა. ჯიმის სისხლში ალკოჰოლის დიდი დოზა არ აღმოუჩენიათ, თუმცა, მისი ფილტვები წითელი ღვინით იყო სავსე, რაც იმის ნიშანია, რომ მუსიკოსს პირში ძალით ჩაასხეს სასმელი. 

4. ბრაიან ჯონსი მშენებელმა მოკლა

1969 წლის ივლისში The Rolling Stones-ის ყოფილი გიტარისტი ბრაიან ჯონსი აუზის ფსკერზე იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა. იქვე აღნიშნულია, რომ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების შედეგად მუსიკოსის ღვიძლი და გული დეფორმირებული იყო. ეს არავის გაჰკვირვებია. მისი თავაშვებული გართობა იმ ჯგუფისთვისაც კი გახდა პრობლემა, რომლის შემადგენლობაში ჯერაც ირიცხება კით რიჩარდსი. 

შეთქმულების თეორია: ბრაიან ჯონსი მშენებელმა ფრენკ თოროგუდმა მოკლა, რომელიც მისი სახლის რესტავრაციას აწარმოებდა. ის უკანასკნელი ადამიანი იყო, ვინც მუსიკოსი ცოცხალი ნახა. იმასაც ამბობენ, რომ ფრენკმა ჩადენილი დანაშაულის შესახებ "როლინგ სთოუნზის" მძღოლს მოუყვა. პოლიციამ 2009 წელს ამ თეორიის გადამოწმება განიზრახა, თუმცა, სამხილები საკმარისი არ აღმოჩნდა და საქმე თავიდან აღარავის გაუხსნია. 

3. ემი უაინჰაუსი მასონებმა მოკლეს

ემი უაინჰაუსი 2011 წელს საკუთარ საწოლ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მომენტში მის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა ხუთჯერ აღემატებოდა ავტომანქანის მძღოლებისთვის დასაშვებ ზღვრულ ნორმას. თუ ამას ნარკოტიკების მრავალწლიან მოხმარებასაც დავუმატებთ, არავის გაჰკვირვებია, რომ ემის გულმა ასეთ დატვირთვას ვეღარ გაუძლო. 

შეთქმულების თეორია: ემი უაინჰაუსის სიკვდილი რიტუალურ მსხვერპლშეწირვასთან არის დაკავშირებული. მომღერალი მასონებმა მოკლეს, შემდეგ კი დანაშაულის კვალი წაშალეს. 

2. უიტნი ჰიუსტონი ნარკოდილერებმა მოკლეს

გარდაცვლილი უიტნი ჰიუსტონი 2012 წელს სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" ერთ-ერთი ნომრის აბაზანაში იპოვეს. ის წლების განმავლობაში ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ებრძოდა. სიკვდილის მიზეზად ათეროსკლეროზი და კოკაინის მოხმარება დასახელდა. გამოძიების ინფორმაციით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მუსიკოსი ქრონიკული კოკაინისტი იყო. მის სისხლში ასევე ბენადრილი, ქსანაქსი, ფლექსერილი და მარიხუანა აღმოაჩინეს. 

შეთქმულების თეორია: კერძო გამომძიებელი პოლ ჰუებლი ამტკიცებს, რომ უიტნი ჰიუსტონს ნარკოდილერების ვალი ჰქონდა. თანხა 1,5 მილიონ დოლარს აღწევდა. ჰუებლის თქმით, მუსიკოსი სწორედ ამ მიზეზით მოკლეს. მისივე მტკიცებით, არსებობს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც ჩანს, როგორ შედის უიტნის სიკვდილის ღამეს სასტუმროში ორი ადამიანი, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. ამის გარდა, მომღერალს სხეულზე სპეციფიკური დაზიანებებიც აღენიშნებოდა, რაც სიკვდილისწინა ორთაბრძოლაზე მიანიშნებს. 

1. კურტ კობეინი კორტნი ლავმა მოკლა

ლეგენდარულმა მუსიკოსმა, კურტ კობეინმა 1994 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. Nirvana-ს ფრონტმენის ცხედარი მისივე სახლში აღმოაჩინეს. მან თავში თოფი დაიხალა. სიკვდილის წინ მუსიკოსმა წერილი დატოვა, რომელშიც ბავშვობის წარმოსახვით მეგობარს მიმართავდა. 

შეთქმულების თეორია: კერძო გამომძიებლის, ტომ გრანტის ვერსიით, კობეინის მკვლელობა მისმა ცოლმა, კორტნი ლავმა შეუკვეთა. მისი აზრით, ჰეროინის იმ დოზას, რომელიც ექსპერტიზამ კურტის სხეულში აღმოაჩინა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეუძლებელი უნდა გაეხადა. გრანტისვე მოსაზრებით, მუსიკოსი წერილში კორტნისთან დაშორების და მუსიკალური ინდუსტრიიდან წასვლის შესახებ საუბრობს, ბოლო რამდენიმე ხაზი კი, რომელიც თვითმკვლელობას ეხება, სხვა პიროვნების მიერაა დაწერილი. ამ თეორიას ის ფაქტიც ამყარებს, რომ წლების შემდეგ დრამერმა ელდონ ჰოუკმა განაცხადა, რომ კორტნი ლავმა კობეინის მოსაკლავად 50,000 დოლარი შესთავაზა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული