Thumbnail

10 კომპოზიტორი და მათი უცნაური მხარეები

ანკა მებონია პროფილის ფოტო
ანკა მებონია

კლასიკური მუსიკის მოსმენისას ბევრი ჩვენგანი უშვებს შეცდომას და კომპოზიტორები წყნარი, მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები ჰგონია. ფაქტები კი საპირისპიროს ამტკიცებს.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ 10 ცნობილ კომპოზიტორს და მათ ექსტრაორდინარულ მხარეებს.

10. ერიკ სატი

მე-19 საუკუნის ფრანგი კომპოზიტორი ერიკ სატი იმდენად ექსცენტრიკული იყო, რომ საკუთარ ნაწარმოებებს წითელი მელნით წერდა და ისეთ სახელწოდებებს არქმევდა, როგორიცაა "სამი პიესა მსხლის ფორმით" ან "გამომშრალი ემბრიონები". ეზიზღებოდა მზე, თავდაცვის მიზნით ჯიბით ჩაქუჩს ატარებდა და "წინამძღვარ იესოს სახელობის ხელოვნების სამოქალაქო ეკლესია" ჰქონდა დაარსებული, რომლის ერთადერთი წევრიც თავად იყო. 

გარდაცვალების შემდეგ მის სახლში იპოვეს ასი ქოლგა, ოთხმოცდაოთხი ცხვირსახოცი, ექვსი ერთნაირი კოსტიუმი და უამრავი წერილი, რომლებსაც საკუთარ თავს უგზავნიდა. ერთ-ერთის ტექსტიდან ცნობილი გახდა, რომ კომპოზიტორი მთელი ცხოვრება მხოლოდ თეთრ საკვებს ჭამდა. მისი რაციონი კი ასე გამოიყურებოდა: კვერცხი, შაქარი, დაფხვნილი ძვლები, ქონი, მარილი, ქოქოსი, ბრინჯი, მაკარონი, ქათმის თეთრი ხორცი, ყველი და თევზის ზოგიერთი სახეობა.

9. კარლო ჯეზუალდო

მე-17 საუკუნის ნეაპოლელი კომპოზიტორი კარლო ჯეზუალდო მუსიკის ისტორიაში უნიკალური ქრომატული სტილის ნაწარმოებებით შევიდა. მეოცე საუკუნეში ის ატონალური მუსიკის ერთგვარ პიონერადაც კი აღიარეს. ალფრედ შნიტკემ მას ოპერა, ანატოლ ფრანსმა ნოველა, ვერნერ ჰერცოგმა კი ფსევდოდოკუმენტური ფილმი "სიკვდილი ხუთი ხმისთვის" მიუძღვნეს. თუმცა, ასეთი ყურადღების მიზეზი მხოლოდ ჯეზუალდოს შემოქმედება არ ყოფილა. თუ კომპოზიტორის პირადი ცხოვრებით დაინტერესდებით, შემზარავ ამბებს აღმოაჩენთ. 

ჯეზუალდომ პირველი ცოლი ტრანსვესტიტ ჰერცოგთან სექსუალური ურთიერთობის გამო მოკლა. მეორეს კი ჯადოქრობით გატაცებულ ორ საყვარელთან ღალატობდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სასტიკი ჰალუცინაციები სტანჯავდა, რომლებიც, მისივე თქმით, მხოლოდ მაშინ უმსუბუქდებოდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცები დღეში 3-ჯერ სასტიკად სცემდნენ. კომპოზიტორის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ამბობენ, რომ მისმა სხეულმა ერთ-ერთ ასეთ მაზოხისტურ სეანსს ვეღარ გაუძლო. 

8. ალექსანდრ სკრიაბინი

რუს კომპოზიტორ ალექსანდრ სკრიაბინს სინესთეზია სჭირდა. ეს იშვიათი ნეოროლოგიური ფენომენია, როდესაც ერთი გრძნობის ორგანო მეორისთვის დამახასიათებელ თვისებებს იძენს. არტისტი ნოტებს ფერებად ხედავდა და ამ უჩვეულო ნიჭის დამსახურებით ფორტეპიანოს მსგავსი ინსტრუმენტიც შექმნა, რომელზე დაკვრის დროსაც დარბაზში ფერადი განათებები ჩნდებოდა.

ცნობილია, რომ სკრიაბინმა არაერთხელ სცადა გაფრენა და წყალზე გავლაც კი. მის მსოფლმხედველობასა და მუსიკაში უდიდეს როლს მისტიციზმი ასრულებდა. კომპოზიტორმა მეშვიდე სონატა "თეთრი მესა" ბოროტი სულების განსადევნად დაწერა, მეცხრეს - "შავ მესას“ კი დემონები უკან, დედამიწაზე უნდა გამოეხმო. მისი უკანასკნელი ნამუშევარი, "მისტერია" ჰიმალაის მთებში, შვიდი დღის განმავლობაში უნდა შესრულებულიყო. ნაწარმოების დასასრულს, მუსიკოსის რწმენით, სამყარო გაქრებოდა, ხოლო ადამიანები უკეთესი, უფრო კეთილშობილი არსებებით ჩანაცვლდებოდნენ. თუმცა, სკრიაბინმა მის მიერვე დაგეგმილი აპოკალიფსისთვის აკომპანემენტის გაწევა ვერ მოასწრო. ის სისხლის მოწამვლისგან გარდაიცვალა. 

7. ჰარი პარჩი

ამერიკელ კომპოზიტორს, ჰარი პარჩს უცნაური ბავშვობა ჰქონდა. მისი მშობლები, რომლებიც ყოფილი ქრისტიანი მისიონერები იყვნენ, საკუთარ სახლს ღამის გასათევად მეძავებსა და მაწანწალებს უთმობდნენ. თავად არტისტი კი, როდესაც წამოიზარდა, ქუჩაში ცხოვრობდა, ჯართს აგროვებდა. ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში სატვირთო მატარებლებით მოგზაურობდა და მის მიერვე შექმნილი საოცარი მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის არანაკლებ საოცარ ნაწარმოებებს ქმნიდა. 

1930 წელს ყველა თავისი ადრეული ნამუშევარი დაწვა. შემდეგ რიტუალური თეატრი დააარსა, რომელშიც ორკესტრის წევრები არა მხოლოდ უკრავდნენ, არამედ მღეროდნენ და სხვადასხვა როლს ირგებდნენ კიდეც. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ნამუშევრის The Bewitched ფონზე მუსიკოსებს კალათბურთელ ქალთა გუნდი უნდა განესახიერებინათ, რომლებიც დამარცხების შემდეგ საშხაპეში ბერძნული მითოლოგიის ღმერთ ჰერმესისთვის ველურ ცეკვებს ასრულებდნენ.

6. რიხარდ ვაგნერი

მე-19 საუკუნის გერმანელი კომპოზიტორი რიხარდ ვაგნერი ქალის ტანსაცმლით იყო გატაცებული. ის მკერავისთვის გაგზავნილ წერილებში მუდმივად ითხოვდა მაქმანებით გაწყობილ, მეტწილად ვარდისფერ კოსტიუმებს, რომლებსაც ამავდროულად სხვადასხვა აქსესუარი ამშვენებდა. ვაგნერი ხსნიდა, რომ ეს ყველაფერი მესამე ცოლისთვის, კოზიმასთვის უნდოდა. თუმცა, ამ უკანასკნელს თავის ვრცელ დღიურებში ქმრის მიერ ნაჩუქარი სამოსი არასდროს უხსენებია.

ცნობილია ისიც, რომ 66 წლის იუბილეზე კოზიმამ ვაგნერს ფლამინგოს ბუმბულისგან დამზადებული ვარდისფერი ხალიჩა უსახსოვრა. კომპოზიტორი 69 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა და სიკვდილის მომენტშიც ვარდისფერ ხალათში იყო გამოწყობილი.  

5. ანტონ ბრუკნერი

ავსტრიელი კომპოზიტორი, ანტონ ბრუკნერი ნუმერომანიით იყო დაავადებული და მუდმივად ყველაფერს ითვლიდა. ის დღიურებსაც კი აწარმოებდა იმისთვის, რომ ზუსტად აღერიცხა, რამდენჯერ წაიკითხავდა ძილის წინ "მამაო ჩვენოს". მუსიკის შექმნა 40 წლის ასაკში დაიწყო. ნაწარმოებების დამთავრებისთანავე მის გადაკეთებას იწყებდა და ასე დაუსრულებლად, მთელი 30 წლის განმავლობაში. ბრუკნერის სიმფონიების სხვადასხვა რედაქცია ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, თითოეული მათგანი დამოუკიდებელ ნამუშევრადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. 

ამის გარდა, ავსტრიელი კომპოზიტორი  გარდაცვლილი ადამიანების თავის ქალებით იყო შეპყრობილი. 1888 წელს შუბერტის საფლავი გახსნისას ბრუკნერმა ორივე ხელით ჩაბღუჯა მისი თავის ქალა და კუბოს იქამდე არ მოსცილებია, სანამ ძალით არ გასწიეს გვერდზე. შეიძლება, ამ ამბავს ჩვენამდე ვერც მოეღწია, რომ არა ერთი დეტალი - ბრუკნერი რამდენიმე თვით ადრე ბეთჰოვენის საფლავთანაც ანალოგიურად მოიქცა. 

4. პიტერ უორლოკი

პიტერ უორლოკი ბრიტანელი მუსიკის კრიტიკოსი, ფილიპ ჰეზელთაინია. ფსევდონიმი, რომელიც ქართულად "ჯადოქარს" ნიშნავს, შავი მაგიითა და ოკულტიზმით მის გატაცებაზე მიუთითებდა. კომპოზიტორის ცხოვრება არაერთი ფილმისა თუ წიგნის ავტორის შთაგონების წყარო გახდა. მათ შორის, დევიდ ჰერბერტ ლოურენსის, რომელმაც მას რომანი "შეყვარებული ქალი" მიუძღვნა. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარების, ამის ნიადაგზე პოლიციასთან მუდმივი კონფლიქტებისა და სხვა მუსიკოსების შესახებ პამფლეტების წერისგან თავისუფალ დროს, უორლოკმა 200-მდე ნაწარმოების შექმნა მოასწრო, სანამ თავს მოიკლავდა 36 წლის ასაკში. 

თუ პიტერ უორლოკის შვილს, ხელოვნებათმცოდნე ბრაიან სიუველს დავუჯერებთ, კომპოზიტორი სადისტი ბისექსუალი იყო, უამრავი პარტნიორით. როდესაც ერთ-ერთი მათგანი დაორსულდა, უორლოკმა ნაყოფის მოცილება მოსთხოვა, რაზეც ბრაიანის ღრმადმორწმუნე დედამ უარი განაცხადა. რამდენიმე დღის შემდეგ პიტერმა თავი გაზით მოიწამლა. მანამდე კი საკუთარი კატა გარეთ გააგდო, სავარაუდოდ, მისი გადარჩენის მიზნით. 

3. ფრანტიშეკ კოცვარა

მე-18 საუკუნის ჩეხი კომპოზიტორი ფრანტიშეკ კოცვარა კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელიც ეროტიკული ასფიქსიით გარდაიცვალა. ეს შემთხვევა 1792 წელს, ლონდონის ერთ-ერთ საროსკიპოში მოხდა.

კოცვარამ მეძავ სუზანა ჰილს სთხოვა, ყელზე ჩამოცმული ყულფის მეშვეობით სიამოვნების მიღებაში დახმარებოდა. სუზანამ, რომელსაც კლიენტის დაკარგვა არ უნდოდა, მისი თხოვნა შეასრულა, თუმცა, უსაფრთხოების წესებს ზედმიწევნით ვერ მიჰყვა და მუსიკოსი დაიხრჩო. მოსამართლემ კომპოზიტორის გარდაცვალება უბედურ შემთხვევად ჩათვალა და ქალი ბრალდებისგან გაათავისუფლა. ამ უკანასკნელმა კი ეს ამბავი საკუთარ მემუარებში დეტალურად აღწერა. 

2. არნოლდ შონბერგი

მუსიკალური კომპოზიციის შექმნის დოდეკაფონიური (12-ტონიანი) მეთოდის ავტორს, საშინლად ეშინოდა რიცხვი 13-ის. არნოლდ შონბერგი 1874 წლის 13 სექტემბერს იყო დაბადებული, რასაც უბედურების ნიშნად აღიქვამდა. მან საკუთარ ნაწარმოებს სახელიც კი შეუცვალა, როდესაც აღმოაჩინა, რომ სათაური ცამეტ ასოს შეიცავდა. ასე გაქრა მისი ოპერიდან Moses und Aron ერთი ასო а.  

1951 წელს შონბერგს 76 წელი შეუსრულდა. იმის გამო, რომ 7-ისა და 6-ის ჯამი 13-ია, მუსიკოსი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ამ წელს გარდაიცვლებოდა. მისი შიშები გამართლდა. კომპოზიტორი 13 ივლისს გარდაიცვალა. 

1. ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი

გენიალურმა კომპოზიტორმა მუსიკის შექმნა 6 წლის ასაკიდან დაიწყო. 14 წლისამ კი თავისი პირველი ოპერა "მითრიდატე, პონტოს მეფე" დაწერა. თანამედროვეების მოგონებებით, ის მუდმივად მოძრაობაში იყო - ხან ჟესტიკულირებდა, ხანაც ფეხებს აბაკუნებდა. მიმიკაც განუწყვეტლივ ეცვლებოდა. ხელში კი სულ რაიმე საგანს ათამაშებდა.  

ცნობილია, რომ მოცარტს კატის იმიტირება უყვარდა. შეიძლება, მომღერლებთან ოპერის განხილვისას მოულოდნელად დაევიწყებინა, სად იყო და კნავილით მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო. თვითირონიულმა მოცარტმა სახუმარო სიმღერაც კი დაწერა. მასში ქალი ქმარს ყველა შეკითხვაზე "მიაუთი" პასუხობს, საბოლოოდ კი კაციც ნებდება და კნავილს იწყებს. ეს ნაწარმოები "კატების დუეტის" სახელით არის ცნობილი. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული