Thumbnail

ვინ შეიძლება გაგიწიოთ ბენდში პარტნიორობა იმ ადამიანზე უკეთესად, რომელიც ადრეული ასაკიდან თქვენთან ერთად იზრდებოდა? მუსიკის ისტორიას უამრავი კოლექტივი ახსოვს, რომელშიც დები თუ ძმები მოღვაწეობდნენ. ჩვენს სტატიაში სწორედ ათ ასეთ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

10. The National

მელანქოლიური სიმღერებით განთქმული ეს ინდი როკ ჯგუფი ერთი დიდი ოჯახია (ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით). ბენდის გიტარისტები, აარონ და ბრიუს დესნერები, ბასისტ სკოტ დევენდორფისა და დრამერ ბრაიან დევენდორფის მსგავსად, ღვიძლი ძმები არიან.

როგორც ხედავთ, ამ მხრივ კოლექტივის მეხუთე წევრი, ვოკალისტი მეთ ბერნინგერი მარტოსულად გრძნობს თავს. თითქოს დამატებითი მიზეზი სჭირდებოდეს სევდიანი ტექსტების დასაწერად.

9. Creedence Clearwater Revival

ლეგენდარული როკ ბენდის კარიერამ მხოლოდ ხუთ წელს გასტანა. ამის მთავარ მიზეზად კი ჯგუფის ფრონტმენის, ჯონ ფოგერთის მიერ მორგებული დიქტატორის როლი იქცა. ამ უკანასკნელის თქმით, გადაწყვეტილებათა მიღების დემოკრატიული პრინციპი მუსიკოსებს წარმატების მიღწევაში შეუშლიდა ხელს.

1970 წელს კოლექტივი მისმა უფროსმა ძმამ, გიტარისტმა ტომ ფოგერთიმ დატოვა. 1972 წელს კი Creedence Clearwater Revival საბოლოოდ დაიშალა.

8. Bee Gees

ძმებმა ბარი, რობინ და მორის გიბებმა Bee Gees 1958 წელს ჩამოაყალიბეს. პოპისა და დისკოს ჟანრებში მოღვაწე კოლექტივმა ბრწყინვალე ვოკალური ჰარმონიისა და გამორჩეული საკომპოზიტორო ნიჭის წყალობით კოლოსალურ წარმატებას მიაღწია. მათ 220 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლეს, 1997 წელს კი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრებიც გახდნენ.

სამწუხაროდ, დღეს მათგან ცოცხალი მხოლოდ უფროსი ძმა, ბარია, რომელიც 71 წლის ასაკში Bee Gees-ის ჰიტებს კვლავინდებურად სავსე დარბაზებში ასრულებს. 

7. The Kinks

ახლო ნათესაური კავშირი ყოველთვის არ იძლევა თბილი ურთერთობის გარანტიას. ამის მაგალითი კი საკულტო როკ ჯგუფის, The Kinks-ის ფრონტმენის, რეი დევისისა და მისი ძმის, გიტარისტ დეივ დევისის ამბავია. მათი მუდმივი პაექრობა 1996 წელს ბენდის დაშლით დასრულდა.

"მგონი, რეი მისი ცხოვრების მხოლოდ სამი წლის განმავლობაში იყო ბედნიერი, შემდეგ კი მე დავიბადე", - ასე შეაფასა დეივმა ძმასთან ურთიერთობა ერთ-ერთ ინტერვიუში. მათ საერთო ენის თავიდან გამონახვა და ახალ ჩანაწერზე მუშაობის დაწყება მხოლოდ 2018 წელს შეძლეს.

6. The Jackson 5

ეს კოლექტივი ხუთი ძმით - ჯეკი, ტიტო, ჯერმეინ, მარლონ და მაიკლ ჯექსონებით იყო დაკომპლექტებული. 1970 წელს ბილბორდის ჩარტს სათავეში მათი ზედიზედ ოთხი სინგლი მოექცა, შეერთებულ შტატებს კი "ჯექსონომანია" მოედო.

ჯგუფმა დღემდე 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა შეძლო. სწორედ აქედან დაიწყო პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ლეგენდა, რომლის საოცარი სოლო კარიერის ფონზე თვით ზემოჩამოთვლილი შთამბეჭდავი მიღწევებიც კი ფერმკრთალდება. 

5. Oasis

ეს ლეგენდარული როკ ბენდი ნოელ და ლიამ გალაჰერებმა 1991 წელს შექმნეს. "ოაზისმა" უსწრაფესად მიაღწია პოპულარობას, თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს - თავბრუდამხვევი წარმატების პარალელურად ძმებს შორის დაძაბულობა ნელ-ნელა მატულობდა.

კონფლიქტი 2009 წელს ხელჩართული ჩხუბითა და ჯგუფის დაშლით დასრულდა, ძმები კი დღემდე ერთმანეთის ლანძღვითა და შეურაცხყოფით არიან დაკავებულნი.

4. Pantera

გიტარისტ დარელ ებოტისა და მისი ძმის, ვინის მიერ ჩამოყალიბებული "პანტერა" დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჯგუფად რჩება მძიმე მეტალის ისტორიაში. კოლექტივი 2003 წელს დაიშალა, რის შემდეგაც ძმებმა ახალი ბენდი Damageplan შექმნეს.

სამწუხაროდ, 2004 წელს ერთ-ერთ კონცერტზე ბენდის ფსიქიკურად არამდგრადმა თაყვანისმცემელმა, ნათან გეილმა დარელი და ლაივზე დამსწრე სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ვინი კი 2018 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

3. Heart

ათწლეულების განმავლობაში ამ როკ ჯგუფმა უამრავი წევრი გამოიცვალა. თუმცა, დების, ენ და ნენსი ვილსონების სახით კოლექტივის ბირთვი უცვლელი რჩება. 1975 წლიდან დღემდე "ჰართმა" 35 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, მათი შვიდი ალბომი კი სხვადასხვა დროს მუსიკალური ჩარტების ტოპ ათეულში მოხვდა.

ბენდის წარმატების საიდუმლო მათ უაღრესად მრავალფეროვან ჟღერადობაშია, რომელსაც პირველ რიგში სწორედ ენის საოცარი ვოკალი და ნენსის გიტარაზე დაკვრის გამორჩეული მანერა ქმნის.

2. The Beach Boys

1961 წელს ძმებმა ბრაიან, კარლ და დენის ვილსონებმა ბიძაშვილთან, მაიკ ლავთან და საერთო მეგობარ ალან ჟარდინთან ერთად ჯგუფი The Beach Boys ჩამოაყალიბეს. მუსიკალური ექსპერიმენტებისა და ტექნიკური ინოვაციების ხარჯზე ბენდმა მოკლე დროში საყოველთაო აღიარება მოიპოვა.

კოლექტივმა დღემდე 29 სტუდიური ალბომის გამოშვება მოასწრო. მუსიკოსების შემოქმედება კი წლების განმავლობაში ასობით არტისტისთვის შთაგონების უმთავრეს წყაროდ იქცა.

1. Radiohead

სიუზენ გრინვუდს როკ მუსიკის წინაშე ნამდვილად დიდი დამსახურება მიუძღვის. ის უმცროს ძმებს, კოლინსა და ჯონის საათობით ასმენინებდა ბენდების Joy Division, The Fall და Magazine შემოქმედებას.

დეპრესიული, რიტმული მუსიკით შთაგონებულმა ბიჭებმა მეგობრებთან - ტომ იორკთან, ედ ო’ბრაიენთან და ფილ სელუეისთან ერთად ჯგუფი On a Friday ჩამოაყალიბეს, რომელსაც ცოტა ხანში სახელწოდება შეუცვალეს და Radiohead დაარქვეს. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული