Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Danny Brown - Blunt After Blunt

მოსაწევი ჰიპ ჰოპ სუბკულტურის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორიც "სპორტულები", ანდაც ფოლადის კბილები. ალბათ, იმიტომ, რომ დაბოლებისას "ეხსნებათ" და რეჩიტატივის დროს სიტყვების მარაგი მყისიერად უმდიდრდებათ, ბიტების აწყობისას კი, ყური უფრო მგრძნობიარე უხდებათ. ამიტომ ყველა რეპერს, ერთი ჰიმნი მაინც აქვს პლანისადმი მიძღვნილი. 90-იანებში ასეთი ჩანაწერები უმთავრესად ირონიული, მხიარული და ხშირად მახვილგონივრულიც იყო, რაც სრულიად ადეკვატურია ასეთ მდგომარეობაში. აი, რა დაემართათ რეპერებს 21-ე საუკუნეში გაუგებარია. ასეთი თემატიკის ტრეკები არანაკლები იქმნება, მაგრამ არტისტები რატომღაც დაიძაბნენ,  შეშფოთდნენ და გაპირქუშდნენ. მოავანგარდო, ატონალურ-დისონანსური სემპლ-აკომპანიმენტები სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. არ ვიცი, ან იუმორი გაუხდათ შავი, ანდაც ბიოზე გადავიდნენ.

ამ მრავალრიცხოვანი, ბოლში გახვეული თანამედროვე ჰიპ ჰოპ პროდუქციიდან დენი ბრაუნის ტრეკი იმიტომ ამოვირჩიე, რომ ეს არტისტი პირადად მე ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ დენი ჰიპ ჰოპის ადრეული მონაპოვარის უტიფარ ექსპლუატაციას გაურბის და რაღაც სხვა თამაშებსაც თამაშობს. თუმცა, ამ ტრეკიდან გამომდინარე, ვატყობ, ერთი-ორი ნაფაზის შემდეგ მასაც "გლიუკები" ეწყება.

9. Brujeria - Don Quijote Marijuana

ეს პირქუში, გაამერიკელებული მექსიკელები გაქანებულ დეს მეტალს უკრავენ. ლათინოამერიკული მეტალი კი ხუმრობა არ გეგონოთ, ჩონჩხები და თავის ქალები მათთვის ისედაც საკრალურია, პლუს ინდიელებისგან შემორჩენილი შამანიზმი და ესპანეთიდან შემოტანილი სიკვდილის კულტი. მოკლედ, საკმაოდ მძიმე შემთხვევაა და "ბრუხერიაც" მისი ნაწილია.

რა მოწიეს ასეთი 1999 წლის იმ მშვენიერ დღეს, გაუგებარია, მაგრამ ფაქტია, რომ უცებ ისე გალაღდნენ და ამჩატდნენ, მოულოდნელად დენს, ლამის დისკო ტრეკი ჩაწერეს. ისე, ხანდახან მაინც ახსენდებათ თავიანთი სტატუსი და მოქმედებაში დისტორშენიანი გიტარაც მოჰყავთ, მაგრამ ამით ეს კომპოზიცია კიდევ უფრო კურიოზული ხდება. ვოკალი იმ გაზარმაცებული კანიბალის გროულინგს წააგავს, რომელიც მარხვაზეა შემჯდარი და დაბოლილი, დონ კიხოტის კითხვით იქცევს თავს. სახეზეა ნამდვილი კათარზისი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს მარიხუანის კეთილისმყოფელ გავლენას  ადამიანის ფსიქიკაზე. თუმცა, როგორც ჩემი ამერიკელი მეგობრები მიმტკიცებენ, მექსიკურ მარიხუანას თურმე მხოლოდ ბანძები ეწევიან.

8. ერეკლე დეისაძე - ხალხური 

ამ კომპოზიციის გარეშე ჩვენი სია არასრულყოფილი გამოვიდოდა. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად "მაღალმხატვრულია" ეს ნამუშევარი. ის ჩვენია, ჩვენზეა და ჩვენს პრობლემაზე და ეს ამ შემთხვევაში გადამწყვეტია. მორიგი ვიდეო-ტრეკი-ალიყური, რომელიც დეისაძემ ამოარტყა იმ ფსევდოქართულ იდენტობას, სადომაზოხიზმს რომ დაემსგავსა უკვე. რაც არ უნდა შესანიშნავი იყოს ხინკალი, ხანუმა (მუსიკა ამ სპექტაკლიდანაა) და დიმპიტაური (დამპიტაურიც), ნებისმიერი მონაპოვარი საბოლოოდ მაინც სიდებილედ იქცევა, როცა ამ ყველაფრის უპირობო გაფეტიშება ხდება. სწორედ ამაზეა ეს ავანტურისტულ-ინტრიგნული ნაწარმოებიც.

დეისაძე ყოჩაღი მელექსეა, ამიტომაც მისი ლირიკა კონკრეტულად არაფერზე და არავისზე აპელირებს. "ნარკატაკატა", რა თქმა უნდა, რეაქციაა, არა იმდენად მახინჯ ნარკოპოლიტიკაზე, რამდენადაც ამ სიმახინჯის მკვებავ მენტალობაზე. გამოსავალი კი არის "ფსიქო-დელია", რომელიც ქართული აკუსტიკური ჰედონიზმის ნარკოდეფინიციად შეიძლება, ჩაითვალოს და ლექსიკონშიც კია შესატანი. მუსიკალურად ეს ტრეკი აშკარად ჩამოუვარდება მის ადრეულ პროექტებს, უფრო ზედაპირულიცაა და პრიმიტიულიც, თითქოს ყველაფერი ნაუცბადევადაა გაკეთებული და ეშმაკურად კონიუნქტურულადაც. ეკოს ის, ალბათ, იმ ნარკო-ვნებათღელვისთვის უნდოდა დაემთხვია, პიკს რომ მიაღწია ხალხში მაშინ. მთავარი კი მაინც ისაა, რომ დეისაძე ერთადერთ სწორ გზას ადგას - ეძებს ახალ ქართულ აკუსტიკურ იდენტობას. ეს ძალიან რთული გზაა და ამ გზაზე ნებისმიერი მორიგი ნაბიჯი, არც თუ ისე წარმატებულიც კი, უპირობოდ გამართლებულია. 

7. J.J. Cale - Cocaine

ამ ლეგენდარულ სიმღერას მელომანები უმთავრესად ერიკ კლეპტონის შესრულებით იცნობენ. ერიკის ვერსიაში ის ისე ჟღერს, როგორც ნამდვილი ოდა კოკაინზე. ვინ ვინ და ყოფილმა მძიმე ნარკომანმა კლეპტონმა, წლები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე რომ დაიარებოდა, კარგად იცის კოკაინის ფასი. აი, ჯეი ჯეი კეილის ორიგინალი ვერსია გაცილებით ნაკლებად დრაივიანია. მასში კოკაინური ექსპანსიაც მინიმალურია და, შესაბამისად, ნაკლებად პოპულარულიცაა.

ფაქტია, რომ კეილთან კოკაინი რაღაცის მეტაფორაა და საერთოდ, მდედრობით სქესთანაა გაიგივებული. ალბათ, სწორედ აქედანაა ის ინტიმურობა და სირბილე მისი შესრულებიდან რომ მოდის. ჯეი ჯეი კეილი საოცრად უპრეტენზიო არტისტი იყო. სიმღერებსაც თითქოს მხოლოდ საკუთარი თავისთვის წერდა და ამიტომ არანაირი შოუბიზნესური ამბიციები არ აწუხებდა. ამ კომპოზიციაშიც მისი მინიმალისტური, არავირტუოზული გიტარა და ვოკალური ნარატივი მთლიანად ძველი სკოლის ბლუზითაა ინსპირირებული და ისეთივე ავთენტურია, ორიგინალური და არაკონკურენტუნარიანი. ამიტომაც ვამჯობინე კეილის "კოკაინი" კლეპტონისას.

6. Grandmaster Flash & Melle Mel - White Lines (Don’t Don’t Do it)

ეს ტრეკი თავდაპირველად ირონიულ კომენტარად იყო ჩაფიქრებული კოკაინის იმ ბუმზე, ნიუ იორკის კლუბებში რომ სუფევდა მაშინ, თუმცა, შემდგომში ის მწვავე ანტინარკოტიკულ სოციალურ სატირად გადაკეთდა. ეს არცაა გასაკვირი, ნარკოდამოკიდებულება ხომ ნამდვილ სტიქიურ უბედურებად იქცა ღვთის იმედად მიტოვებულ ნიუ იორკის უბნებში და ეს ყველაფერი კომპოზიციის ავტორების, რეპერ Мelle Мel-ისა და პროდიუსერ სილვია რობინსონის (პირველი ჰიპ ჰოპ ლეიბლის, Sugarhill Records-ის მფლობელის) თვალწინ ხდებოდა.

მთელი მუსიკალური აკომპანემენტი ნიუ იორკული ანდერგრაუნდის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივის, Liquid Liquid-ის ტრეკის Cavern ასლია, ცოცხლად გადაწერილი უკვე სტუდიური ბენდის მიერ. სწორედ ეს აძლევს კომპოზიციას იმ ფანკ-დინამიკას და დრამატულ ხიბლს, რომლის გარეშეც მელი მელის მწვავე ლირიკა ასე ეფექტურად ვერ იმუშავებდა. სხვათა შორის, ამ ჩანაწერზე შესანიშნავი ვიდეო აქვს გადაღებული მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტ სპაიკ ლის ლოურენს ფიშბორნის მონაწილეობით, მაგრამ ხარისხიანი ვერსია ვერსად მოვიძიე. თუმცა, არც VH1-ის კლიპი იქნებოდა ურიგო, ტრეკის ქრონომეტრაჟი რომ არ გაენახევრებინათ.

5. The Chemical Brothers - The Private Psychedelic Reel

ეს არის საკლუბო ელექტრონულ-ექსტატურ დრაგ კულტურაში ფსიქოდელიურ-ჰალუცინოგენური ელემენტის მძლავრად შეჭრის ერთ-ერთი პირველი წარმატებული მცდელობა. "ქიმიურმა ძმებმა" დროულად იგრძნეს საკლუბო ჰედონიზმში გაჩენილი ხვრელი და მჟავით ინსპირირებული ჰიპური ფსიქოდელიური თრიფებით შეავსეს. ამიტომაცაა, რომ მათი მუსიკა ხშირად ჟღერს, როგორც დეფორმირებული რეტრო. ეს ტრენდი უაღრესად მოდური გახდება მოგვიანებით და წმინდა წყლის კონიუნქტურადაც გადაიქცევა.

თავის დროზე LSD-თი ცნობიერების გაფართოება ახალი კონტინენტის აღმოჩენა-ათვისებას გავდა და მთელი ხიბლიც სწორედ იმაში იყო, რომ არავინ იცოდა, როგორ დასრულდებოდა ეს მოგზაურობა. დღეს ყველა კონტინენტი აღმოჩენილია, უსიამოვნო სიურპრიზებისგანაც ადვილია თავის დაზღვევა და ამიტომაცაა ნეოფსიქოდელია ხარისხიანი, მაგრამ სტერილური. ეს ძალიან კარგად ჩანს ამ ტრეკშიც, რომელშიც აკუსტიკურ თრიფს საკმაოდ მკაცრად აკონტროლებს დალუპული სემპლები და დისციპლინირებული ტექნო ბითები. ასეა თუ ისე, თუ გინდათ, მოძებნოთ ტერიტორია, სადაც შეხმატკბილებულად თანაარსებობენ მჟავა და ექსტაზი, მეგზურად თამამად შეგიძლიათ, ეს ტრეკი გამოიყენოთ.

4. The Velvet Underground - Heroin 

ამ კოლექტივის შემოქმედებაში ჟღერდობა და ფორმა მთლიანად სიმღერის შინაარსითაა ინსპირირებული. ამიტომაცაა, რომ, როცა თემაა კონტროვერსიული, სწორედ  მაშინ გარდაიქმნება მათი მუსიკა ისეთ ხისტ, ატონალურ აკუსტიკურ მასად, რომელიც მსმენელში დისკომფორტსა და გაუცხოების გრძნობას იწვევს. "ჰეროინი" სწორედ ასეთია. მისი ტექსტი გაჩხერილი ადამიანის მდგომარეობას აღწერს, რომელიც ერთდროულად ეიფორიაშიც იმყოფება, აუტანელი ყოფისგან შვებასაც პოულობს და ამავდროულად სრულ გაუცხოებასა და აპათიას განიცდის.

როცა ეს სიმღერა ჩაიწერა, ახალგაზრდა თეთრ ამერიკას ჰეროინზე ჯერ კიდევ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა. ალბათ, ამიტომ აღმოჩნდა მისთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი მუსიკაც, რომელიც ტექსტის სრული აკუსტიკური კვინტესენციაა - ისეთივე დაზაფრული, ნერვული, დეპრესიული და დამთრგუნველი. მაგრამ სულ რაღაც ორი-სამი წლის შემდეგ ეს ნარკოტიკი მასობრივად გავრცელდება, მათ შორის შოუბიზნესშიც და შედეგად, როკ-ენ-როლის საუკეთესო წარმომადგენელთა ნაწილი რეალობად აქცევს თავის უსაყვარლეს ლოზუნგს: "იცხოვრე სწრაფად, მოკვდი ახალგაზრდა". 

3. Jefferson Airplane - White Rabbit

ლუის კეროლის მიერ მე-19 საუკუნეში შექმნილი ფანტასმაგორიული ზღაპარი "ელისი საოცრებათა ქვეყანაში"  LSD-ის აპოლოგეტებისთვის ნამდვილი ბიბლიაა. თეთრი ბაჭია ამ ნაწარმოების საკვანძო პერსონაჟია. სწორედ ის მიუძღვება ცნობისმოყვარე გოგონას ჯადოსნურ-ირეალურ სამყაროში.

Jefferson Airplane-ის ეს სიმღერა-ჰალუცინაცია კეროლის წიგნის როკ-ენ-როლური ალუზიაა. ტრეკი სულ ორწუთნახევარი გრძელდება და მასში ნაკლებადაა ხანგრძლივი როკ-ფსიქოდელიური თრიფებისთვის დამახასიათებელი აკუსტიკური დეფორმაციები. ფსიქოდელიურ ეფექტს უწყვეტი კრეშჩენდო იწვევს - მუსიკა და ვოკალი სულ უფრო ძლიერდება, ინტენსიური ხდება და ფინალში კულმინაციას აღწევს. სიმღერაც, რომლის ტექსტში ისედაც უხვადაა ჰალუცინოგენური აბები, სოკოები და ჯადოსნური სითხეები, თანდათან სტანდარტულ ფორმას კარგავს და ბოლოში ერთიან აკუსტიკურ ნაკადად გარდაიქმნება. ეს კომპოზიცია სრულიად სამართლიანად ითვლება ფსიქოდელიური კონტრკულტურის ჰიმნად, ხოლო ელისად ქცეული გრეის სლიკის შესრულება, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც ქალებს როკ-ენ-როლში გაუკეთებიათ. 

2. Can - Mushroom

ითვლება, რომ ლეგენდარული გერმანული კრაუტროკ კოლექტივის მიერ 1971 წელს გამოცემული ეს კომპოზიცია პაციფისტური სულისკვეთებითაა განმსჭვალული და ბირთვული ომის საფრთხითაა ინსპირირებული. ეს არცაა გასაკვირი, ტექსტის ავტორი და ბენდის ვოკალისტი დამო სუძუკი თავისი ეპოქის შვილი იყო და მისი ჰიპური ანტიმილიტარისტულ-აპოკალიპტური მსოფლშეგრძნება  სრულიად გასაგებია. მაგრამ დამო, ამავდროულად, ათასი ჯურის დრაგის გაუმაძღარი მომხმარებელიც იყო და ესეც ორგანულად ჯდება იმ ეპოქის კონტექსტში. ვფიქრობ, ეს ობსკურული ტრეკი სწორედ ამ ორი ვექტორის გადაკვეთის შედეგია.

როგორც ჩანს, დამომ ვერ მოზომა და იმ რაოდენობით ჯადოსნური სოკოები გადაყლაპა, რომ კოშმარულ მოგზაურობაში გაემგზავრა, სადაც ბირთვული აფეთქების ეპიცენტრში მოხვდა. ალბათ, ამიტომაც ხედავს გადაწითლებულ ცაზე სოკოს უზარმაზარ თავ-ქუდს. ის, რომ სასოწარკვეთილია და სულ მკვდრები ელანდება, ესეც ფსიქოდელიური ბედ თრიფის ნიშანია. იაპონელ სუძუკის ჰიროსიმა-ნაგასაკის ტრაგედიაც ქვეცნობიერში ექნებოდა დალექილი და ესეც ზედაპირზე ამოუტივტივდა. ხოლო იმაზე, თუ როგორ შეუძლია Can-ს ცნობიერების ნაკადის უნიკალურ აკუსტიკურ ფორმებში გარდაქმნა, დღემდე დისერტაციები იწერება. 

1. John Lennon - Cold Turkey

Cold Turkey ინგლისურ ნარკო-სლენგზე ჰეროინით გამოწვეულ აბსტინენციას აღნიშნავს. ჯონ ლენონი თავის კომპოზიციაში სწორედ ამ მდგომარეობას აღგვიწერს. 1960-იანი წლების ბოლოს დრაგ-ექსპერიმენტების დიდი მოტრფიალე ლენონი დროებით ჰეროინზე შეჯდა. როდესაც გონს მოეგო, უკვე გვიანი იყო. "მიშველეთ და აღარაფერს დავაშავებ, გპირდებით, ყველაფერზე ვარ წამსვლელი, ოღონდ ამ ჯოჯოხეთიდან გამომათრიეთ", - მღერის არტისტი და იქიდან გამომდინარე, თუ როგორ არის ეს გმინვა მუსიკალურად ხორცშესხმული, ძნელია, ეჭვი შეგეპაროს მის გულწრფელობაში. 

ჩემი გემოვნებით, ეს ლენონის საუკეთესო ტრეკია, ხისტი და დაუნდობელი, იდეალურად ჩაწერილი. მისი და კლეპტონის გიტარები შესანიშნავად ჟღერენ - ლაკონურად, პედანტურად და ექსპანსიურად და მოგუდულ რიტმ-სექციასთან ერთად საგანგაშო, კლაუსტროფობიურ აკუსტიკურ გარემოს ქმნიან. ფინალისკენ "ლომკაში" მყოფი ლენონის სასოწარკვეთილი ვაი-ვიში და ოხვრა-კვნესა მოულოდნელად სექსუალურ ხასიათსაც იძენს და ეს სულაც არ მოდის დისონანსში სიმღერის საერთო განწყობასთან. ისე, მოგვიანებით, ლენონს უთქვამს, ნარკოტიკები არაფერ შუაშია, სინამდვილეში საშობაო ინდაურმა მომწამლა, მაგრამ ამაზე სიმღერა რომ დამეწერა, ხომ დამცინებდნენო. მოკლედ, ამ კაცისგან ვერასდროს გაიგებ, როდის ამბობს მართალს და როდის ტყუის.


0. Victoria Spivey - Dope Head Blues

ამერიკაში ნარკოტიკებისადმი მიძღვნილი სიმღერები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იქმნებოდა, როგორც ბლუზში, ასევე ჯაზსა და ქანთრი-ფოლკშიც კი. ეს კომპოზიციაც 1927 წელს იმ ეპოქის ნომერ პირველმა ბლუზ შემსრულებელმა ქალმა, ვიქტორია სპივიმ დაწერა. ტექსტი, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო აქვს ამ თემაზე შექმნილ სიმღერებს შორის - ირონიული, სასაცილო და კურიოზული.

"მომეცი კიდევ ერთი ხაზი გასაყნოსად და მე დავიჭერ ძროხას, როგორც კოვბოი, მოვათვინიერებ ხარს ლასოს გარეშე", - სიმღერა მოგვიანებით 30-იანი წლების უპოპულარულეს მულტსერიალში "ბეტი ბუპ" გამოიყენეს, რომლის თავარი პერსონაჟიც თავაშვებული, ვულგარული ქალია, დრაგებისა და მუსიკის დიდი მოყვარული. 1938 წლისთვის ეს ანიმაცია ცენზურამ აკრძალა, კანონმდებლობამ კი ნარკოტიკული საშუალებების წარმოება-გაყიდვა. აი, ასეთ სევდიან ნოტაზე სრულდება ჩვენი ნარკოეპოპეა. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული