Thumbnail

5 არტისტი, რომელსაც უემოციო მსმენელთა წინაშე მოუხდა გამოსვლა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

როგორც წესი, პოპულარული მუსიკოსების კონცერტებზე მოწყენისა და უხალისობისთვის ადგილი არ რჩება. თუმცა, ხანდახან მსმენელები არტისტების ყველაზე ენერგიულ გამოსვლებსაც კი სრულიად უემოციოდ ხვდებიან, რაც უხერხულ და ტრაგიკომიკურ სიტუაციებს ქმნის. ჩვენს სტატიაში სწორედ ასეთ ხუთ შემთხვევას წარმოგიდგენთ.

5. Metallica

ამ ლეგენდარული კოლექტივის კონცერტები საოცარი ატმოსფეროთი გამოირჩევა, თუმცა, 2016 წელს ნიუ იორკში გამართული შოუ მსგავსი შემთხვევების რიგს არ მიეკუთვნება. საქველმოქმედო ფესტივალზე Global Citizen ძირითადად პოპვარსკვლავები გამოდიან, შესაბამისად, ისეთი აუდიტორია იკრიბება, რომლის დიდ ნაწილსაც "მეტალიკას" წევრები მხოლოდ მაისურებზე ან პოსტერებზე თუ უნახავს. სწორედ ამიტომ, მსმენელები ჯგუფს სათანადოდ ვერ აჰყვნენ - ზოგი სმარტფონს სქროლავდა, ზოგი მუსიკოსებს მოწყენილი შეჰყურებდა, შედარებით აქტიური ნაწილი კი ისე იქცეოდა, მათ შემხედვარეს შეიძლებოდა გეფიქრათ, რომ სცენაზე საკულტო მეტალ ბენდის ნაცვლად, რომელიღაც ბოიბენდი იდგა.

4. Charli XCX

წინასწარ უნდა ითქვას, რომ ინგლისელ პოპვარსკვლავს 2013 წელს განცდილ ამ ფიასკოში ბრალი ყველაზე ნაკლებად მიუძღვის. ფესტივალ Melt!-ზე Charli XCX სცენაზე ბოლომდე დაიხარჯა და აუდიტორიის გასართობად თავი არ დაუზოგავს, თუმცა, უხასიათო მსმენელებმა აქტიურობისკენ მოწოდებები ერთ ყურში შეუშვეს და მეორედან გამოუშვეს, ჰიტის I Love It შესრულებისას კი, არტისტის მცდელობის მიუხედავად, კომპოზიციის ტექსტს სულ რამდენიმე ადამიანი თუ აჰყვა. ჩარლის მთელი კონცერტის განმავლობაში სახეზე უკმაყოფილება ეწერა და დამსწრეებსაც გულწრფელად განუცხადა, როგორც ჩანს, ტყუილად მეგონა, რომ ეს სიმღერა გერმანიაში პოპულარობით სარგებლობდაო.

3. Desiigner

ბრუკლინელ ჰიპ ჰოპ არტისტს თავისი ენერგიული პერფორმანსებით მსმენელთა გამოცოცხლება არ უჭირს, თუმცა, 2017 წელს გრემის დაჯილდოებამდე მოწყობილ წვეულებაზე სრულიად საპირისპირო რამ მოხდა. დიდი მონდომების მიუხედავად, რეპერმა კორპორატიული საღამოს დამსწრეები ვერაფრით აიყოლია. ისინი სცენაზე მისი სახელის გამოცხადებასაც კი ისეთი გულგრილობით შეხვდნენ, რომ რამდენიმე წამით ჩამოვარდნილ უხერხულ სიჩუმეში ბუზის გაფრენის ხმასაც გაიგებდით. საბოლოოდ, კონცერტი იმდენად კატასტროფული აღმოჩნდა, რომ Desiigner-ის მენეჯერებმა ინტერნეტიდან მისი ამსახველი ვიდეორგოლების გაქრობა დაიწყეს. სწორედ ამიტომ გვიწევს თქვენთვის ამ ჩანაწერის წარდგენა.

2. Black Sabbath

2005 წელს საკულტო როკ კოლექტივი ბრიტანული მუსიკის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ამ მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიების ოფიციალური ხასიათიდან გამომდინარე, მას უმეტესად მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც ბენდს მხარი ვერ აუბეს. ჯგუფის ფრონტმენმა, საფირმო პირდაპირობით განთქმულმა ოზი ოსბორნმა მსმენელებს რამდენჯერმე განუცხადა, რომ მათი პასიურობა არ მოსწონდა. კომპოზიციის Paranoid შესრულებისას კი "ბნელეთის პრინცად" მონათლულმა არტისტმა საკუთარი განწყობის უფრო ნათლად სადემონსტრაციოდ შარვალი ჩაიხადა და აუდიტორიას (რომელშიც მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ) საჯდომი მიუშვირა, რასაც ერთსულოვანი ხარხარი და ოვაციები მოჰყვა.

1. Ja Rule

ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი ჯეფრი ატკინსი, იგივე Ja Rule, გასულ ათწლეულში საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობდა, თუმცა, დროთა განმავლობაში მისმა პოპულარობამ ნელ-ნელა იკლო, ფესტივალ Fyre-ზე მომხდარმა სკანდალმა კი მუსიკოსის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. 2019 წლის 23 თებერვალს მის მიერ საკალათბურთო მატჩის ტაიმებს შორის გამართული შოუ კრახით დასრულდა. დამსწრეები პერფორმანსის მიმართ სრულიად გულგრილად იყვნენ განწყობილნი და თამაშის განახლებამდე აშკარად ვერ ითმენდნენ. ერთ-ერთი კომპოზიციის დაწყებამდე რეპერმა ტრიბუნებს ომახიანად შესძახა, აბა, მზად თუ ვართო, სამარედ ქცეული მსმენელების შემხედვარემ კი დანაღვლიანებული სახით თავადვე დააყოლა, როგორც ჩანს, არაო. დაგვეთანხმებით, იშვითად სევდიანი და უხერხული სცენაა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული