Thumbnail

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორის, სამოქალაქო აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის 5 საყვარელი კომპოზიცია. 

ბოლო ორი თვეა, პატრიოტულ ტალღას ვხედნი და მოდი, მუსიკაც ამის შხეფები იყოს, სანამ სერფინგი სამშვიდობოზე გასვლით ან ზვიგენის ყბაში ჩავარდნით დასრულებულა. ცვალებადი განწყობების გამო ტოპ-ლისტების კეთება ყოველთვის მიჭირს (popmusic-ის ხელმძღვანელი დამემოწმება, ამიტომ კარგი იქნება, მისდამი ბოდიში აქვე უკვდავვყო), მაგრამ არჩევანის ქართულამდე დაწვრილება და მიმდევრობის ეპოქებით დალაგება მაშველი რგოლია.

OK, დავიწყოთ:

5. ბასიანი - ჩოჩხათურა

ჩოჩხათურა სოფელია გურიაში, ნადური მინდორში მუშაობისას გადაძახილ-გადმოძახილში შექმნილი სასიმღერო ჟანრი. ეს სიმღერა ანსამბლმა "ანჩისხატმა" აღადგინა, მაგრამ მე "ბასიანის" შესრულებით უფრო მომწონს. მეექვსე წუთიდან მოისმინეთ და აღმოაჩენთ, ფოკლორში ე.წ. ლუპები გვქონია, რომლებიც ელექტრონულ მუსიკას აღმოსაჩენი აქვს. ყოველ შემთხვევაში ასე ვუმტკიცებდი ჰექტორ ოუქსს, როცა ამას ვასმენინებდი.

ბიორკმა "ანჩისხატის" შესრულებით მოისმინა და ბევრი მოწმის თანდასწრებით თქვა: This is the best piece of music I’ve ever heard, ანუ ცხოვრებაში ამაზე უკეთესი არაფერი მომისმენიაო. იცოდით? – არ იცოდით. ჰოდა, იცოდეთ. 

4. დიელო - მუხამბაზი

ერთი თამაში მოვიგონე: ვრთავ ამას და ვინც გარშემოა, ვთხოვ, გამოიცნოს ეპოქა და ქვეყანა. ლირიკის შემოსვლამდე ერთი წუთია და მიყვარს გაკვირვება სახეებზე.

ეს 1975 წლის ჩანაწერია. გიტარისტს, ალბათ, "ორბორტიანი კასტუმი" ემოსა, მაგრამ აშკარაა, სოლოს გაწურვისას მისი სული დასავლეთის თბილი ქვეყნებისკენ ფრენდა, სანამ გაახსენდებოდა, რომ პერესტროიკა-ოტტეპელის წინარე პერიოდში მაინც "პარიადოკში" უნდა ჩამდგარიყო და უცებ მიწდებოდა. დააკვირდით თქვენც, ამასაც და "ქართულებისთვის" დასარტყამების საკმაოდ არასახასიათო რიტმსაც.

3. ირაკლი ჩარკვიანი - ვირთხა

80-იანებს განგებ გამოვტოვებ, ბოლო ორი ადგილი ჩემი ტომის ახალგამოსული სიმღერებისთვის მინდა, ბოდიში კახიძეს. 

და თუ 90-იანები, მაშინ - ჩარკვიანი. და თუ ჩარკვიანი, მაშინ "ვირთხა". სიმღერას წამძღვარებული ეპიგრაფი "რეაქტიული კლუბის" სერიიდან არის, სადაც ერთ-ერთი მოგონილი ავტორი, სხვათა შორის, შოთა გაგარინი იყო. სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩემი მეტსახელი, თუ გაინტერესებდათ. პანკის ჭუჭყიან, აგრესიულ აკომპანემენტსა და იმპროვიზაციულ ლირიკას შორის ადგილებს ცხოველური ზმუილი ავსებს, რომელშიც, ვფიქრობ, ეპოქის სულია გამომწყვდეული. ეს სიმღერა ჩემთვის 90-იანების "ცაიტგაისტია". 

2. KayaKata - Polo Palace

ზურა ჯიშკარიანს თინეიჯერობაში მივაგენი. მაშინ ინტერნეტი ახალი ხილი იყო, მაგრამ უკვე არსებობდა პორტალი literatura.ge, სადაც უცებ მისი ლექსები დაიდო ფორუმზე. როცა ავტორი ცოცხლად ვიპოვე, გაუკვირდა, რომ ამ საიტზე საკულტო კლასიკად ქცეულიყო. მე ახლაც ვფიქრობ, რომ მისი პირველი კრებული "კაპიტანი კირკი ტოვებს პლანეტას" (თვითგამოცემაა, მწვანე ყდით) ქართული პოეზიის შანსი იყო, ეპოვა თაობის იდიოსინკრატული ხმა. შანსი გაიმაზა, რადგან ზურა მიხვდა, რომ გოგოები მუსიკაზე უფრო იკერებოდნენ და გიტარაზე დაკვრა ისწავლა.

მერე იყო პანკი (Eva), სინთპოპი (Kung Fu Junkie) და ბოლოს - ჰიპ ჰოპს განგებ არ ვამბობ - ლირიკული KayaKata, სადაც ზურა ისევ პოეტად აღზევდა თავის ტომთან, კიდევ უფრო ახალი თაობის ხმასთან, მაქსთან და გულისცემასთან - საბანასთან ერთად. ამ ალბომს ბოლო ერთი წელია ველი. ჯერ ნაწილი გამოუშვეს, მაგრამ მადლობა ღმერთს იმ სიმღერით, რომელიც მეჩქარებოდა.   

1. Eko & Folio - თერაპია

ერეკლეს და ვინდას სიმღერა დღეს დაიდო. მოგეხსენებათ, ამ ბიჭებმა შეუძლებელი მოახერხეს, მათ ფრანგული პოსტ პანკ ლეიბლი Talitres არელიზებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა თანამედროვე ქართული სიმღერა უცხოურ ლეიბლზე ხვდება და თან როგორზე - Destroyer-ისა და Motorama-ს გამომცემელზე. გამოდის, თანამედროვე ქართულ ინტონაციას ეკომ და ვინდამ გაუკვალეს გზა მსოფლიოში. 

ამ სიმღერასაც, წინასი არ იყოს, წელზე მეტია, ველი და კარგია, რომ ზაფხულის ნარჩენებს მოუსწრო, სანაპიროს მოუხდება. ერთი სახალისო ამბავი: რამდენიმე წლის წინ ეკოს ვუთხარი, ბევრი ამათზე პოპულარული სიმღერა გაქვთ, მაგრამ "აგურით ხელში" და "ანათებ" განსაკუთრებულია-მეთქი. ცოტა ხანში "ტალიტრმა" ზუსტად ეს ორი სიმღერა გამოსცა. ახლა "თერაპიას" ვუწინასწარმეტყველებ დიიიიიიდ საერთაშორისო წარმატებას. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული