Thumbnail

დააკავეს დილერი, რომელმაც მაკ მილერს მოტყუებით ფენტანილი მიჰყიდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პიტსბურგელი რეპერის, მალკოლმ ჯეიმს მაკკორმიკის, ფსევდონიმით Mac Miller, გარდაცვალების საქმეზე დილერი დააკავეს, რომელიც მას ნარკოტიკებით ამარაგებდა. გამოძიების ვერსიით, 28 წლის კამერონ ჯეიმს პიტმა 2018 წლის 5 სექტემბერს მუსიკოსი მოატყუა და ოქსიკოდონის ნაცვლად ფენტანილის შემცველი აბები მიჰყიდა, რომელიც მორფინზე 100-ჯერ ძლიერია. არტისტმა მისგან ასევე ქსანაქსი და კოკაინი შეიძინა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ოთხშაბათს კალიფორნიაში დააკავეს. მას აკრძალული ნივთიერების რეალიზაციას ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

► მოუსმინეთ: 88-Keys-ის ტრეკში That's Life რეპერი Mac Miller მონაწილეობს 

► მოუსმინეთ: Free Nationals-ის ახალ ტრეკში Time მაკ მილერი მონაწილეობს 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც კამერონმა მისი კლიენტის, მაკ მილერის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, სოციალურ ქსელში დაწერა: "არ ვარ კარგი ადამიანი. დიდი შანსია, ციხეში მოვკვდე". ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კამერონ ჯეიმს პიტი

მაკ მილერი 2018 წლის 7 სექტემბერს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გარდაიცვალა. ლოს ანჯელესის ოლქის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 26 წლის მუსიკოსის სხეულში ოპიოიდური საშუალება ფენტანილი, ასევე, კოკაინი და ალკოჰოლი აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ფენტანილს ემსხვერპლნენ ლეგენდარული მუსიკოსები პრინსი და ტომ პეტი, ასევე, რეპერი ლილ ფიფი.

მაკ მილერის შემოქმედება 5 ალბომს აერთიანებს. მათ შორის ყველაზე წარმატებული პირველი, Blue Slide Park გახლავთ, რომელიც ბილბორდის მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. ეს მიღწევა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მაკ მილერმა სტუდიური ჩანაწერი დამოუკიდებლად, ლეიბლის გარეშე გაავრცელა. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Tha Dogg Pound 1995 წლის ალბომის Dogg Food შემდეგ, მალკოლმი პირველი რეპერი იყო, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. 

გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე მაკ მილერის უკანასკნელი ალბომი Swimming გამოვიდა, რომელმაც რეპერის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელი შემატა. სტუდიური ნამუშევარი მუსიკის კრიტიკოსებმაც აღიარეს და ჩანაწერი 2018 წლის გრემის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო რეპ ალბომის" ნომინაციაზე წარადგინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული