Thumbnail

popmusic-ის ყოველთვიურ რუბრიკაში ქართველი მუსიკოსების მიერ სექტემბერში გამოშვებულ ათ ყველაზე საინტერესო კომპოზიციას გთავაზობთ.

10. Vodka Vtraiom - მონა ლიზა

2004 წელს დაარსებულმა პანკ ჯგუფმა Vodka Vtraiom სექტემბერში ახალი სიმღერა "მონა ლიზა" გაავრცელა. კოლექტივის შემადგენლობაში ლევან მანაგაძე, დათო ცომაია, შოთა მამულაშვილი, ალექს ჩაჩავა და საბა ვაშაყმაძე შედიან.

9. Sandro Bibich - Sudden Serenity

ახალგაზრდა მუსიკოსმა სანდრო კვაჭაძემ, სასცენო სახელით Sandro Bibich, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" ახალი კომპოზიცია Sudden Serenity შეასრულა.

8. Generali Minerali - Spider Web

ქართველმა დიჯეიმ და პროდიუსერმა, გიორგი ჯინჭარაძემ, პროექტ Generali Minerali-ს ფარგლებში, ახალი კომპოზიცია Spider Web გაავრცელა.

7. სტეფანე - მოდუნდი ft. DRO

პოპ შემსრულებელმა სტეფანემ კომპოზიციის "მოდუნდი" განახლებული ვერსია ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტ სანდრო ფოფხაძესთან, იგივე DRO-სთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში "აკუსტიკა" შეასრულა.

6. Bobby Kensei - Sushi ft. Lunacat

შემოქმედებითმა გაერთიანებამ LTFR რევაზ ხარჩილავას, ფსევდონიმით Bobby Kensei, ახალი კომპოზიცია Sushi გაავრცელა. ახალგაზრდა არტისტის ჩანაწერში პოპულარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრი, მაქსიმე მაჩაიძე, იგივე Lunacat მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი თავად ბობი კენსეი გახლავთ.

5. Kordz & Natalie Beridze - Half-Tone Bubbles

ალექსანდრე კორძაიამ, ფსევდონიმით Kordz და ტუსია ბერიძემ ახალი კომპოზიციის Half-Tone Bubbles კლიპი გაავრცელეს, რომელიც ნიკა მაჩაიძემ გადაიღო. ტრეკი მათ მომავალ ერთობლივ ალბომში Celebrity Clouds იქნება წარმოდგენილი, რომელსაც 3 ოქტომბერს ქართული ლეიბლი CES Records გამოსცემს.

4. Bedford Falls - Post Soviet Post Morter

როკ ჯგუფმა Bedford Falls კომპოზიცია Post Soviet Post Morter და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის მომავალ ალბომში This is Your House იქნება წარმოდგენილი, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა.

3. Kayakata - კარგი ბავშვი ცუდი ბავშვი ft. TurboHikari

წარმატებული სადებიუტო ალბომის "სადაა" შემდეგ, პოპულარულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა KayaKata პირველი ახალი კომპოზიცია "კარგი ბავშვი ცუდი ბავშვი" გამოაქვეყნა. ჩანაწერში შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის კიდევ ერთი წევრი TurboHikari მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი კი ტრადიციულად SABANADZE გახლავთ.

2. Eko & Vinda Folio - ნისლიანი

ქართველი არტისტების, ერეკლე დეისაძისა და თემურ ეზუგბაიას პოსტ პანკ პროექტმა Eko & Vinda Folio ახალი კომპოზიცია "ნისლიანი" გაავრცელა. სიმღერა მუსიკოსების სადებიუტო ალბომში "თერაპია" შედის, რომელიც გაყიდვაში 20 სექტემბერს ჩაეშვა.

1. Creams - Die 4 You

ნათია ჭიჭინაძემ, ფსევდონიმით Creams, ახალი კომპოზიცია DIE 4 YOU და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპის ავტორი ბუბა ბებოშვილია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული