Thumbnail

რინგო სტარმა ჯონ ლენონის მკვლელობის დღე გაიხსენა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ყოფილმა დრამერმა, რინგო სტარმა გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში გაიხსენა, რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც ჯონ ლენონის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

► ნახეთ: რინგო სტარმა და პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონის სიმღერა Grow Old With Me დააქავერეს

► მარკ ჩეპმენი ლენონის მკვლელობაზე: უფრო და უფრო მრცხვენია იმის, რაც ჩავიდინე

► ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე უარი მეათედ უთხრეს

"როდესაც ჯონი მოკლეს, ბაჰამის კუნძულებზე ვიყავი. ლოს ანჯელესიდან ჩემმა გერმა დამირეკა და მითხრა, ჯონს რაღაც შეემთხვაო. მოგვიანებით კიდევ ერთხელ დამიკავშირდა და გამიმხილა, ჯონ ლენონი მოკვდაო. არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მაშინვე თვითმფრინავისკენ გავემართე. მიდიხარ ნიუ იორკში და არ იცი, რისი გაკეთება შეგიძლია. შევედი მის სახლში. "რისი გაკეთება შეგვიძლია?", - ვკითხე იოკო ონოს. "თქვენ შეგიძლიათ, ჩვენს შვილთან, შონთან ერთად დაუკრათ. ის დატვირთეთ", - გვიპასუხა. ასეც მოვიქეცით. ახლა ალბათ ფიქრობთ - ამჟამად რას აკეთებთ?", - მიმართა რინგო სტარმა ჟურნალისტს.

1980 წლის 8 დეკემბერს მარკ დევიდ ჩეპმენმა 40 წლის ჯონ ლენონს ნიუ იორკში, მის სახლთან ხუთი ტყვია ესროლა. ამის შემდეგ ის ტროტუარზე ჩამოჯდა და ჯერომ სელინჯერის რომანის "თამაში ჭვავის ყანაში" კითხვა დაიწყო. ლენონი საავადმყოფოში მიყვანისას, ძლიერი სისხლდენით გარდაიცვალა. ადგილზე მისული სამართალდამცველებისთვის ჩეპმენს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. "ბითლზის" ყოფილი წევრის მკვლელობისთვის მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული