Thumbnail

Queen-ის სიმღერა, რომლის მოსმენაც ფრედი მერკურის დედას გულს ტკენდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

24 ნოემბერს ლეგენდარული Queen-ის ფრონტმენის, ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან 28 წელი გავა. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში მისი დედის, ჯერ ბულსარას ნაკლებად ცნობილი ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე საუბრობს. ამასთან, ჟურნალისტთან საუბარში ჯერი აღნიშნავს, რომ მისთვის კოლექტივის 1975 წლის სინგლის Bohemian Rhapsody მოსმენა განსაკუთრებით მძიმეა.

► Queen-ის ახალი აპლიკაციით გაიგებთ, რამდენად შეგიძლიათ ფრედი მერკურის მსგავსად სიმღერა

► Bohemian Rhapsody ყველაზე ძველი ვიდეოა, რომელსაც იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს

► სიმღერის ისტორია: Bohemian Rhapsody

"მაშინ მაღაზიებში შესვლისას აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი - ირგვლივ, ყველგან Bohemian Rhapsody-ს ფირფიტები ელაგა. ერთი ვიყიდე და ძალიან ნასიამოვნები ვიყავი, რომ ჩემი შვილის ნამუშევარს ქვეყნის ტოპ კომპოზიციის სტატუსი ჰქონდა. ახლა, ამ სიმღერის მოსმენისას ყოველ ჯერზე ტკივილს ვგრძნობ. ფრედი ღმერთს უყვარდა და სურდა, თავისთან წაეყვანა. ამით ვიმშვიდებ თავს. არცერთ დედას არ უნდა, შვილის სიკვდილს მოესწროს. თუმცა, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მან სამყაროსთვის იმაზე მეტის გაკეთება მოახერხა, რასაც ბევრი ადამიანი 100 წელი ვერ შეძლებს", - ამბობს ჯერი 2012 წელს ჩაწერილ ინტერვიუში.

ჯერი ბულსარა 2016 წლის 20 ნოემბერს, 94 წლის ასაკში, ფრედის სიკვდილიდან 25 წლის თავზე გარდაიცვალა.

ფრედი დედასთან ერთად

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა. არტისტი შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული