Thumbnail

The Beatles-ის სიმღერები, რომლებიც ჯონ ლენონის გარეშე ჩაიწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის შემოქმედებაში არაერთი ნამუშევარი გვხვდება, რომელიც კოლექტივის ამა თუ იმ წევრის გარეშეა ჩაწერილი. ყველაზე ხშირად ლივერპულურ ოთხეულს ჯონ ლენონი აკლდა, რომელიც ზოგ შემთხვევაში სტუდიაში საერთოდ არ იმყოფებოდა, ზოგჯერ კი სხვის დაწერილ კომპოზიციას იწუნებდა და სესიებს შორიდან ადევნებდა თვალს.

The Beatles-ის 9 სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონს სძულდა

წარმოგიდგენთ სიმღერებს, რომლებსაც პოლ მაკკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი ჯონ ლენონის გარეშე ასრულებენ:

Here Comes the Sun (1969)

"ბითლზის" მე-11 ალბომში Abbey Road შესული კომპოზიცია, რომელიც ჰარისონის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია, ლენონის გარეშე იმ მიზეზით ჩაიწერა, რომ არტისტი შოტლანდიაში მომხდარი ავარიის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და სტუდიაში მისვლა მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც სიმღერის მიქსინგი იყო დარჩენილი.

Maxwell's Silver Hammer (1969)

ეს კიდევ ერთი ჩანაწერია სტუდიური ნამუშევრიდან Abbey Road, რომელშიც ჯონ ლენონს მონაწილეობა არ მიუღია. მართალია, მუსიკოსს ავარიის შემდგომი რეაბილიტაცია დასრულებული არ ჰქონდა, თუმცა, სიმღერაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როცა სტუდიაში მივიდა. პოლმა მას ბექ ვოკალის ჩაწერა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. წლების შემდეგ ჯონმა მაკკარტნის კომპოზიციაზე საუბრისას განაცხადა:

"ავარიის შემდეგ თავს ისევ სუსტად ვგრძნობდი. ტრეკის დიდი ნაწილი უკვე მზად იყო. მასზე მუშაობამ რინგო და ჯორჯი კინაღამ გადაიყოლა. მეზიზღება ეს სიმღერა, რადგან მახსენდება, რომ პოლი მილიონჯერ ეცადა, ჩაგვეწერა. ყველაფერს აკეთებდა, რომ სინგლად ექცია, მაგრამ ის არასდროს ყოფილა კარგი კომპოზიცია და ვერც გახდებოდა ასეთი. არადა, იმდენი ფული დავახარჯეთ, რამდენიც ალბომის სხვა სიმღერებს ჯამში არ დასჭირვებია", - აღნიშნა ჯონმა 1980 წელს მწერალ დევიდ შეფთან ინტერვიუში.

Golden Slumbers (1969)

კომპოზიცია, რომელსაც ასევე გამოაკლდა მუსიკოსი, პოლ მაკკარტნის ნამუშევარია სახელწოდებით Golden Slumbers. ის ალბომის Abbey Road მეორე ნაწილშია წარმოდგენილი. სიმღერა კოლექტივმა ტრეკ Carry That Weight-თან ერთად ჩაწერა, თუმცა, ლენონმა, ავარიის შემდგომი რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ, თავისი ვოკალი მხოლოდ ამ უკანასკნელს დაადო.

Savoy Truffle (1968)

"ბითლზის" კიდევ ერთი სიმღერა, რომლის ჩაწერაშიც ლენონს წვლილი არ მიუძღვის, White Album-ში შესული Savoy Truffle-ია. ჯორჯ ჰარისონმა ის თავისი მეგობრის, ლეგენდარული მუსიკოსის, ერიკ კლეპტონის შოკოლადისადმი სიყვარულს მიუძღვნა. კომპოზიციის ტექსტში ჰარისონი მას აფრთხილებს, რა შედეგამდე შეიძლება, მიიყვანოს დიდი რაოდენობით ტკიბილეულის მიღებამ:

You'll have to have them all pulled out, After the Savoy truffle.

"სავოიური ტრიუფელების ჭამას თუ გააგრძელებ, უკბილო დარჩები", - მღერის ჰარისონი ელექტროგიტარის თანხლებით, ბექ ვოკალსა და ბასის პარტიას პოლ მაკკარტნი ასრულებს, რინგო სტარი კი დრამზე უკრავს.

I Me Mine (1970)

ჯგუფის უკანასკნელ ალბომში Let It Be შესული I Me Mine ბოლო ახალი სიმღერა იყო, რომელიც "ბითლზმა" დაშლამდე ჩაწერა. როდესაც ჯორჯ ჰარისონმა 1969 წელს თავისი ნამუშევარი კოლექტივის წევრებს მოასმენინა, ჯონს დიდი ინტერესი არ გამოუჩენია, ხოლო, როცა დანარჩენი წევრები კომპოზიციაზე მუშაობას შეუდგნენ, მან იოკო ონოსთან ერთად ვალსის ცეკვა დაიწყო. სწორედ ეს კადრები მოხვდა კოლექტივის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში Let It Be. სტუდიაში სესიების დროს კი, ლენონი იოკოსთან ერთად დანიაში ისვენებდა. მას ამ დროს პოლისთვის, ჯორჯისა და რინგოსთვის უკვე გამხელილი ჰქონდა, რომ ბენდის დატოვებას აპირებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული