Thumbnail

მიკ ჯაგერი: არ მინდოდა, The Rolling Stones-ის ეს სიმღერები გავრცელებულიყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი The Rolling Stones ოთხ სექტემბერს 1973 წლის ალბომის Goats Head Soup ბოქს-სეტს Goats Head Soup (2020 Deluxe) გაავრცელებს. ნამუშევარში ბონუს ტრეკების სახით შევა All the Rage, Criss Cross და Scarlet, რომლებიც ამერიკულმა მუსიკალურმა კორპორაციამ Universal Music Group კოლექტივის არქივში აღმოაჩინა. გაზეთ The Sunday Times-თან ინტერვიუში ჯაგერი გამოტყდა, რომ ჩანაწერის განახლებულ ვერსიაში ამ კომპოზიციების შეტანის იდეით თავდაპირველად უკმაყოფილო დარჩა, რადგანაც მიაჩნდა, რომ ისინი საშინლად ჟღერდა.

The Rolling Stones ლონდონში სექტემბერში საკუთარ მაღაზიას RS No.9 გახსნის

ნახეთ: The Rolling Stones კომპოზიციას Criss Cross ავრცელებს

"მითხრეს, ეს სამი ტრეკი ვიპოვეთო. მე კი ვუპასუხე, არ ვარგა, საშინელებაა. ყოვლად გამოუსადეგარია-მეთქი. ასეთია ხოლმე ჩემი პირველი რეაქცია. სინამდვილეში ეს კომპოზიციები ყოველთვის მომწონდა. უბრალოდ, ისინი დაუსრულებელი იყო", - აღნიშნა 77 წლის მუსიკოსმა. ჯაგერმა აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც დაარწმუნეს, რომ ამ სიმღერებზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცემოდა.

კომპოზიციების თავდაპირველი ვერსიები ჯგუფმა 70-იან წლებში, Goats Head Soup-ის სესიების დროს ჩაწერა, თუმცა, ალბომში აღარ შეუტანია და არც ცალკე გამოუქვეყნებია. აღსანიშნავია, რომ ახლახან გავრცელებულ სიმღერაში Scarlet ლეგენდარული ბრიტანული ბენდის Led Zeppelin გიტარისტი, ჯიმი პეიჯი მონაწილეობს.

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 30-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში ჩატარებული ტურნე A Bigger Bang Tour, 558 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლით, კომერციულად წარმატებული ტურნეების ტოპ ათეულში მესამე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული