Thumbnail

რატომ მიიყვანა The Notorious B.I.G. ცრემლებამდე მაიკლ ჯექსონთან შეხვედრამ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მაიკლ ჯექსონმა, თავის მეცხრე ალბომში Dangerous შესული კომპოზიციის This Time Around ჩაწერისას, ეპოქალურ ჰიპ ჰოპ არტისტ ნოტორიოს ბიაიჯისთან ითანამშრომლა. როგორც 2018 წელს გამოცემულ ბიოგრაფიულ წიგნში Michael Jackson: All the Songs: The Story Behind Every Track არის მოთხრობილი, მაიკლმა და მისმა პროდიუსერმა, დალას ოსტინმა ჩათვალეს, რომ ტრეკის ჟღერადობა ბიგის ფლოუს მოუხდებოდა და რეპერს ნამუშევარში მონაწილეობა შესთავაზეს. მან მომღერალს საკუთარი რეჩიტატივის ცენზურადადებული და უცენზურო ვერსიები გაუგზავნა. მაიკლის მოწონება უკანასკნელმა დაიმსახურა, რის შემდეგაც სტუდიაში სესიები დაინიშნა. ხმის ინჟინერმა, ჯონ ვან ნესტმა, რომელმაც შემსრულებლებთან იმუშავა, გაიხსენა, როგორ ელოდა ბიგი ჯექსონთან შეხვედრას.

მოუსმინეთ: The Notorious B.I.G.-ის უცნობი რეჩიტატივი გავრცელდა

"მე და დალასი ბიგის სტუდიაში ველოდით. დროულად მოვიდა. იმ დროს ის უკვე საკმაოდ პოპულარული იყო და ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა. წარმოდგენა არ მქონდა, ურთიერთობაში როგორი იქნებოდა, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. სტუდიაში შემოსვლისთანავე წამოროშა - "დალას, მაიკლს თუ შევხვდებიო". შემდეგ კი მოგვიყვა, რამდენს ნიშნავდა მისთვის ეს შესაძლებლობა, აგრეთვე განაცხადა, რომ ჯექსონი მისი გმირი იყო", - იხსენებს ნესტი.

როგორც გამოცემა Cheatsheet ჯონ ვან ნესტის მონათხრობზე დაყრდნობით წერს, მას შემდეგ, რაც ბიაიჯიმ ვერსის მეორედ ჩაწერა დაასრულა და მაიკლთან შესახვედრად უნდა წაეყვანათ, რეპერს ცრემლები წამოსცვივდა.

"ეს არის ჯექსონის ეფექტი, რომელიც მას ბევრ ადამიანზე მოუხდენია. იმის მიუხედავად, რომ ბიაიჯის სესია სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ის მაინც ძალიან ბედნიერი იყო, რომ ამ კომპოზიციის ნაწილი გახდა", - ციტირებს გამოცემა ნესტის სიტყვებს.

1995 წელს გამოშვებულმა კომპოზიციამ კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა, განსაკუთრებულ კომერციულ წარმატებას ვერ მიაღწია. სინგლი ბილბორდის ცხელი ასეულის მიღმა დარჩა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული