Thumbnail

The Beatles-ის თითოეული წევრის ფავორიტი ალბომი ჯგუფის შემოქმედებიდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Beatles 1963-70 წლებში 12 სტუდიური ალბომი გამოუშვა. კოლექტივის დაშლის შემდეგ ჟურნალისტებმა ლივერპულელ მუსიკოსებს ჰკითხეს, თუ რომელ სტუდიურ ნამუშევარს ანიჭებდნენ უპირატესობას კოლექტივის მდიდარი მემკვიდრეობიდან, რაზეც თითოეული მათგანის პასუხი განსხვავებული აღმოჩნდა.

პოლ მაკკარტნიმ განმარტა, რატომ უჩივლა The Beatles-ს სასამართლოში

რინგო სტარმა გაიხსენა, რატომ ჩაშალა პოლიციამ The Beatles-ის უკანასკნელი კონცერტი

The Beatles-ის რომელი წევრის მიერ დაწერილი სიმღერაა ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული

John Lennon - The White Album

1971 წელს, პიტერ მაკქიბსთან და რობერტ შონფილდთან ინტერვიუში, ჯონ ლენონმა "ბითლზის" შემოქმედებიდან ფავორიტ ნამუშევრად 1968 წელს გამოშვებული The White Album დაასახელა და იქვე აღნიშნა, რომ ამ ჩანაწერს პოლ მაკკარტნი არ სწყალობდა, რადგანაც მასში კოლექტივის თითოეული წევრის ინდივიდუალიზმი იყო წარმოჩენილი.

"პოლს უფრო მეტად ჯგუფური მუშაობის შედეგი მოსწონდა, რაც სინამდვილეში მისი როლის მეტად წარმოჩენას ნიშნავდა. სწორედ ამიტომ, ამ ალბომს არ სწყალობდა. მე კი მას დანარჩენ ნამუშევრებზე წინ ვაყენებდი, მათ შორის Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band-საც მერჩივნა. შესაძლოა, Pepper უფრო აღიარებულია, მაგრამ, ჩემი აზრით, the White Album მუსიკალური თვალსაზრისით სჯობს", - ამბობდა ჯონი ინტერვიუში, რომელიც მოგვიანებით წიგნში Apple to the Core: The Unmaking of the Beatles დაიბეჭდა.

Paul McCartney- Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band

პოლ მაკკარტნიმ კი "ბითლზის" ალბომებიდან ფავორიტად 1967 წელს გავრცელებული Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band დაასახელა.

"მე Sgt. Pepper-ს გამოვარჩევ, რადგან მის შექმნაში დიდი წვლილი შევიტანე. მთლიანი იდეა მე არ მეკუთვნის, თუმცა, მე დავიჩემე, რომ "ბითლზი" აბსოლუტურად სხვანაირად უნდა წარმოგვეჩინა, თითქოს სხვა ბენდი იყო. ერთი ალბომის გამორჩევა დიდიდ არ მინდა, მაგრამ თუ მომიწევდა, ნამდვილად ამ ჩანაწერს დავასახელებდი", - აღნიშნა მუსიკოსმა 1991 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში.

George Harrison - Rubber Soul

იმის გათვალისწინებით, რომ The White Album-ში ჯორჯ ჰარისონის ოთხი საავტორო კომპოზიციაა თავმოყრილი, გასაკვირი არ იქნებოდა, თუ მუსიკოსი სწორედ ამ ნამუშევარს გამოარჩევდა, თუმცა, ჰარისონის ფავორიტი Rubber Soul აღმოჩნდა, რომელიც კოლექტივის მიერ გავრცელებული რიგით მეექვსე სტუდიური ალბომია.

"Rubber Soul ჩემი რჩეული ალბომია. ვფიქრობ, ეს ჩვენი საუკეთესო ნამუშევარია. ზუსტად ვიცოდით, რომ კარგ ჩანაწერს ვაკეთებდით, მასზე მეტი დრო დავხარჯეთ და ბევრი ახალი რამ ვცადეთ. აყვავების პერიოდი იყო, მაშინ ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ვიყავით", - ამბობდა ჰარისონი.

Ringo Star - Abbey Road

რინგო სტარი კი კოლექტივის მეთერთმეტე ალბომს ანიჭებს უპირატესობას.

"ყველაზე მეტად Abbey Road-ის მეორე ნაწილი მომწონს. ის ჩემი საყვარელი ნამუშევარია. ჯონსა და პოლს კომპოზიციების ფრაგმენტები ჰქონდათ მზად, რომლებსაც ამ ალბომში დასრულებული სახე მივეცით", - აღნიშნავდა რინგო ჩანაწერზე საუბრისას.

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული