Thumbnail
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენლის, პოსტ პანკ ჯგუფ "ამორალის" ეს ვიდეორგოლი სამოქალაქო ომის შედეგად დამწვარი სასტუმრო "თბილისის" (ამჟამინდელი "მერიოტი") შენობაშია გადაღებული. კომპოზიცია "მიწის ქვეშ" დღეს უკვე "წერილის" სახელით ცნობილი კოლექტივის მიერ 1997 წელს ჩაწერილ სადებიუტო სტუდიურ ალბომში "უძირო გზა" შედის.

"ამორალის" ერთადერთ კლიპში ჯგუფის დამაარსებლების, გია თოიძისა (ვოკალი, გიტარა) და ლევან სვანიძის (ბასი) გარდა, სანდრო კაპანაძე (საქსოფონი) და ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ პიონერი, გიორგი ჟორჟოლიანი, იგივე Jorjick (გიტარა) მონაწილეობენ.

ჯგუფი "ამორალი" 1995 წელს თბილისში გია თოიძემ (ვოკალი, გიტარა) და ლევან სვანიძემ (ბასი) ჩამოაყალიბეს. მათ გარდა კოლექტივის თავდაპირველ შემადგენლობაში კოტე კალანდაძე (გიტარა) და დათუნა თოიძე (დასარტყამი ინსტრუმენტები) შედიოდნენ.

მუსიკოსების პირველი კონცერტი 1996 წელს ფესტივალზე "მარგარიტა" ჩატარდა. ამავე წელს გამოვიდა სადებიუტო სინგლი "ოთხივე მხარეს". 1997 წელს ჯგუფს სანდრო კაპანაძე (საქსოფონი, კლავიში) დაემატა, რომელთან ერთად ალბომი "უძირო გზა" ჩაიწერა. მალე დათუნა თოიძე დათო მაჭავარიანმა (კაკადუ), კოტე კალანდაძე კი გიორგი ჟორჟოლიანმა (Jorjick) ჩაანაცვლა. 1999 წელს "ამორალი" დაიშალა. ორი წლის შემდეგ გია თოიძემ და ლევან სვანიძემ კოლექტივი ახალი სახელწოდებით - "წერილი" აღადგინეს და მოღვაწეობას დღემდე განაგრძობენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული