Thumbnail

ორი სიმღერა, რომელიც The Beatles-საც აქვს ჩაწერილი და The Rolling Stones-საც

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

1960-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბებული ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფების, The Beatles-ისა და The Rolling Stones-ის წევრების, ჯონ ლენონისა და პოლ მაკკარტნის, მეორე მხრივ კი, მიკ ჯაგერისა და კით რიჩარდსის თანამშრომლობამ მსოფლიოს არაერთი ჰიტი აჩუქა. თუმცა, მოღვაწეობის დასაწყისში არცერთი კოლექტივი არ ამბობდა უარს სხვა არტისტების სიმღერების ჩაწერაზე. 1963 წელს ისე მოხდა, რომ ბენდებმა ერთი და იგივე კომპოზიცია დააქავერეს, შემდეგ კი, ლენონმა და მაკკარტნიმ "როლინგ სთოუნზს" სიმღერა დაუწერეს, რომელიც მოგვიანებით "ბითლზის" შესრულებითაც გავრცელდა.

მიკ ჯაგერის ვარაუდი, თუ რატომ ვერ გაუგეს ჯონ ლენონმა და პოლ მაკკარტნიმ ერთმანეთს

Money (That’s What I Want)

არენბი ჟანრის კომპოზიცია პირველად 1959 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა, ბარეტ სთრონგმა ჩაწერა. მას შემდეგ ის არაერთმა არტისტმა თუ ჯგუფმა შეასრულა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქავერი სწორედ "ბითლზს" ეკუთვნის. სიმღერა ალბომში The Beatles' Second Album არის წარმოდგენილი.

რამდენიმე თვის შემდეგ სიმღერის ქავერ ვერსია "როლინგ სთოუნზმაც" გაავრცელა. ნამუშევარი მათ სადებიუტო EP-ში სახელწოდებით The Rolling Stones მოხვდა.

I Wanna Be Your Man

1963 წელს "ბითლზი" ბრიტანეთში უკვე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბენდად მოიხსენიებოდა. შედარებით ახალბედა "როლინგ სთოუნზის" მენეჯერმა, ენდრიუ ლუგ ოლდჰემმა გადაწყვიტა, ლენონისა და მაკკარტნისთვის ეკითხა, ჰქონდათ თუ არა მისი კოლექტივისთვის შესაფერისი კომპოზიცია. სიმღერის I Wanna Be Your Man ძირითადი ნაწილი მაკკარტნის დაწერილია, თუმცა, როგორც ლენონი დენის ელზასთან ინტერვიუში აღნიშნავდა, ჩანაწერზე მუშაობა მან და პოლმა მიკ ჯაგერისა და კით რიჩარდსის თვალწინ დაასრულეს. ამ სიმღერამ "როლინგ სთოუნზს" ბრიტანეთის ჩარტებში მე-12 პოზიცია მოუტანა.

კომპოზიცია, რომელიც "როლინგ სთოუნზმა" 1963 წელს სინგლის სახით გამოუშვა, რამდენიმე თვის შემდეგ "ბითლზმაც" ჩაწერა. სიმღერა, რომელშიც წამყვან ვოკალს დრამერი რინგო სტარი ასრულებს, თავდაპირველად ბენდის ალბომში With the Beatles შევიდა, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გამოშვებულ სტუდიურ ნამუშევარში Meet the Beatles! მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული