Thumbnail

მუსიკის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ბენდის, The Beatles-ის შემოქმედება კოლოსალური პოპულარობითა და ავტორიტეტით როგორც მსმენელებში, ასევე კოლეგებს შორისაც სარგებლობს. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე მათი კომპოზიციები ასობით ცნობილმა არტისტმა თუ ბენდმა გადაამღერა, შედეგად კი სამყაროს არაერთი ბრწყინვალე ჩანაწერი მოევლინა, რომლებიც ლივერპულური ოთხეულის მიერ შესრულებულ, ორიგინალურ ვერსიებს ხარისხით ოდნავადაც არ ჩამოუვარდებიან.

ჩვენს სტატიაში სწორედ "ბითლზის" კომპოზიციების ათ საუკეთესო ქავერს წარმოგიდგენთ. მათი ნუმერაცია ტრადიციულად პირობითია.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Nick Cave - Let It Be

რეჟისორ ჯესი ნელსონის სურათის "მე ვარ სემი" საუნდტრეკების ალბომი "ბითლზის" კომპოზიციების ქავერ ვერსიებითაა დაკომპლექტებული, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობა ათობით ცნობილმა არტისტმა მიიღო, დაწყებული ედი ვედერითა და შერილ ქროუთი, დამთავრებული კოლექტივებით Stereophonics და The Black Crowes. ალბათ, დიდად ვერავის გავაკვირვებთ იმ ფაქტის აღნიშვნით, რომ ნამუშევარში შესული კომპოზიციებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ნიკ ქეივის მიერ ჩაწერილი Let It Be აღმოჩნდა. საკულტო ავსტრალიელი მუსიკოსის ღრმა ვოკალი და შესრულების განუმეორებელი მანერა ლივერპულური ოთხეულის ჰიტს ძალზე მოუხდა.

9. Nina Simone - Here Comes the Sun

"ბითლზის" კომპოზიციების ერთ-ერთი გამორჩეული ღირსება ის გახლავთ, რომ მათი სხვადასხვა ჟანრის ტენდენციებში ინტერპრეტირება და ახალი, საინტერესო შედეგების მიღება, ფაქტობრივად, დაუსრულებლად შეიძლება. ამ მოვლენის განსაკუთრებით თვალსაჩინო მაგალითი გამოჩენილი ამერიკელი შემსრულებლის, ნინა სიმოუნის მიერ 1971 წელს ჩაწერილი Here Comes the Sun გახლავთ, რომელიც ორიგინალურ ვერსიას ტოლს ოდნავადაც არ უდებს. ლეგენდარული მუსიკოსის მიერ კლასიკური ჯაზის სტილში, მისთვის ჩვეული ელეგანტური მანერით შესრულებულ ამ ქავერზე სასიამოვნოს რთულად თუ მოისმენთ რამეს.

8. Prince, Tom Petty, Steve Winwood & Jeff Lynne - While My Guitar Gently Weeps

2004 წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში სხვა მუსიკოსებთან ერთად ჯორჯ ჰარისონიც შეიყვანეს. საღამოზე ამ უკანასკნელის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა, ტომ პეტიმ, ჯეფ ლინმა და სტივ უინვუდმა კომპოზიცია While My Guitar Gently Weeps შეასრულეს. ეს შემადგენლობა უკვე საკმარისზე მეტად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, თუმცა, მცირე ხანში მათ სცენაზე პრინსიც შეუერთდა და პერფორმანსი სავსებით ახალ საფეხურზე აიყვანა. ალბათ, სხვა ვერაფერი აღწერს საკულტო არტისტის მიერ გიტარაზე შესრულებული სოლოს ეფექტურობას იმაზე უკეთ, ვიდრე ჯორჯის შვილის, დანი ჰარისონის სახეზე აღფრთოვანებისგან გამოწვეული, გაოცებანარევი ღიმილი.

7. Jimi Hendrix - Sgt. Pepper's Lonely Heart Clubs Band

ქვემოთ მოცემული ვიდეორგოლი განსაკუთრებული ხარისხით არ გამოირჩევა, რასაც მასში ასახულ პერფორმანსზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა გიტარისტმა, ჯიმი ჰენდრიქსმა ეს კომპოზიცია პირველად 1967 წლის 4 ივნისს ლონდონში, სევილის თეატრში შეასრულა, სადაც დამსწრეებს შორის პოლ მაკკარტნი და ჯორჯ ჰარისონიც იყვნენ. როგორც მაკკარტნი იხსენებს, მუსიკოსებზე მათი ახალგაზრდა ამერიკელი კოლეგის გამოსვლამ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. სამწუხაროდ, ზემოხსენებული კონცერტის ამსახველი ვიდეომასალა ისტორიას არ შემორჩა, ჩვენს სიაში კი იმავე წლის დეკემბერში გამართულ პერფორმანსს წარმოგიდგენთ.

6. Elton John - Lucy in the Sky With Diamonds

კომპოზიციასთან Lucy in the Sky With Diamonds მიმართებით ორი საკითხით გამოწვეული კონტროვერსია არსებობს -მართლაც არის თუ არა დაფარული ამ სიმღერაში ლსდ-ზე მინიშნება და რომელია მისი საუკეთესო ქავერ ვერსია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება არსებობს, თუმცა ჩვენ უპირატესობას ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის ჩანაწერს ვანიჭებთ. ყველა სხვა ღირსებას რომ თავი დავანებოთ, ამ ნამუშევარში გიტარაზე და ბექვოკალზე თავად ჯონ ლენონი,  თავისი ერთ-ერთი ფსევდონიმით - "დოქტორ უინსტონ ო’ ბუგი" მოგვევლინა.

5. Amy Winehouse - All My Loving

ემი უაინჰაუსი უნიკალური საშემსრულებლო ხელწერით გამოირჩეოდა, რის ხარჯზეც თავისი კოლეგების ნამუშევრების გადამღერებისას ამ კომპოზიციების სავსებით ახალი კუთხით წარმოჩენას ახერხებდა. ბრიტანელმა არტისტმა 2004 წელს BBC-ის ეთერში შემდგარი პერფორმანსისას "ბითლზის" პოპ როკ ჰიტი All My Loving სმუთ ჯაზის ესთეტიკას მხოლოდ და მხოლოდ აკუსტიკური გიტარის აკომპანემენტით იმდენად ეფექტურად მოარგო, თითქოს ის თავიდანვე ამ მიმდინარეობისთვის ყოფილიყო გათვლილი. სამწუხაროა, რომ 27 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილ უნიჭიერეს მუსიკოსს ხანგრძლივი კარიერა არ დასცალდა.

4. Marvin Gaye - Yesterday

ჩვენს სიაში მოხვედრას ეს ჩანაწერი რომ აუცილებლად იმსახურებს, ამაში თვით პოლ მაკკარტნიც გვეთანხმება. ლეგენდარულ მუსიკოსს ინტერვიუებსა თუ პირად საუბრებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კოლეგების მიერ სხვადასხვა ეპოქაში ჩაწერილი "ბითლზის" ასობით ქავერიდან მისი ფავორიტი სწორედ მარვინ გეის ნამუშევარია. გასაკვირიც არაფერია - როდესაც საქმე Yesterday-ის მსგავს, მელანქოლიურ ბალადებს ეხებოდა, გამოჩენილი ამერიკელი არტისტი ხარისხის თამასას ყოველთვის ძალზე მაღლა სწევდა. კამერული პოპის, სოულისა და არენბის ეს ბრწყინვალე სინთეზი კი ამ ფაქტის მორიგი, ძალზე შთამბეჭდავი დადასტურებაა.

3. Wilson Pickett - Hey Jude

უილსონ პიკეტის მიერ შესრულებული Hey Jude "ბითლზის" ერთ-ერთი საუკეთესო ქავერია. ამერიკელმა სოულ არტისტმა საკუთარ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი, თუმცა გამორჩევას მაშინ ჯერ კიდევ სრულიად უცნობი დუეინ ოლმენის მიერ გიტარაზე შესრულებული დაუვიწყარი სოლოც იმსახურებს. პოპულარული კოლექტივის, The Allman Brothers-ის ფრონტმენის ნამუშევრის შესაფასებლად მისი სახელოვანი კოლეგის, ერიკ კლეპტონის მოსაზრების გახსენებაც კმარა, რომელმაც ის თავის ყველა დროის ერთ-ერთ ფავორიტ სოლოდ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ორი წლის შემდეგ ოლმენი ჯგუფში Derek and the Dominoes-ში სწორედ კლეპტონმა მიიწვია.

2. Joe Cocker - With a Little Help From My Friends

ამ სიმღერის ორიგინალი ვერსია თავის დროზე ბითლზის კატალოგში საუკეთესო ჩანაწერად ნამდვილად არ მოიაზრებოდა, თუმცა ჯო კოკერისეულმა ინტერპრეტაციამ ეს ნამუშევარი მსმენელებს ახალი პერსპექტივიდან დაანახა. ამერიკელ მუსიკოსს პირველი დიდი წარმატება სწორედ ამ კომპოზიციის ვუდსტოკის ფესტივალზე, ათეულ ათასობით მსმენელის წინაშე შესრულებამ მოუტანა - კოკერის მიერ მისი საფირმო სტილით გადამღერებულმა, ბლუზ როკისა და სოულის ელემენტებით გაჯერებულმა ქავერმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ახალბედა არტისტის შემდგომი წარმატებაც განაპირობა.

1. Michael Jackson - Come Together

ლივერპულური ოთხეულის დისკოგრაფიიდან, ალბათ, სხვა ვერცერთი კომპოზიცია იქნებოდა იმდენად ზედგამოჭრილი მაიკლ ჯექსონის რეპერტუარისთვის, როგორც Come Together. ბასის გამოკვეთილი პარტია, ჩამთრევი მისამღერი და ენერგიული რიტმი - ეს ნამუშევარი პოპის მეფის საშემსრულებლო სტილს იდეალურად ერგებოდა. თუმცა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ეპოქალური ჰიტის ღირსეულად გადამღერებას, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებული ქარიზმა სჭირდება. ქარიზმა კი ის თვისებაა, რომელიც პოპულარული მუსიკის სამყაროში პირველ რიგში სწორედ მაიკლ ჯექსონის სახელთან ასოცირდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული