Thumbnail

მუსიკოსების რეაქციები, როდესაც გაიგეს, რომ გრემიზე არიან ნომინირებული

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ 24 ნოემბერს გრემის 63-ე დაჯილდოების ნომინანტები ონლაინ რეჟიმში დაასახელა. მუსიკოსთა ნაწილი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ ტრანსლაციას ადევნებდა თვალს, ნაწილმა კი მოგვიანებით შეიტყო, რომ ამა თუ იმ კატეგორიაში იყო წარდგენილი. მათ მადლიერება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებით გამოხატეს. გრემის ცერემონია 31 იანვარს გაიმართება და ტელეკომპანია CBS-ის ეთერით გადაიცემა.

ნახეთ: 2021 წლის Grammy-ს დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია

► გრემის ისტორიაში პირველად როკ ნომინაციაზე მხოლოდ ქალები არიან წარდგენილი

Megan Thee Stallion

პოპულარული ჰიუსტონელი რეპერი, მეგან პიტი ერთ-ერთი მუსიკოსი იყო, რომელიც აკადემიამ ნომინაციების წარსადგენად მიიწვია. მანამ მისი ჩართვა დასრულდებოდა, მეგანს პირდაპირ ეთერში აცნობეს, რომ თავადაც იყო ერთ-ერთი ნომინანტი. ვიდეოში ჩანს, როგორი მოულოდნელობა აღმოჩნდა ეს მუსიკოსისთვის, რომელსაც წელს პირველად მიეცა გრემის მოგების შანსი.

მას შემდეგ, რაც ყველა ნომინაცია გამოცხადდა და გაირკვა, რომ ის საუკეთესო ახალბედა არტისტის, წლის ჩანაწერის, საუკეთესო რეპ შესრულებისა და წლის ჰიპ ჰოპ სიმღერის კატეგორიებში წარადგინეს, მეგანმა ემოციები ტვიტერზეც გამოხატა.

Dua Lipa

ბრიტანელი არტისტი, დუა ლიპა კიდევ ერთი მუსიკოსი იყო, რომელსაც პირდაპირ ეთერში გრემის ნომინაციების გამოცხადების შემდეგ შეატყობინეს, რომ თავადაც იყო ნომინანტი.

"ეს რა, ხუმრობაა?", - მიმართა დაბნეულმა არტისტმა ტრანსლაციის წამყვანს.

მოგვიანებით მუსკოსმა, რომელიც 6 ნომინაციაშია წარდგენილი, მათ შორის წლის ალბომის და საუკეთესო სიმღერის კატეგორიებში, ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, როგორ იღებს ტელეფონით მილოცვებს.

"ვერ ვიჯერებ, რომ ეს რეალობაა. გრემის ექვსი ნომინაცია! რა არის ეს ცხოვრება. გული მაქვს ამოვარდნილი, სრული შოკია. ორი წუთით უნდა წამოვწვე, რომ ეს ყველაფერი გადავხარშო".

BTS

პოპულარული ბოიბენდი BTS, რომელიც დაჯილდოების ერთ-ერთ მთავარ კატეგორიაში (პოპ დუეტის/ჯგუფის საუკეთესო შესრულება) დასახელებული პირველი სამხრეთკორეული კოლექტივი გახდა, ნომინანტების გამოცხადებას პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს. არემის, ვის, ჯონგუქისა და ჯიმინის რეაქცია ტვიტერზე გავრცელდა.

კოლექტივის კიდევ ერთმა წევრმა, შუგამ კი, რომელიც მხარზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადის, ფანებს პლატფორმა Weverse-ის საშუალებით მიმართა:

"დილიდან სარეაბილიტაციო ვარჯიშებით დაღლილს ჩამეძინა და ლაივი გამოვტოვე. მადლობა არმის".

Noah Cyrus

პოპვარსკვლავ მაილი საირუსის და, 20 წლის მუსიკოსი, ნოა საირუსი გრემიზე წელს პირველად წარადგინეს. საუკეთესო ახალბედა არტისტის კატეგორიაში ნომინირებულმა შემსრულებელმა ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ტირის და ვიდეოზარის საშუალებით მილოცვებს იღებს.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ყველაფერია, რაზეც ვოცნებობდი", - ამბობს ვიდეოში მუსიკოსი.

Billie Eilish

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა 2021 წლის გრემიზე მიღებული ნომინაციების ჩამონათვალი ინსტაგრამის სთორიში გააზიარა, პოსტში კი ხმისჩამწერ აკადემიას მადლობა გადაუხადა მისი კომპოზიციების Everything I Wanted და No Time to Die აღიარებისთვის.

Ricky Martin

"ჩემმა ახალმა სტუდიურმა ნამუშევარმა Pausa გრემის ნომინაცია მიიღო საუკეთესო ლათინური პოპ ურბანული ალბომის ნომინაციაში. მადლობა გრემის", - წერს ცნობილი პუერტორიკოელი მომღერალი, რიკი მარტინი ტვიტერზე.

"ოჰო, მადლობა ამერიკის ხმისჩამწერ აკადემიას", - დაწერა ალტერნატიული არენბისა და ნეო სოულის შემსრულებელმა, ჯენეი აიკომ, რომლის ნამუშევარი Chilombo საუკეთესო ალბომის კატეგორიაშია ნომინირებული.

"ვტირი", - განაცხადა საუკეთესო ახალბედა არტისტის კატეგორიაში ნომინირებულმა ამერიკელმა რეპერმა, Chika-მ ტვიტერზე.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული