Thumbnail

როგორც წესი, მუსიკალური ვიდეორგოლის ერთი უწყვეტი კადრით გადაღება ათასგვარ ტექნიკურ სირთულესთან და მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან ასოცირდება. თუმცა, მიღებული შედეგი დახარჯულ ენერგიასა და რესურსებს სრულად ამართლებს ხოლმე. მსგავსი კლიპები აუდიტორიის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს და საკმაოდ ხშირად ამა თუ იმ ჩანაწერის პოპულარიზების საქმეშიც დიდ როლს თამაშობს.

ნახეთ სრული ფლეილისტი

ჩვენს სტატიაში სწორედ უწყვეტი კადრით გადაღებულ ათ გამორჩეულ ვიდეორგოლს წარმოგიდგენთ.

10. Radiohead - No Surprises

ეპოქალური როკ კოლექტივის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომპოზიციაზე ძალზე ორიგინალური ვიდეორგოლია გადაღებული. მისი შექმნა მთელ რიგ ტექნიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. კლიპში ბენდის ფრონტმენს, ტომ იორკს თავზე ასტრონავტის მსგავსი ჩაფხუტი ახურავს, რომელიც ნელ-ნელა წყლით ივსება და საბოლოოდ მის სახეს ფარავს. უსაფრთხოების მიზნით, ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად ჩატარდა, მისი ამსახველი ჩანაწერი კი მოგვიანებით შეანელეს. ნამუშევრის რეჟისორი ბრიტანელი ფოტოგრაფი და კინოხელოვანი, გრანტ ჯი გახლავთ, რომელიც ჯგუფის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Meeting People is Easy ავტორიცაა.

9. Spice Girls - Wannabe

ბრიტანული პოპ ჯგუფის ჰიტი Wannabe, რომელიც გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ 22 სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებს ლიდერობდა, მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სადებიუტო სინგლი გახლავთ. ჩანაწერის პოპულარიზების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შვედი რეჟისორის, იოჰან კამიცის მიერ შექმნილმა ვიდეორგოლმა ითამაშა - ლონდონში მდებარე "მიდლენდ გრანდ ოტელის" შენობაში ერთი უწყვეტი კადრით გადაღებულმა ნამუშევარმა სატელევიზიო პრემიერისთანავე ფურორი მოახდინა, 1997 წელს კი MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო საცეკვაო ვიდეოს ტიტულიც დაიმსახურა.

8. OK Go - I Won't Let You Down

ამ სიის დაკომპლექტება OK Go-ს გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ამერიკულმა ბენდმა სახელი სწორედ უწყვეტი კადრით შექმნილი კლიპებით გაითქვა, რაც მათთვის ერთგვარ საფირმო ხელწერად იქცა. ჯგუფის ვიდეოგრაფიიდან ჩვენი სტატიისთვის გამორჩეულად ეფექტური ნამუშევარი I Won't Let You Down შევარჩიეთ, რომელიც იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და სხვა აზიურ ქვეყნებში დამკვიდრებული მასობრივი ცეკვების ტრადიციითაა შთაგონებული. მუსიკის ისტორიას არაერთი ამბიციური ვიზუალური პროექტი ახსოვს, თუმცა, ასეთი მასშტაბური და შთამბეჭდავი სანახაობის ერთ კადრში მოქცევა ნამდვილად დიდი იშვიათობაა.

7. The Smashing Pumpkins - Ava Adore

ამერიკული ალტერნატიული როკ ბენდის კომპოზიციაზე Ava Adore ვიდეორგოლი ინგლისელი რეჟისორების, დომინიკ ჰოულისა და ნიკ გოფის დუეტმა შექმნა, რომელსაც დევიდ ბოუის, რობი უილიამსისა და სხვა არაერთი ცნობილი არტისტის კლიპი ეკუთვნის. გოთურ ესთეტიკაში გადაწყვეტილი ნამუშევარი სპეციალურად აგებულ პავილიონში ერთი უწყვეტი კადრითაა გადაღებული, აჩქარებისა და შენელების ეფექტების ხშირი მონაცვლეობა კი სანახაობას არაამქვეყნიურ ელფერს სძენს. როგორც ჯგუფის წევრები იხსენებენ, ამ ხანგრძლივი სცენის ერთი დუბლით გათამაშება იმდენად რთული იყო, რომ პროექტი კინაღამ საკუთარი ხელით ჩაშალეს.

6. Justin Timberlake ft. Chris Stapleton - Say Something

ამერიკელი პოპ ვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ქანთრი არტისტის, კრის სტეპლტონის კომპოზიციის Say Something თანმხლებ ვიდეორგოლზე მელომანებისთვის ძალზე კარგად ნაცნობმა სტუდიამ იმუშავა - პარიზში 2003 წელს დაარსებული La Blogothèque მუსიკალურ ვიდეორგოლებსა და ცოცხალ პერფორმანსებზე სპეციალიზდება, ამ კლიპში კი მათი განუმეორებელი ხელწერა სრული დიდებულებითაა წარმოჩენილი. ნამუშევარი ლოს ანჯელესში მდებარე, Bradburry Building-ის სახელით ცნობილ შენობაშია გადაღებული, რომელსაც ათობით საკულტო კინოსურათში (Chinatwon, Blade Runner, The Artist და სხვა) ვხვდებით.

5. Peter Gabriel ft. Kate Bush - Don't Give Up

იმისთვის, რომ ერთი უწყვეტი კადრით გადაღებული ვიდეორგოლი ვიზუალურად შთამბეჭდავი გამოვიდეს, ოპერატორული ტრიუკები თუ კომპიუტერული სპეცეფექტები გარდაუვალ აუცილებლობას სულაც არ წარმოადგენს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო დადასტურება ეპოქალური ბრიტანელი მუსიკოსების, პიტერ გებრიელისა და ქეით ბუშის კოლაბორაციულ ტრეკზე Don't Give Up შექმნილი კლიპი გახლავთ, რომელსაც არც გრანდიოზული დეკორაციები გამოარჩევს და არც კომპლექსური ქორეოგრაფია, თუმცა, ეფექტურობით ჩვენს სიაში შესულ სხვა, გაცილებით ძვირადღირებულ ნამუშევრებს ოდნავადაც არ ჩამოუვარდება.

4. R.E.M. - Imitation of Life

ამერიკული როკ ჯგუფის კომპოზიციის Imitation of Life თანმხლები ვიდეორგოლი უამრავ პერსონაჟსა და ვიზუალურ დეტალს მოიცავს, თუმცა ეს კომპლექსური სანახაობა მხოლოდ ერთი უწყვეტი კადრითაა გადაღებული (სადაც მასში ასახული ყველა სცენა დაახლოებით 20 წამში გათამაშდა), დანარჩენი კი პანსკანირების მეთოდისა და ფირის ოსტატურად მანიპულირების შედეგი გახლავთ. ნამუშევრის რეჟისორი ცნობილი ინგლისელი ხელოვანი, გართ ჯენინგსი გახლავთ, რომელიც სხვა ბენდებისთვის (Radiohead, Blur, Vampire Weekend) შექმნილ კლიპებთან ერთად რამდენიმე მხატვრული ფილმის, მათ შორის The Hitchhiker's Guide to the Galaxy-ის ავტორიცაა.

3. Massive Attack - Unfinished Sympathy

საკულტო ტრიპ ჰოპ კოლექტივის კომპოზიციის Unfinished Sympathy თანმხლები ვიდეორგოლი ლოს ანჯელესში, გუბერნატორ პიო დე ხესუს პიკოს სახელობის ბულვარში ერთი უწყვეტი კადრითაა გადაღებული. კლიპში მსახიობებთან ერთად ადგილობრივი მაცხოვრებლებიც (მაგალითად, ბანდის წევრები ვიდეოს საწყის წამებზე) არიან ნაჩვენები, შთამბეჭდავი ოპერატორული ნამუშევარი კი დენ ნისს ეკუთვნის, რომლის სახელიც "ლურჯ ხავერდს", "ჯეკი ბრაუნს" და სხვა გახმაურებულ კინოსურათებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული როკ ჯგუფის The Verve ჰიტზე Bitter Sweet Symphony შექმნილი კლიპი სწორედ ამ ვიდეორგოლითაა შთაგონებული.

2. The Chemical Brothers ft. Beck - Wide Open

ამ ვიდეორგოლის რეჟისურა ჩვენი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობ, ნიკ გოფისა და დომინიკ ჰოულის დუეტს ეკუთვნის. პოპულარული ელექტრონული ჯგუფის The Chemical Brothers და ამერიკელი მუსიკოსის, ბეკ ჰენსენის კოლაბორაციულ ტრეკზე Wide Open კლიპის შექმნას სამგანზომილებიანი სკანირების ტექნოლოგია და ტიტანური შრომა დასჭირდა, თუმცა უდავოა, რომ შედეგმა გაწეული ძალისხმევა სრულიად გაამართლა. ნამუშევარში მოცეკვავის როლს ინგლისელი ბალერინა და მსახიობი, სონოია მიძუნო ასრულებს, რომელიც ბოლო წლების არაერთ გახმაურებულ ფილმსა თუ სერიალში (La La Land, Ex Machina, Maniac და სხვა) მონაწილეობს.

1. Elton John - I Want Love

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის კომპოზიციაზე I Want Love ერთი უწყვეტი კადრით შექმნილ, ძალზე ემოციურ ვიდეორგოლში მთავარ როლს რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს კლიპზე მუშაობისას ცხოვრების უმძიმესი პერიოდი ედგა - მსახიობის მწვავე ნარკოდამოკიდებულებას თან ფინანსური პრობლემები ერთვოდა, მასთან საქმის დაჭერას კი არც ერთი კინოსტუდია აპირებდა. შესაბამისად, ჯონმა ამ როლზე დამტკიცებით საჭირო დროს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი დღეს წარსულის ნაწილია, რობერტი კი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული