Thumbnail

რატომ დაუტოვა ფრედი მერკურიმ მთელი ქონება ყოფილ შეყვარებულს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული Queen-ის ფრონტმენმა, ფრედი მერკურიმ კენსინგტონის რეზიდენცია და ნამუშევრების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების დიდი ნაწილი მერი ოსტინს უანდერძა, რომელთანაც 1974 წლიდან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა, დაშორების შემდეგ კი მისი ახლო მეგობარი გახლდათ. 2019 წელს გავრცელებულ ბიოგრაფიულ წიგნში Freddie Mercury: A Life, In His Own Words მუსიკოსის სიტყვებია მოყვანილი, რომელიც მოწმობს, რომ ფრედის მერისთვის ქონების ძირითადი ნაწილის დატოვება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი. აღსანიშავია, რომ მომღერლის მშობლებსა და დას მისი შემოსავლების მხოლოდ მეოთხედი ხვდათ წილად.

რეალური ისტორია, თუ როგორ სთხოვა ხელი ფრედი მერკურიმ მერი ოსტინს

ფოტოგალერეა: ფრედი მერკურის უკანასკნელი საჯარო გამოჩენა

ნახეთ: კატები, რომლებსაც ფრედი მერკური შვილებივით უვლიდა

"ამქვეყნად ორი სულიერია, რომელმაც იმდენივე სიყვარული მომცა, რამდენსაც ჩემგან იღებდა - მერი, რომლთანაც ხანგრძლივი რომანი მაკავშირებდა და ჩემი კატა, ჯერი. როგორც ჩანს, ჩემი და მერის კავშირი კიდევ უფრო მყარია. ჯერ მე თუ მოვკვდები, ვაპირებ, ყველაფერი მას დავუტოვო. ჩემი კატების გარდა, სხვას არაფერი შეხვდება. შეიძლება, პრობლემები არ მელეოდეს, მაგრამ გვერდით მერი მყავს, რომელიც ძალას მმატებს. მას ისევ ყოველდღიურად ვნახულობ და კიდევ უფრო მიყვარს, ვიდრე ოდესმე", - ამბობდა ფრედი.

მუსიკოსი იმასაც განმარტავდა, რატომ იქცა მერი მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფას ადამიანად.

"შეიძლება, ათასობით ადამიანს უყვარდე, მაგრამ მაინც მარტოსული იყო. ამის გამხელა კი უარესია, რადგან ხალხისთვის ძნელი გასაგებია, რატომ შეიძლება, თავს ეულად გრძნობდე. წარმოგიდგენიათ, რა შემზარავია, როცა ყველაფერი გაქვს, მაგრამ მაინც მარტოსული ხარ? ამ განცდას ვერც კი აღვწერ. მხოლოდ ერთი, ჩემთვის ნამდვილად ღირებული ადამიანის დასახელება შემიძლია, რომელთანაც ბოლომდე ვიხსნები და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ის ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარება. ალბათ, ერთმანეთს შევაბერდებით", - ამბობდა მუსიკოსი მერი ოსტინზე.

როგორც ბრიტანული გამოცემა Express წერს, მას შემდეგ, რაც ფრედიმ შეიტყო, რომ შიდსის დიაგნოზის გამო დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა, მერის გაუმხილა საკუთარი ანდერძის შესახებ, ის კი შეეცადა, მერკური დაერწმუნებინა, რომ კენსინგტონის რეზიდენცია სახლ-მუზეუმად გადაეკეთებინა, სადაც მისი თაყვანისმცემლები შეძლებდნენ მისვლას. თუმცა, გამოცემის ცნობით, მაშინ მუსიკოსმა ოსტინს უთხრა - ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო, შენ ჩემი ცოლი იქნებოდი, ასე რომ, ეს ყველაფერი ისედაც შენი იქნებოდაო".

მერი ოსტინი კენსინგტონის სასახლეში

არტისტი შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით 1991 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა. მას ოჯახის წევრები და მეგობრები დასავლეთ ლონდონის კრემატორიუმში გამოეთხოვნენ, რის შემდეგაც ფერფლი ოსტინმა საიდუმლოდ დამარხა.

"ფრედის არ სურდა, ვინმეს მისი ფერფლის ამოთხრა ეცადა. გაგონილი ჰქონდა, რომ, ზოგიერთი ცნობილი ადამიანის შემთხვევაში, სწორედ ასე მოხდა. მის თაყვანისმცემლებს შორისაც შეიძლებოდა, ვინმე ყოფილიყო ამ იდეით შეპყრობილი. ამიტომაც, მთხოვა, ადგილის შესახებ არავისთვის გამემხილა. ეს ასეც იქნება", - აღნიშნა ქალმა.

ფრედი მერკურიმ მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული