Thumbnail

"ძალიან კარგები არიან" - პოლ მაკკარტნიმ BTS "ბითლზს" შეადარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსს, პოლ მაკკარტნის პლატფორმა Apple Music-ის პოდკასტში SmartLess სტუმრობისას ჰკითხეს, ეგულება თუ არა თანამედროვე პოპკულტურაში შემსრულებელი ან ჯგუფი, რომელიც ისეთივე ჭეშმარიტი არტისტიზმით გამოირჩევა, როგორიც The Beatles-ის წევრებს ჰქონდათ.

სიმღერა, რომელიც პოლ მაკკარტნიმ ტეილორ სვიფტის შთაგონებით დაწერა

პოლ მაკკარტნი: რა მუსიკასაც ბილი აილიში საძინებელში ქმნის, განსაკუთრებულია

"დღესდღეობით იმდენი შემსრულებელია, რომლებიც აქცენტს შეფუთვაზე უფრო აკეთებენ, ვიდრე მუსიკის ხარისხზე. ისინი "ბითლზის" მიღწევების გამეორებას უფრო ცდილობენ. ადევნებთ თუ არა თვალს თანამედროვე პოპკულტურას და შეგიძლიათ, დაგვისახელოთ არტისტი ან ჯგუფი, რომელსაც იმიტომ უსმენთ, რომ მათში ნამდვილ არტისტიზმს ხედავთ?", - ჰკითხა 78 წლის მუსიკოსს წამყვანმა.

"კი, არის ასეთი, მაგრამ საქმე ამ ჯგუფის მუსიკაში არ არის. მე, უბრალოდ, მათ ვუყურებ, როგორც ახალგაზრდებს, რომლებიც იმავე გზას გადიან, რაც ჩვენ განვვლეთ. ეს კორეელი ბიჭებისგან შემდგარი კოლექტივი "ბითიესია". მომწონს ამ ბენდისთვის თვალყურის დევნება და იმის გაგება, თუ რა ხდება მათ გარშემო ახალი. მგონი, მათი ვერცერთი სიმღერის შესრულებას შევძლებ, მაგრამ თვითონ არტისტები ძალიან კარგები არიან", - აღნიშნა მაკკარტნიმ.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ბენდი ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა და სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული