Thumbnail

შონ მენდესი: კამილა დედაჩემთან ურთიერთობის აღდგენაში დამეხმარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კუბელმა მომღერალმა, კამილა კაბეიომ შეყვარებულს, კანადელ მუსიკოს შონ მენდესს ინსტაგრამზე სასიყვარულო პოსტი მიუძღვნა. 23 წლის გოგონამ შონთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა ტექსტით:

ნახეთ: ჯასტინ ბიბერი და შონ მენდესი კლიპს Monster ავრცელებენ

"ამ ბიჭის წყალობით სიყვარულის შესახებ ბევრი რამ შევიტყვე. საქმე მხოლოდ ბედნიერებით სავსე მომენტებში არ არის, რომლებსაც ფოტოებსა და ვიდეოებში ხედავთ. ვინმესთან ურთიერთობა სარკეს ჰგავს, რომელიც თქვენს თავზე მეტყველებს. გამუდმებით მიწევს შიშებთან, შფოთთან, ჩემს წარსულ შეხედულებებთან შეჯახება. ურთიერთობა ისეთი მარტივი არ არის, როგორიც ფოტოებზე ჩანს. ხანდახან ქაოტური და უსიამოვნოა. მაგრამ არაფერი შეედრება მიზიდულობასა და სიყვარულის უნარს - რომელიც სიბნელეს ანათებს. ეს ყველაფერი უფრო გაბედულ, ბრძენ და უკეთეს პიროვნებად გაქცევს, ვიდრე გუშინ იყავი. იყო შეყვარებული, ნიშნავს, ყოველ ჯერზე ხელახლა ირჩევდე ამ ადამიანს, რათა ერთად გადალახოთ სირთულეები. ეს კი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე თვით სრულყოფილება. მინდა, რომ სოციალურ ქსელებში უფრო გულახდილები და ნამდვილები ვიყოთ, რადგან აქ ძირითადად ცხოვრების მშვენიერ მხარეებს აჩვენებენ. ამან კი შეიძლება, თავი მარტოსულად და გარიყულად გაგრძნობინოს", - წერს მუსიკოსი.

აღსანიშნავია, რომ კამილასთან ურთიერთობაზე შონმაც VMan magazine-თან ისაუბრა, როცა მისგან ინტერვიუ ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა აიღო. მის კითხვაზე - რა ცვლილებები აღმოაჩინა საკუთარ თავში კამილასთან შეხვედრის შემდეგ, მომღერალმა უპასუხა:

"შვიდი წლის განმავლობაში თვალახვეული დაღმართისკენ მივექანებოდი. ოჯახთან და მეგობრებთან კავშირი მქონდა გაწყვეტილი. მასთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ კამილა სულ ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში იყო. ამან ჩამაფიქრა - დედას უნდა დავურეკო-მეთქი. თავი მარტო ვიგრძენი. კამილამ ასე შემცვალა“, - ამბობდა მაშინ 22 წლის შონი.

მუსიკოსებმა ერთმანეთი 2014 წელს გაიცნეს. დასავლურ მედიაში შონისა და კამილას ურთიერთობაზე საუბარი მათი ერთობლივი ჰიტის Señorita გავრცელების შემდეგ დაიწყო. 2019 წლის 21 იანვარს ატვირთულმა კლიპმა, რომელშიც ისინი შეყვარებულ წყვილს განასახიერებენ, მილიარდ ნახვას გადააჭარბა და არტისტებს გრემის ნომინაცია მოუტანა. კაბეიოს და მენდესს კიდევ ერთი ჰიტად ქცეული სიმღერა I Know What You Did Last Summer აქვთ გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული