Thumbnail

"წელს უკვე ტატუ მაქვს" - ბილი აილიში მეოთხე წელია, ერთსა და იმავე კითხვებს პასუხობს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა, რომელიც ჟურნალ Vanity Fair-ის პროექტში Time Capsule მონაწილეობს, წელს უკვე მეოთხედ უპასუხა გამოცემის ერთსა და იმავე კითხვებს. ინტერვიუების სერია, რომელიც 2017 წლიდან იღებს სათავეს, მაყურებელს აჩვენებს, თუ როგორ იცვლება გოგონას ცხოვრება წლების განმავლობაში.

ნახეთ: ბილი აილიშმა Therefore I Am ცოცხლად პირველად შეასრულა

ბილი აილიში იხსენებს სიზმარს, რამაც Everything I Wanted დააწერინა

ნახეთ: როგორ იღებდა ბილი აილიში ახალ კლიპს Therefore I Am

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი არტისტს 18 ოქტომბერს შეხვდა, შესაბამისად, რიცხვები, რომლებიც პასუხებში აქვს დასახელებული, დღეის მდგომარეობით, შეცვლილია.

რამდენი გამომწერი გყავს ინსტაგრამზე?

2017 - 257 000
2018 - 6,3 მლნ
2019 - 40,7 მლნ
2020 - 67,5 მლნ - "საიდან მოდის ეს ხალხი? აი, ეს არის ჩემი კითხვა", - აღნიშნა მუსიკოსმა.

შენი გამომწერებიდან ვის ჰყავს ყველაზე მეტი გამომწერი?

2017 - მსახიობ ქლოი გრეის მორეცს
2018 - მგონი, კეტი პერის
2019 - ჯასტინ ბიბერს
2020 - არიანა გრანდეს - "ჩემს პატარას 204 მილიონი გამომწერი ჰყავს".

რამდენი მოწონება აქვს ინსტაგრამზე შენს ყველაზე პოპულარულ ფოტოს?

2017 - 69 608
2018 - 2 025 324
2019 - 10 320 429
2020 - 13 988 681.

რამდენ დასვენების დღეს ისურვებდი შემდეგ წელს?

2018 - "არ მომწონს Day Off-ები".
2019 - "იმედი მაქვს, თუ მომავალ წელს 100 დღით მომინდება დასვენება, ამას მოვახერხებ".
2020 - "მართლა ვინატრე 100 დღით დასვენება? ხომ მიიღე, რაც გინდოდა? ახლა ბედნიერი ხარ? ამდენი თავისუფალი დრო ბოლო ხუთ წელიწადში არ მქონია. კარანტინის დასაწყისში 3 კვირა რომ დავისვენე, მიხაროდა, თავი შვებულებაში მეგონა და ტურნეს განახლებას ერთ კვირაში ვგეგმავდი. ძალიან ვცდებოდი. მაგრამ მაშინ ისეთი რაღაცები შევქმენი, რასაც ვერასდროს გავაკეთებდი, რომ არა ეს პერიოდი, ამდენი თავისუფალი დრო და ასეთი რეალობა. ვისურვებდი, ცხოვრება ისევ ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ ეს შანსი მომეცა".

ერთ წელიწადში რა გინდა, რომ თქვა შენ შესახებ?

2019 - "ლამბორგინი" მყავს".
2020 - "ლამბორგინის" ყოლა შემიძლია, უბრალოდ, ამაზე მნიშვნელოვანი იმდენი რამ არსებობს".

რა გაქვს ისეთი, რაც შარშან არ გქონია?

"თავშესაფრიდან ძაღლი ავიყვანე. გაიცანით შარკი, ჩემი ვაჟი. გასულ წელს არ მყოლია, რადგან მხოლოდ 8 თვისაა".

ყველაზე დიდი ჭორი შენ შესახებ

2018 - "ხალხო ფიქრობს, რომ ორსულად ვარ".
2019 - "რომ სული სატანას მივყიდე".
2020 - "ხალხი ამბობს, რომ გავსუქდი, არადა სულ ეს წონა მაქვს, უბრალოდ, ეს აქამდე არ გინახავთ".

რის გაკეთებას აპირებ პირველად?

2019 - "შეიძლება, ეს ტატუ იყოს, ოღონდ არა სახეზე. ისეთ ადგილას მინდა, სადაც ყველა ვერ დაინახავს".
2020 - "გავიკეთე ტატუ, მაგრამ მას ვერასდროს ნახავთ".

გყავს შეყვარებული?

2019 - "მარტო ვარ. ცხოვრებაში პირველად ვფიქრობ, რომ არავისთან ყოფნა არ მჭირდება. არც არავინ მომწონს, ამის განწყობაზე არ ვარ და ასე თავს კარგად ვგრძნობ".
2020 - "არაფერი შეცვლილა. ბოიფრენდი არ მყავს და ეს მომწონს, საერთოდ არ ვნერვიულობ".

ყველაზე დიდი მიღწევა კარიერაში

2017 - "Apple Music-მა თავის კამპანიაში Up Next ჩამრთო".
2018 - "ელენ დეჯენერესის და ჯიმი ფელონის შოუებში მიმიწვიეს. ფესტივალებში მივიღე მონაწილეობა. მხატვარ ტაკაში მურაკამის შევხვდი. დეივ გროლის შვილმა ჩემი სიმღერა დააქავერა, თავად დეივი კი გიტარით უწევდა აკომპანირებას".
2019 - "NBC-ის გადაცემის, Saturday Night Live-ის 2019 წლის სეზონი გავხსენი. ჩემი ფოტოები ჟურნალების: Rolling Stone, Elle, W და Billboard ყდებზე დაიბეჭდა. სადებიუტო ალბომი გამოვუშვი, ჩემი სინგლი Bad Guy ჩარტების სათავეში მოექცა, ალბომი კი წლის ყველაზე გაყიდვად სტუდიურ ჩანაწერად დასახელდა. დრეიქმა თავისი ნომერი მომცა".
2020 - "ხუთი გრემი. 1,2,3,4,5; ოსკარების სცენაზე პერფორმანსი; შევხვდი ყველა ვარსკვლავს, ვინც კი არსებობს;
The BRIT Awards-ზე ჩავედი და ჯილდო მივიღე; ბონდის საუნდტრეკი ჩავწერე, ჰანს ციმერთან და ორკესტრთან ვიმუშავე; სტადიონების ტურნე წამოვიწყე მთელი მსოფლიოს მასშტაბით".

რამდენ სიმღერაზე მუშაობ ახლა?

2018 - "სადღაც 12-14".
2019 - "ოთხნახევარი".
2020 - "ახლა 16 სიმღერა მაქვს მზად და ყველა ძალიან მიყვარს".

რა არის ახლა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

2017 - "ჩემი ფანები, რომლებსაც არ მომწონს, ფანებს რომ ვუწოდებ; ჩემი ოჯახი; სადებიუტო ალბომის დასრულება".
2018 - "ამ ალბომის დასრულება და ყველაზე გიჟური შოუების გამართვა".
2019 - "იმ ბედნიერების შენარჩუნება, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში პირველად განვიცდი. ჩემი მიზანია, ბედნიერი დავრჩე".
2020 - "უცნაურია, რომ გვგონია, რაღაც გარანტირებულად გვაქვს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კონცერტების გამართვას ვერ შევძლებდი. იმდენი დრო დავხარჯე შიშში - მეშინოდა, რას დაწერდნენ პრესაში, საერთოდ, უამრავი რამის მეშინოდა და წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ერთ დღეს შოუს გამართვის კანონიერი უფლება არ მექნებოდა. არადა მგონია, რომ ეს გამომდის ყველაზე კარგად, ეს ერთადერთია, რაც ნამდვილად ჩემია".

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული