Thumbnail

რეცენზია: Taylor Swift - folklore

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ტეილორ სვიფტის რეპუტაციის მქონე არტისტისგან folklore-ის მსგავსი ჩანაწერის გამოცემას არავინ ელოდა. ამერიკელი შემსრულებლის სტილთან ასოცირებული თინეიჯერული დრამა და იაფფასიანი სენტიმენტალურობა ამ ალბომში ესთეტიკურმა რომანტიზმმა, ღრმა ნოსტალგიამ და ესკაპიზმმა ჩაანაცვლა, კამერული პოპისა თუ ინდი ფოლკის ელემენტებით გამდიდრებული ჟღერადობა კი გაცილებით დახვეწილი და ელეგანტური გახდა.

შემოქმედებითი მიმართულების მოულოდნელ ცვლილებას ხაზს განსაკუთრებით ნათლად ის პერსონაჟები და თემები უსვამენ, რომელთა გარშემოც ნამუშევრის ლირიკული ფაბულაა აგებული - მოჩვენება, რომელიც თავისივე დასაფლავებაზე დამსწრეებს შორის საკუთარ მკვლელს აწყდება, მშობლიური ქალაქისგან მოძულებული ხანდაზმული ქვრივი ქალი, სამი განსხვავებული პერსპექტივიდან დანახული, წარმოსახვითი სასიყვარულო სამკუთხედი და სხვა. პოპ ვარსკვლავიდან ეულ პოეტად გარდაქმნის გამოძახილი გარეკანზეც იგრძნობა, სადაც ტრადიციული კალეიდოსკოპური სიჭრელის ნაცვლად შავ-თეთრ პალიტრას ვაწყდებით, მუსიკოსის სილუეტი კი ნისლიანი ტყის ბუნდოვანებაში იკარგება.

სვიფტმა წამყვანი პროდიუსერების დუეტი იდეალურად შეარჩია - ჯგუფის fun. წევრისა და კოლეგების მიერ გამოცემული ათობით ჰიტის თანაავტორის, ჯეკ ანტონოფის დახმარებით ჩანაწერმა თანამედროვე მეინსთრიმისთვის ჩვეული მახასიათებლები შეინარჩუნა, როკ ბენდის The National გიტარისტის, აარონ დესნერის წყალობით კი, მას სპეციფიკური ინდი ესთეტიკაც გამოარჩევს. სწორედ ამითაა გამოწვეული, რომ ნამუშევარში არტისტის შემოქმედებისთვის ტრადიციულ ელემენტებს, სინთეზატორებსა და წინასწარ დაპროგრამირებულ დრამ ბითებს კვლავ ვაწყდებით, მაგრამ საცეკვაო რიტმების შემოტანის ნაცვლად, აქ ისინი სრულიად ახალ ფუნქციას იძენენ და საერთო ჟღერადობაში უკანა პლანზე გადაწევის ხარჯზე თითქმის უხილავ, დამაინტრიგებელ აკუსტიკურ ტექსტურას ქმნიან.

ერთი სიტყვით, ძალზე რაფინირებულ, გემოვნებიან და პასტორალური ატმოსფეროთი აღსავსე ჩანაწერთან გვაქვს საქმე. რთულად სათქმელია, როგორ განვითარდება ამერიკელი სუპერვარსკვლავის სტილი სამომავლოდ, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ folklore მისი დისკოგრაფიის ფლაგმანი და 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული