Thumbnail

რეცენზია: The Weeknd - After hours

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

ამერიკის ხმის ჩამწერ აკადემიას საეჭვო გადაწყვეტილებებით, რასიზმის გამოვლინებებითა და ზოგ შემთხვევაში, ელემენტარული ლოგიკის უგულებელყოფით საკუთარი კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ არაერთხელ დაუყენებია. ამ მხრივ გამონაკლისი არც გრემის მოპოვების კანდიდატთა წლევანდელი სია აღმოჩნდა, სადაც The Weeknd-ის ფსევდონიმით ცნობილი არტისტის, აბელ ტესფაიეს ალბომს After Hours არცერთი ნომინაცია ხვდა წილად. არადა, კანადელი მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ჩანაწერი, რომელმაც დიდ კომერციულ წარმატებასთან ერთად, კრიტიკოსთა თუ მსმენელთა თითქმის ერთსულოვანი აღიარებაც მოიპოვა, ამა თუ იმ წამყვან კატეგორიაში წარსადგენად საჭირო კრიტერიუმებს აშკარად აკმაყოფილებდა. 

ალბომს ძალზე ატმოსფერული, ჩამთრევი და მელოდიური ჟღერადობა ახასიათებს, სადაც არტისტისთვის ტრადიციული არენბის ფონზე ოთხმოციანებიდან ნასესხები სინთოპის ელემენტებიც გვხვდება. მსგავსი ინსპირაცია ბოლო წლებში ძალზე მოდური და შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ბანალურიც კი გახდა, თუმცა თანაპროდიუსერთა არაჩვეულებრივი გუნდის დახმარებით, რომელშიც სხვებთან ერთად მეინსთრიმ პოპის ტიტანი, მაქს მარტინი და ექსპერიმენტული ელექტრონული სცენის წამყვანი ფიგურა, დენიელ ლოპატინი, იგივე Oneohtrix Point Never შედიან, ტესფაიეს ნამუშევარი ძალზე ორიგინალურად და თვითმყოფადად გამოიყურება. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერის, Metro Boomin-ის ფსევდონიმით ცნობილი ლილენდ უეინის დამსახურებაც.

უიქენდის ტექსტებში ტრადიციულ მელანქოლიას, მსუბუქი სენტიმენტალიზმსა და წარუმატებელი რომანტიკული ურთიერთობების გამოძახილს ვხვდებით, თუმცა ალბომის ლირიკას საგრძნობლად პირქუში ატმოსფეროც გამოარჩევს. თვითირონიითა და ნიჰილიზმით სავსე არტისტი თავის მძიმე, დეპრესიული მდგომარეობით ნაკარნახევ ფიქრებს განსაკუთრებით მძაფრად გამოხატავს, რაც წარსულში მისი ხელწერისათვის ნაკლებად იყო დამახასიათებელი. After Hours-ის ნარატივში ცენტრალური თემის ადგილს აბელის ჰედონისტური და ამავდროულად თვითდესტრუქციული ცხოვრების წესი იკავებს, რომელზეც მუსიკოსი უიმედოდაა დამოკიდებული, თუმცა მისი დამანგრეველი შედეგებისგან თავის დაღწევასაც ყველა შესაძლო გზით ცდილობს.

ეს არაერთგვაროვანი განწყობა შემსრულებლის მიერ მორგებულ ალტერ ეგოზეც აისახა, რომელსაც თანმდევი ფუფუნების მიუხედავად, დასისხლიანებულ სახეზე ხშირა უსიცოცხლო, ცინიკური ღიმილი დასთამაშებს. კომპოზიციებზე გადაღებულ ვიდეორგოლებში სწორედ ამ პარანოიით შეპყრობილი ანტიგმირის სიურრეალისტურ, ბნელი გლამურულობით სავსე სამყაროში მოგზაურობას ვადევნებთ თვალს. აღსანიშნავია, რომ კლიპების ზოგად ესთეტიკასა თუ ვიზუალში ნათლად იგრძნობა ძმებ ჯოშ და ბენი საფდიების გახმაურებული ფილმის Uncut Gems გავლენა, სადაც არტისტმა ეპიზოდურ როლში საკუთარი თავი განასახიერა. ერთი სიტყვით, After Hours ძალზე მასშტაბური, ამბიციური და შთამბეჭდავი პროექტია, მისი იგნორირებით კი ხმის ჩამწერ აკადემიას აშკარად უფრო მეტი რამ დააკლდა, ვიდრე თავად აბელს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული