Thumbnail

პოლ მაკკარტნიმ გაიხსენა, როგორ მოწიეს პირველად The Beatles-ის წევრებმა კანაფი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ ადამ ბაქსტონის პოდკასტში სტუმრობისას გაიხსენა, როგორ გასინჯეს The Beatles-ის წევრებმა კანაფი. პოლის თქმით, 1964 წელს, ამერიკული ტურნეს დროს, ნიუ იორკის სასტუმრო Delmonico-ში იმყოფებოდნენ, როცა მათ ნომერში ბობ დილანი შევიდა და ჯოინთს გაუკიდა. პოლის თქმით, რინგო სტარი კოლექტივიდან პირველი იყო, ვინც მას შეურთდა.

პოლ მაკკარტნი: ხანდახან ვნატრობ, ოდნავ მაინც ვგავდე ბობ დილანს

მოუსმინეთ: პოლ მაკკარტნიმ ახალი ალბომი McCartney III გამოუშვა

"ის დღე კარგად მახსოვს. სასტუმროს ნომერში ვსვამდით, როცა ბობი მოვიდა. მივესალმეთ, ის კი უცებ გაუჩინარდა. ჩვენ გართობა გავაგრძელეთ, რინგო მას გაჰყვა. რამდენიმე წუთში დაბრუნებულს სახე ჰქონდა შეცვლილი და ცოტა დაბნეული ჩანდა. ვკითხეთ, რა მოხდა, მან კი გვიპასუხა - ოჰ, ბობი იმ ოთახში კანაფს ეწევაო. ჩვენ მოსაწევი არასდროს გაგვესინჯა და დავინტერესდით, როგორი შეგრძნება იყო, რაზეც რინგომ მოგვიგო - რა გითხრათ, ასე მგონია, ჭერი თანდათან დაბლა იწევსო. ოჰო! - შევძახეთ და სასწრაფოდ ბობისკენ გავეშურეთ, რათა ჩვენც გაგვესინჯა. ის საღამო ძალიან კარგად გავატარეთ. ნამდვილი სიგიჟე იყო, შესანიშნავად გავერთეთ", - აღნიშნა პოლმა.

მაკკარტნის თქმით, ბობ დილანს არაფორმალურ გარემოში რამდენჯერმე შეხვდა და ერთად ყოველთვის კარგ დროს ატარებდნენ.

"კარგად ვერთობოდით, ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა", - ამბობს მუსიკოსი.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში თავად ბობ დილანმაც გამოხატა სიმპატია მაკკარტნის მიმართ. ის ამბობდა, რომ პოლი უნიკალური მუსიკოსია და ის ხშირად აღაფრთოვანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული