კალიფორნიაში მდებარე ცნობილი "ნევერლენდის" რანჩო, სადაც ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მაიკლ ჯექსონი ცხოვრობდა, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა. გაზეთ The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მისი მფლობელი კერძო საინვესტიციო კომპანიის Yucaipa Companies თანადამფუძნებელი, 68 წლის მილიარდერი, რონ ბურკლი გახდა, რომელიც, გამოცემა TMZ-ის ცნობით, წარსულში ჯექსონის ბიზნესმრჩეველიც იყო. თავად არტისტმა რანჩო 1987 წელს $19,5 მილიონად შეიძინა. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში, 2015 წელს, სახლი უძრავი ქონების ბაზარზე გაიტანეს, მაშინ ის 100 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.
► ნახეთ: რეპერი Daeshard მაიკლ ჯექსონის რანჩოში შეიჭრა და კლიპი გადაიღო
► ჯექსონის მცველს ჰკითხეს, ნამდვილად იყო თუ არა რანჩოში საიდუმლო ოთახი ბავშვებისთვის

10 926 კვ.მ. ფართობის ტერიტორია მაიკლ ჯექსონის წარმომადგენლებისა და კომპანია Colony Capital-ის თანამფლობელობაში იყო, რომელსაც საკუთრების უფლება ფინანსურ კრიზისში მყოფმა არტისტმა ჯერ კიდევ 2008 წელს გაუნაწილა. რანჩოს ტერიტორიაზე მოწყობილია გასართობი პარკი, რკინიგზა, ხელოვნური ტბა, ხიდები, ჩოგბურთის კორტი და ა.შ.
► სიკვდილიდან 11 წლის შემდეგ ჯექსონი ყოველთვიურად მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს
მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. მსოფლიოში გაყიდული 350 მილიონზე მეტი ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.
კომენტარები