Thumbnail

Young Thug: ლილ უეინის გაცნობა მსურდა, ხელი გავუწოდე, მან კი არ ჩამომართვა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ჯეფრი ლამარ უილიამსი, ფსევდონიმით Young Thug, ცნობილი მუსიკალური პლატფორმის Apple Music გადაცემის Million Dollaz Worth Of Game სტუმარი გახლდათ. პოდკასტის წამყვანთან ინტერვიუში ატლანტელმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა მის მთავარ მენტორთან, ლილ უეინთან პირველი შეხვედრა.

ნახეთ: Young Thug - Take It To Trial

მოუსმინეთ: ლილ უეინმა მიქსტეიპის "No Ceilings 3" დელუქს ვერსია გამოაქვეყნა

"ლილ უეინი პირველად მაშინ ვნახე, როდესაც კარიერას ვიწყებდი. მისი გაცნობა გადავწყვიტე. მივუახლოვდი და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად, თუმცა, არ შემიმჩნია. ვფიქრობ, მას ჩემი გამოცდა სურდა", - გაიხსენა თაგამ.

ლილ უეინი და იანგ თაგი ჰიპ ჰოპის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან. ახალგაზრდა კოლეგა ლუიზიანელ უეინს ხშირად უწოდებს თავის მენტორს. თაგას თქმით, მთელი ბავშვობა სწორედ დუეინ კარტერს უსმენდა და სურდა, რომ მას დამსგავსებოდა. კარიერის განმავლობაში ის ლილ უეინს არაერთხელ გაუდისავს, თუმცა, შემსრულებელი მისთვის პასუხის დაბრუნებას ყოველთვის ერიდებოდა.

სიტუაცია განსაკუთრებით 2014-15 წლებში გამწვავდა, როდესაც კარტერი ლეიბლთან Cash Money და მის დამფუძნებელ ბერდმენთან კონფლიქტის გამო დიდი ხნის წინ დაანონსებული ალბომის გამოშვებას Tha Carter V ვერ ახერხებდა. სწორედ ამ დროს ბერდმენი მსმენელის მიერ "ახალ ლილ უეინად" მონათლულ იანგ თაგს დაუახლოვდა. ამ უკანასკნელმა კი მალევე უეინით შთაგონებული მიქსტეიპი "Carter 6" დააანონსა. ცხადია, ნამუშევრის სახელწოდებამ ლუიზიანელი რეპერის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ეს მისი ალბომების ცნობილი სერიის დასახელება გახლდათ. კარტერმა იანგ თაგი კიდევ ერთხელ გადისა. მოგვიანებით ჯეფრიმ მიქსტეიპი სახელწოდებით "Barter 6" გამოაქვეყნა. დღემდე ის მუსიკოსის ერთ-ერთ გამორჩეულ ჩანაწერად ითვლება.

Gunna: იანგ თაგი დღეს საუკეთესო რეპერია

"ბარტერ ექვსის" პარალელურად ლილ უეინი ალბომს Free Weezy Album უშვებს, რომელიც არა მის ლეიბლზე, არამედ ბერდმენთან მოქიშპე ბრუკლინელი რეპერის, ჯეი ზის მუსიკალურ პლატფორმაზე Tidal ექსკლუზიურად გამოიცა. დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ორივე არტისტი ახალგავრცელებული სტუდიური ნამუშევრების პრომოუშენს ეწეოდნენ. თაგა ლილ უეინის მშობლიურ ლუიზიანას ეწვია. კონცერტი მსმენელის შეძახილების ფონზე ჩამთავრდა - ადგილობრივი პუბლიკა ქალაქის წარმომადგენელ კარტერის მიმართ გამოხატავდა მხარდაჭერას. თავის მხრივ, ლაივის ჩასატარებლად ლილ უეინი თაგას მშობლიურ მხარეს, ქალაქ ატლანტას ესტუმრა, რა დროსაც მისი ავტობუსი დაცხრილეს. ინციდენტში დამნაშავედ იანგ თაგთან აფილირებული პიროვნება სახელად Peewee ცნეს.

დღეს კოლეგებს კარგი ურთიერთობა აქვთ. მას შემდეგ არტისტებმა რამდენჯერმე ითანამშრომლეს. განსაკუთრებული მოწონება ტრეკმა Take Kare დაიმსახურა. წელს კი იანგ თაგმა მონაწილეობა ლილ უეინის ახალი მიქსტეიპის "No Ceilings 3" კომპოზიციაში Out West მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული