Thumbnail

მაიკლ ჯექსონის მიერ დაწუნებული სიმღერები, რომლებიც ჯასტინ ტიმბერლეიკმა ჩაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა 2002 წელს, პროდიუსერთა დუეტთან The Neptunes თანამშრომლობით, სადებიუტო სოლო ალბომი Justified გაავრცელა, რომლის ჟღერადობამაც მსმენელთა დიდ ნაწილს ლეგენდარული მაიკლ ჯექსონის შემოქმედება გაახსენა. როგორც REVOLT TV-ს პოდკასტში Drink Champs სტუმრობისას "ნეპტუნსის" ერთ-ერთმა წევრმა, ცნობილმა მუსიკოსმა, ფარელ უილიამსმა აღნიშნა, ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩანაწერში შესული კომპოზიციების უმეტესობა თავდაპირველად სწორედ ჯექსონისთვის დაიწერა. უილიამსის თქმით, მაიკლმა აღნიშნული სიმღერების გამოშვებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ისინი ტიმბერლეიკის სტუდიურ ნამუშევარში შევიდა.

ნახეთ: ფილმ Palmer-ის თრეილერი ჯასტინ ტიმბერლეიკის მონაწილეობით

ნახეთ: ენტონი კლემონსმა და ჯასტინ ტიმბერლეიკმა კომპოზიცია Better Days შეასრულეს

"მაშინ მაიკლის მენეჯერი ჯონ მაკკლეინი იყო. თითქმის ყველა კომპოზიცია, რომელიც ჯასტინის პირველ ალბომში მოგისმენიათ, თავდაპირველად მას გავუგზავნეთ. ერთის გარდა ყველა სიმღერა მაიკლისთვის იყო დაწერილი. მაკკლეინმა კი გვითხრა, ჯექსონს ეს ნამუშევრები არაფერში სჭირდება, ის ჩანაწერები უნდა, რომლებსაც რეპერ Noreaga-ს აძლევთ, მაგალითად, Superthug-იო", - გაიხსენა ფარელმა.

ჯასტინ ტიმბერლეიკი მაიკლ ჯექსონთან თანამშრომლობას მუდმივად ცდილობდა. 2001 წელს მან სწორედ ამ მიზნით დაწერა კომპოზიცია Gone, რომელიც საბოლოოდ მისი ჯგუფის NSYNC რიგით მესამე ალბომში Celebrity სინგლის სახით მოხვდა. რაც შეეხება ტიმბერლეიკის სადებიუტო სტუდიურ ნამუშევარს, მასში შესულ ერთ-ერთ ტრეკში (And She Said) Take Me Now მაიკლის და, მუსიკოსი ჯენეტ ჯექსონი მონაწილეობს. ჯასტინმა ჩანაწერზე იმ პერიოდში იმუშავა, როცა ოფიციალურად ჯერ კიდევ NSYNC-ის წევრი იყო. ალბომმა კომერციულ წარმატებას მიაღწია, მომღერალს გრემის ორი ჯილდო მოუტანა და მის სოლო კარიერას დაუდო სათავე.

საბოლოოდ ჯასტინმა მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ გამოშვებულ ალბომში Xscape შესულ სიმღერაში Love Never Felt So Good მიიღო მონაწილეობა, რომლის თავდაპირველი ვერსიაც ჯექსონისა და კანადელი მუსიკოსის, პოლ ენკას მიერ დემო ვერსიის სახით იყო ჩაწერილი. კომპოზიციაზე გადაღებული ვიდეორგოლი 2014 წლის მაისში გავრცელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული