Thumbnail

ნახეთ: ნიკი მინაჟი შვილის პირველ ფოტოებს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ონიკა მარაჟმა, ფსევდონიმით Nicki Minaj, შვილის პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. 38 წლის მუსიკოსის სამი თვის ვაჟი სურათებში ძვირადღირებული ბრენდების, მათ შორის Versace-სა და Fendi-ის ბავშვთა ხაზის სამოსით, თვლებით გაფორმებული ყელსაბამით, მაჯის საათითა და სამაჯურით არის აღბეჭდილი. რეპერმა ინსტაგრამის პოსტში ისიც გაამხილა, რას ეძახის ბავშვს მოფერებით.

ნახეთ: Nicki Minaj კლიპში ქართველი დიზაინერის სათვალით გამოჩნდა

"Papabear, დიდი მადლობა, რომ დედად ამირჩიე. ყველას მადლობას გიხდით იმ სიყვარულისთვის, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემ მიმართ გამოავლინეთ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სიყვარულით მოვიკითხავ ყველა სუპერგმირ დედას. მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა ქალს, რომლებიც ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ორსულად იყვნენ".

მუსიკოსს შვილის ფოტოებზე არაერთი კომენტარი დაუწერეს, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა. ვეტერანმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, 50 Cent-მა ბავშვს მეტსახელად Richie Rich შეარქვა.

"შეხედეთ მის ლოყებს. კიდევ ერთი სამხრეთელი შეგვემატა, მაგრამ ეს ბავშვი უკვე მდიდარია. ისეთი გამომეტყველება აქვს, მგონი, იცის, რომ უკვე ბევრი ფული აქვს. მისი სახელია Richie Rich", - დაწერა რეპერმა.

"მაგ ფუმფულა სახეს 24/7-ზე დავუზელდი", - აღნიშავს ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჰოლზი პოსტის კომენტარებში.

"ლამაზი ბიჭი", - წერს ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი.

ბიჭუნას ფოტოებს გამოეხმაურა ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი P. Diddy-ც.

ნიკი მინაჟს და მის ქმარს, კენეთ პეტს პირველი შვილი 2020 წლის 30 სექტემბერს შეეძინათ. წყვილმა რომანტიკული ურთიერთობა 2018 წელს დაიწყო, რასაც არტისტის თაყვანისმცემლების კრიტიკა მოჰყვა. პეტი წარსულში ჯერ გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, შემდეგ კი ადამიანის წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ნიკიმ და კენეთმა 2019 წლის ოქტომბერში იქორწინეს.

ნიკი მინაჟი და კენეთ პეტი

ნიკი მინაჟმა მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი შემსრულებლის წარმატება დიდწილად გაერთიანებას Cash Money Records უკავშირდება. რეპერის შემოქმედება კომერციულად წარმატებულ 4 სტუდიურ ალბომსა და მრავალ კოლაბორაციულ ნამუშევარს აერთიანებს. მუსიკოსი გრემის 10 ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, თუმცა, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ჯერჯერობით ვერ შეძლო. მას, მსოფლიო მასშტაბით, 100 მილიონამდე ჩანაწერი აქვს გაყიდული, რის შედეგადაც კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2016 წელს გამოცემამ Time არტისტი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული