Thumbnail

ბრიტანელმა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ სიმთვრალეში სელინ დიონი დაირქვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინგლისში, სტაფორდშირის საგრაფოში მცხოვრები მამაკაცი, 30 წლის ტომას დოდი ახალი წლის ღამეს, სიმთვრალეში, სახელისა და გვარის შესაცვლელად, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდს ესტუმრა, ონლაინ განაცხადი შეავსო და სელინ დიონი დაირქვა, რაშიც 89 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. როგორც მან მოგვიანებით გაიხსენა, კარანტინის პირობებში შობის ღამეს ტელევიზორთან, მომღერლის საკონცერტო ჩანაწერების ყურებაში ატარებდა, თან შამპანურს სვამდა, რა დროსაც სახელის შეცვლის იდეა გაუჩნდა.

ფოტოგალერეა: როგორ იცვლებოდა სელინ დიონის ჩაცმის სტილი წლების განმავლობაში

"ჩემი საქციელის შესახებ არაფერი ვიცოდი. სამსახურიდან შინ დავბრუნდი, საფოსტო ყუთში დიდი თეთრი კონვერტი დამხვდა - არ დაკეცოთო, ეწერა. სამზარეულოში შევედი და გავხსენი. პირველ რიგში, დაჯდომა მომინდა, რადგან ვერ ვიჯერებდი, რომ ეს გავაკეთე - შემდეგ საბანკო ანგარიშის ამონაწერი შევამოწმე და თანხა ნამდვილად მქონდა გადარიცხული. გულწრფელად გეუბნებით, საერთოდ არ მახსოვს, რა როგორ მოხდა. მხოლოდ ის მაგონდება, რომ სელინის კონცერტს ვუყურებდი შეზარხოშებული. რადგან აქამდე მივედი, ავდექი და დოკუმენტებზე ხელი მოვაწერე, სელინი უზომოდ მიყვარს", - ამბობს მომღერლის სუპერფანი.

როგორც მოგვიანებით მამაკაცმა გაზეთ Birmingham Live-თან საუბარში აღნიშნა, აინტერესებს, როგორ წარიმართება მისი ცხოვრება ახალი სახელითა და გვარით.

"ცოტა ვღელავ - როცა ვიტყვი, სელინ დიონი ვარ-მეთქი, გამრიყავენ. იმასაც განვიცდი, თუ როგორ უნდა ვუთხრა HR დეპარტამენტს, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართი შემიცვალონ. ასევე, ძალიან არ მინდა, პოლიციასთან პრობლემები შემექმნას, ახლა ბევრი დოკუმენტის შეცვლა მომიწევს. თუმცა, ჯერ არ ვიცი, ამ სახელის და გვარის ტარებას შესაძლოა, დადებითი მხარეებიც ჰქონდეს... ისე კი, დღეს დილით, შხაპის მიღებისას, სელინის სიმღერების შესრულება ვცადე და შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ მისი ხმა, ანაც საბანკო ანგარიშები არ გადმომცემია. თუ ამას თავად სელინი გაიგებს, ვისურვებდი თან დეფიბრილატორი მქონდეს გულის არითმიის დასარეგულირებლად", - აღნიშნავს ის.

სელინ დიონი საკუთარი სახელის და გვარის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფონზე

მას შემდეგ, რაც მამაკაცს არაერთი გამოცემა დაუკავშირდა ინტერვიუს ჩასაწერად, მან ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა:

"სელინ დიონად ყოფნა რთული ყოფილა".

კომენტარები

ბოლოს დამატებული