Thumbnail

რა აჩვენა მაიკლ ჯექსონის სხეულის ექსპერტიზამ მისი გარდაცვალების შემდეგ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს მსოფლიო ტურნეს This Is It დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად მედიკამენტური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული გულის გაჩერება დასახელდა. ცოტა ხნის წინ მედიაში მისი ცხედრის ექსპერტიზის ანგარიში გაასაჯაროვეს, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, როგორ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯექსონი სიკვდილის წინ. აღმოჩნდა, რომ 50 წლის არტისტი, რომელიც ლონდონში, ცნობილ O2 Arena-ზე დაგეგმილი კონცერტის სამზადისში იყო, ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა.

მაიკლ ჯექსონის რანჩო $22 მილიონად გაიყიდა - ახალი მფლობელის ვინაობა ცნობილია

რა ურჩია მაიკლ ჯექსონმა დას, ჯენეტს პოპულარობასთან გასამკლავებლად

მაიკლ ჯექსონის წარმომადგენლები HBO-სგან 100 მილიონ დოლარს მოითხოვენ

გამოცემა Express-ის ცნობით, ჯექსონი, რომლის სიმაღლეც 178 სანტიმეტრს აღწევდა, სიკვდილის წინ მხოლოდ 50 კილოგრამს იწონიდა, სხეულზე კი ნანემსრები, ნაკაწრები და სილურჯეები ემჩნეოდა.

"მხოლოდ ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. თმები დაცვენილი ჰქონდა, სიკვდილის წინ საკვებს საერთოდ არ იღებდა, მხოლოდ აბებს სვამდა. თეძოებსა და მხრებზე ნაჩხვლეტები მოუჩანდა, სავარაუდოდ, ტკივილგამაყუჩებელი ინიექციების გაკეთების გამო მიღებული. ნანემსრების კვალი ეტყობოდა, ფაქტობრივად, მთელ სხეულზე პლასტიკური ოპერაციების შედეგად მიღებულ იარებთან ერთად. ტუჩები ვარდისფერი, წარბები კი შავი პერმანენტული მაკიაჟით ჰქონდა გამოკვეთილი. თითქმის გამელოტებული იყო", - ნათქვამი იყო ექსპერტიზის ანგარიშში.

როგორც Express აღნიშნავს, თმის დაცვენის მიზეზი შესაძლოა, ჯერ კიდევ 1984 წელს მომხდარი ინციდენტი გამხდარიყო, როცა Pepsi-ს სარეკლამო რგოლის გადაღებისას შემთხვევით თმაზე ცეცხლი წაეკიდა.

მაიკლი "პეპსის" რეკლამის გადასაღებ მოედანზე

ექსპერტიზისვე თანახმად, ჯექსონს მუხლებსა და წვივებზე გაურკვეველი წარმომავლობის სილურჯეები ჰქონდა, ასევე, ზედაპირული ჭრილობები აღენიშნებოდა ზურგის არეში, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაეცა.

ოთახი, სადაც მაიკლ ჯექსონის ცხედარი იპოვეს

ლოს ანჯელესში, ჰოლმბი ჰილზის დასახლებაში მდებარე ნაქირავებ სახლში, უგონო მდგომარეობაში მყოფი არტისტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რონალდ რეიგანის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის შემდეგ მისი მკურნალი ექიმი, კონრად მიურეი დააკავეს, რომელიც უძილობით შეწუხებულ მაიკლს მრავალ მედიკამენტს უწერდა. 2011 წელს მიურეი სასამართლომ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ცნო დამნაშავედ და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე მიმავალი კონრად მიურეი

2009 წლის 7 ივლისს ლოს ანჯელესში მდებარე სტეიპლის ცენტრში მაიკლ ჯექსონის გამოსამშვიდობებელი ცერემონია ჩატარდა, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. არტისტი კალიფორნიაში, ქალაქ გლენდეილის კერძო სასაფლაოზე 3 სექტემბერს დაკრძალეს.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული