Thumbnail

ალბომის გარეკანი, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც ლანა დელ რეი გააკრიტიკეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ლანა დელ რეიმ მომავალი ალბომის Chemtrails Over the Country Club ტრეკლისტი და გარეკანი გაავრცელა, რომელზეც ახალგაზრდა ქალებისა და ორი ბავშვის გარემოცვაშია აღბეჭდილი. 35 წლის არტისტმა საჭიროდ ჩათვალა, განემარტა, რის მიხედვით შეარჩია სტუდიური ნამუშევრის ყდაზე გამოსახული ადამიანები.

ჟურნალ People-ის ცნობით, ლანა დელ რეი დაინიშნა

ნახეთ: ლანა დელ რეიმ ფელონის შოუში Let Me Love You Like a Woman შეასრულა

"რადგან მკითხეთ, გეტყვით, რომ ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. დიახ, ამ ალბომის გარეკანზე ფერადკანიანი ადამიანები არიან გამოსახული - ჩემი ლამაზი მეგობარი ვალერი მექსიკიდან, ჩემი უძვირფასესი ალექსი, არაჩვეულებრივი დაკოტა, ისევე, როგორც ჩემი უსაყვარლესი ტატიანა. ესენი ჩემი მეგობრები არიან, ეს ჩემი ცხოვრებაა.

ყოველთვის ძალიან ინკლუზიური ვიყავი ისე, რომ ამას არც კი ვცდილობდი. ჩემს საუკეთესო მეგობრებს შორის რეპერებიც არიან, ჰიპ ჰოპ არტისტი ბოიფრენდებიც მყოლია. ჩემს უახლოეს მეგობრებს სხვადასხვა წარმომავლობა აქვთ, ასე რომ, მანამ კიდევ დაწერდეთ რაიმეს ფერადკანიანთა თემაზე, გაითვალისწინეთ, მე პირდაპირი მნიშვნელობით სამყაროს ვცვლი იმით, რომ 24/7-ზე სიყვარულს გავცემ. პატივი ეცით ამას", - დაწერა მუსიკოსმა პოსტის კომენტარში, რომელიც მოგვიანებით წაშალა.

ინტერნეტმომხმარებლების აზრით, ლანა ამ სიტყვებით იმის გამართლებას შეეცადა, რომ ფოტოზე გამოსახულ ადამიანთა შორის აფროამერიკელები არ გვხვდებიან. ხოლო იმის დასამტკიცებლად, რომ შავკანიანებთანაც აქვს ურთიერთობა, მუსიკოსმა არასწორ გზას მიმართა.

"ყველაფერი არც ისე ცუდად იყო, მანამ რეპერების ნაწილზე არ გადავიდა და ისინი შავკანიანთა სინონიმად არ გამოიყენა".

"თეთრკანიანები, აზიელები და რეპერები".

"ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ასეთი რამ რატომ თქვი? არავინ გეკითხებოდა. ხვდები მაინც, რა უმეცრებაა, თქვა სიტყვა "რეპერი", როცა ადამიანის წარმომავლობაზე საუბრობ? ისევ ვიქნები შენი თაყვანისმცემელი, მაგრამ ამაში ხელს ნუ შემიშლი".

"ვიცი, რომ ლანა რასისტი არ არის, მაგრამ ძალიან გაუნათლებელია და აგრესიული ხდება, როცა შავკანიანები აკრიტიკებენ იმის ნაცვლად, რომ მათ მოუსმინოს - გამაღიზიანებელია", - აღნიშნავენ ინტერნეტმომხმარებლები.

კომენტარების ველში ლანას მხარდამჭერი ტექსტებიც შეგვხვდა:

"არაფერის ახსნა-განმარტება არ გჭირდება. ძალიან კარგია, რომ ალბომის გარეკანზე იმ ადამიანების გამოსახვა გადაწყვიტე, რომლებიც გიყვარს. ეს მათთდამი მეგობრობის გამოხატვის მშვენიერი საშუალებაა".

შემსრულებლის რიგით მეშვიდე ალბომის გავრცელება 7 მარტს იგეგმება. მასში 11 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორისაა Let Me Love You Like a Woman, რომელიც 2020 წლის 16 ოქტომბერს გავრცელდა.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული