Thumbnail

სლეშის და რობერტ ტრუჰილოს შვილებმა ბენდიდან სკოტ ვაილენდის ვაჟი გაუშვეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

როკ ჯგუფმა Suspect208, რომელიც Guns N’ Roses-ის გიტარისტის, სლეშის, Metallica-ს დრამერის, რობერტ ტრუჰილოსა და Stone Temple Pilots-ის გარდაცვლილი ვოკალისტის, სკოტ ვაილენდის შვილებმა - ლონდონ ჰადსონმა, ტაი ტრუჰილომ და ნოა ვაილენდმა ჩამოაყალიბეს 18 წლის გიტარისტ ნიკო ცანგარისთან ერთად, ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ვოკალისტს ეძებს. აქამდე ამ პოზიციას 20 წლის ვაილენდი იკავებდა, რომელსაც კოლექტივი დაატოვებინეს. ამის მიზეზად ჯგუფის წევრებმა ნოას ნარკოდამოკიდებულება დაასახელეს.

"როგორც ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, ნოა კოლექტივიდან გავუშვით. მასთან ძალიან ახლოს ვიყავით და ეს უკანასკნელი რამ იყო, რის გაკეთებასაც ვისურვებდით, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიხდა მისივე კეთილდღეობის გამო და იმისთვისაც, რომ ჩვენმა ჯგუფმა დიდხანს იარსებოს. ეს იყო ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქმიანობა გაგვეგრძელებინა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ნოას არ დაუწერია სიმღერის ტექსტები და საერთოდ არ გაუნაწილებია ის პასუხისმგებლობები, რომლებიც კოლექტივის წევრებს გვაკისრია. ამასთან, მოიხმარდა ნარკოტიკებს, რაც ხელს უშლიდა როგორც ჩვენს მეგობრობას, ისე შემოქმედებით საქმიანობას. მივედით იქამდე, რომ მცირე პრობლემების გადაჭრის მცდელობაც დიდ უთანხმოებას იწვევდა. ნოას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანია, მაგრამ უკვე ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, რომ დავხმარებოდით. ამას იმიტომ ვწერთ, რომ არ იყოს გაურკვევლობა და ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი გახდეს ცნობილი. გთხოვთ, ნოას უარყოფით შეტყობინებებს ნუ გაუგზავნით", - ნათქვამია კოლექტივის განცხადებაში.

მანამ Suspect208 ვაკანსიას გამოაცხადებდა, ნოა ვაილენდმა ინსტაგრამის პირად გვერდზე სთორები გამოაქვეყნა.

"სასაცილოა, რომ ჯგუფი, რომელშიც ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა, ყალბი და თვალთმაქცი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც ცდილობენ, საკუთარი ბენდი დამატოვებინონ. ყოველი პოსტი, თითო დაწერილი სიტყვა, სიმღერის ქავერი, ტექსტები, შემოქმედებითი მიმართულება, ვიდეოკლიპების იდეები და მუსიკის გავრცელებასთან დაკავშირებული გეგმები მე მეკუთვნოდა. მთელი კონცეფცია ჩემს ზურგს უკან ისე შეცვალეს, რომ არავინ არაფერი მითხრა. მე კი რა არ გამოვიარე, რომ გამერკვია, რატომ იქცეოდა ყველა ასე საეჭვოდ. ყველაფერი დამთავრებულია. არავინ მჭირდება. მალე დავბრუნდები", - დაწერა მან.

ჯგუფ Suspect208-ის მიერ გამოცხადებული ვაკანსიის თანახმად, კოლექტივში მოხვედრის მსურველი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

"ვეძებთ ვოკალისტს შემდეგი პირობებით: 18-დან 24 წლამდე; უნდა ცხოვრობდეს ლოს ანჯელესში. კასტინგზე დასაშვებად აუცილებელია, გამოგვიგზავნოთ ჩანაწერი, რომელშიც Led Zeppelin-ის Black Dog-ს ასრულებთ. აგრეთვე დაგვისახელოთ სამი მუსიკოსი, რომლებმაც თქვენზე გავლენა მოახდინეს", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 18 წლის ლონდონისა და 20 წლის ნოას მშობლები, სლეში და სკოტ ვაილენდი სუპერჯგუფის Velvet Revolver წევრები იყვნენ.

ახალგაზრდა მუსიკოსების მიერ ლოს ანჯელესში ჩამოყალიბებულმა ბენდმა Suspect208 სადებიუტო სინგლი Long Awaited 2020 წლის ნოემბერში გამოუშვა, რასაც დეკემბერში გავრცელებული კომპოზიცია All Black მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ჯგუფს პირველ EP-ზე მუშაობა დაწყებული აქვს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული