Thumbnail

Freddie Gibbs: მეთრო ბუმინმა თანამშრომლობა შემომთავაზა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კარიერის მწვერვალზე მყოფი გენგსთა რეპერი, ფრედი გიბსი, რომლის 2020 წლის სტუდიური ნამუშევარი Alfredo გრემის 2021 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო რეპ ალბომის" ნომინაციაშია წარდგენილი, მოღვაწეობის ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს. კლასიკური ალბომების ნაცვლად, ინდიანელ ემსის ამჯერად თანამედროვე პროდიუსერებთან თანამშრომლობა და ჰიტების შექმნა სურს. ამის შესახებ ფრედიმ გამოცემა Vulture-თან ინტერვიუში ისაუბრა.

Freddie Gibbs: ქენდრიქ ლამარი და ბლექ თოთი დღეს საუკეთესო რეპერები არიან

ნახეთ: Freddie Gibbs x Big Sean x Hit-Boy - 4 Thangs

მოუსმინეთ: Conway x Freddie Gibbs - Seen Everything But Jesus

"მედლიბთან და ალქემისთთან თანამშრომლობა ნამდვილი გამოწვევა იყო და მე ამას დავთანხმდი. რომ არა მედლიბთან ერთად შექმნილი ალბომები Piñata და Bandana, სავარაუდოდ, ალქემისთთან აღარ ვიმუშავებდი. ხალხი ამბობს, რომ მე საუკეთესო რეპერი ვარ და ახლა ამ სტატუსის დაცვის დროა. პარალელურად ბევრი ძლიერი ემსი მოღვაწეობს, თუმცა, ჩემი ხელწერა ინდივიდუალური და გამორჩეულია. დავამტკიცე, რომ კლასიკური ალბომების შექმნა შემიძლია. ახლა კი მსურს, ჰიტები ჩავწერო, რომლებიც ყველგან იტრიალებს. პროდიუსერ ჰით-ბოის შემდეგ, თანამშრომლობა მეთრო ბუმინმა შემომთავაზა და მე ამისთვის მზად ვარ. ასევე, მინდა, რამდენიმე კლუბური ბენგერი შევქმნა. ცოტა ხნის წინ მე და ვალეიმ ვიმუშავეთ. ამასთან, Tobe Nwigwe-სთან კოლაბორაციით ვარ დაინტერესებული. მისი მსგავსი მუსიკოსები შთაგონებას მაძლევენ. თუმცა, დღეს ჩემი საყვარელი შემსრულებელი Future გახლავთ. დღე არ გავა, მასა და თუფაქს არ მოვუსმინო", - აღნიშნა გიბსმა.

ფრედიმ მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. დღეისთვის გენგსთა რეპერის დისკოგრაფიაში 4 სოლო ალბომი, ამდენივე კოლაბორაციული ალბომი, 19 ოფიციალური მიქსტეიპი და რვა EP ერთიანდება. მისი მთავარი წარმატება ჟანრის ყველა დროის გამორჩეულ პროდიუსერთან, მედლიბთან თანამშრომლობას და მათ მიერ 2014-19 წლებში გამოცემულ ერთობლივ ნამუშევრებს Piñata და Bandana უკავშირდება. ინდიანელი ემსისა და კალიფორნიელი მუსიკოსის, ალქემისთის კოლაბორაციული ჩანაწერი Alfredo გრემის 2021 დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ალბომის" კატეგორიაშია წარდგენილი. მუსიკის კრიტიკოსები ფრედის ტექნიკურად სრულყოფილ და სტილისტურად მრავალფეროვან არტისტს უწოდებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული