Thumbnail

რატომ ფიქრობდნენ ფანები, რომ ელვის პრესლიმ საკუთარი სიკვდილი გაითამაშა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ელვის პრესლის თაყვანისმცემლების ნაწილს თავიანთი კერპის გარდაცვალების დაჯერება იმდენად გაუჭირდათ, რომ ირწმუნეს, თითქოს არტისტმა სიკვდილი გაითამაშა და ჩრდილში ცხოვრება გადაწყვიტა. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, პრესლი გამუდმებით ყურადღების ცენტრში ყოფნამ დაღალა, სხვებს კი უფრო დამაჯერებლად ის ვერსია ეჩვენებოდათ, რომ ელვისი ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფებისგან გადასარჩენად მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართეს. მითქმა-მოთქმას მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ შტატ მიჩიგანის ქალაქ კალამაზუში გავრცელებულმა ცნობამ შეუწყო ხელი.

კარიერის დასაწყისში ელვის პრესლი თმის შესაღებად ფეხსაცმლის საცხს იყენებდა

ნახეთ: ელვის პრესლის სახლ-მუზეუმი დააზიანეს

1988 წელს გამოჩნდა მიჩიგანელი ქალი, 50 წლის ლუიზ ველინგი, რომელიც ამტკიცებდა, რომ, ადგილობრივ სუპერმარკეტში Felpausch სტუმრობისას, თეთრ კომბინეზონში გამოწყობილი, რიგში მდგომი ელვისი დაინახა.

"ყველაფერი ძალიან ცხადად მახსოვს. ეკლესიის შემდეგ სურსათის მაღაზიაში წავედი. სალაროსთან დავდექი, თავი ავწიე და უცებ ელვისი დავინახე. ვერ ვიჯერებდი. ლაპარაკის უნარი დავკარგე. ხომ ხვდებით, ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ წინ ის დამხვდებოდა. შოკში ვიყავი. ხელში ბაიკერის ჩაფხუტი ეჭირა და თეთრი კომბინეზონი ეცვა. მოდური არა, უბრალო კომბინეზონი იყო. წონა დაეკლო და ყურთან წვერიც გაეპარსა. მასთან არ მისაუბრია, მორცხვი ადამიანი ვარ", - ამბობდა ლუიზ ველინგი ერთ-ერთი გაზეთთან ინტერვიუში.

მოგვიანებით კი ამავე ადამიანს ველინგის ქალიშვილმა მოჰკრა თვალი ქალაქის სხვა ქუჩაზე. ამჯერად ეს პიროვნება Burger King-ში იმყოფებოდა და Whoppers-ის რძიანი შოკოლადის ბურთულებს შეექცეოდა. ფანებმა ესეც საყურადღებო გარემოებად მიიჩნიეს, რადგან იცოდნენ, რომ "ბურგერ კინგი" მუსიკოსის საყვარელი სწრაფი კვების ობიექტი იყო.

იმის მიუხედავად, რომ როკ-ენ-როლის ლეგენდას ბევრი მიმდევარი ჰყავდა და შესაძლებელი იყო, მისი იმიჯით ვინმე გამოჩენილიყო, ფანების ნაწილს მაინც ჰქონდა იმედი, რომ ერთ დღეს თავადაც გადაეყრებოდნენ ქუჩაში ფავორიტ არტისტს, რომელიც 1977 წლის 16 აგვისტოს ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მდებარე გრეისლენდის რეზიდენციაში ქალიშვილის, ლიზა მერი პრესლისა და საცოლის, ჯინჯერ ოლდენის გარემოცვაში გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის გაჩერება სახელდება, ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ პრესლის ორგანიზმში 10 სხვადასხვა პრეპარატი გამოავლინა, მათ შორის კოდეინი, დიაზეპამი და სხვა დამამშვიდებელი საშუალებები.

ელვის პრესლი მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can't Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული