Thumbnail

როგორ გადაურჩა მაიკლ ჯექსონი სიკვდილს სიმღერაზე Billie Jean მუშაობისას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მაიკლ ჯექსონმა ავტობიოგრაფიულ წიგნში Moonwalk თავისი ჰიტის Billie Jean შექმნის პროცესი აღწერა. მისი თქმით, მუდმივად ამ სიმღერის მელოდიაზე ფიქრი იმდენად უშლიდა ხელს სხვა ყველაფერზე კონცენტრირებაში, რომ ერთხელ საჭესთან მჯდომმა ისიც კი ვერ შეამჩნია, რომ მისი მანქანა კვამლში იყო გახვეული.

რა აჩვენა მაიკლ ჯექსონის სხეულის ექსპერტიზამ მისი გარდაცვალების შემდეგ

მაიკლ ჯექსონისა და ფრედი მერკურის სიმღერა, რომელიც 33 წლის შემდეგ გავრცელდა

"ერთხელ სტუდიიდან შესვენებაზე გავედი. ვენტურა ფრივეის ავტობანზე მივქროდი, მანქანაში ნელსონ ჰეისონი მეჯდა, რომელიც მაშინ ჩემთან მუშაობდა. იმ პერიოდში სულ Billie Jean მიტრიალებდა თავში, მხოლოდ ამ სიმღერაზე ვფიქრობდი. ჩქაროსნული მაგისტრალი თითქმის გავლილი მქონდა, როცა მოტოციკლით ბავშვი ამოგვიდგა გვერდში და გვითხრა, თქვენი ავტომობილი იწვისო. უეცრად კვამლი შევნიშნეთ და გზიდან გადავედით. Rolls-Royce-ს, რომლითაც ვმგზავრობდით, მთელ სავალ ნაწილზე ცეცხლი ჰქონდა მოდებული. შეიძლება, ითქვას, იმ მოზარდმა გადაგვარჩინა. მანქანა რომ აფეთქებულიყო, ნამდვილად დავიხოცებოდით, მე კი იმდენად ვიყავი გატაცებული მელოდიით, რომელიც თავში მიტრიალებდა, რომ ბოლო წუთამდე ვერ აღვიქვი, რომ ასეთი საშინელება შეიძლებოდა, მომხდარიყო. მაშინაც კი, როცა ცეცხლის ჩაქრობაში დაგვეხმარნენ და იმას განვიხილავდით, თუ როგორ მივსულიყავით დანიშნულების ადგილამდე, გონებაში ახალ მელოდიას ვაწყობდი, რომლითაც სიმღერას შევავსებდი. აი, ასე ჩამითრია Billie Jean-მა", - იხსენებდა მაიკლი.

ჯექსონის რიგით მეექვსე სტუდიურ ჩანაწერში Thriller შესული კომპოზიცია შემსრულებლის კომერციულად ყველაზე წარმატებულ სინგლად მიიჩნევა. ნამუშევარმა, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა, მუსიკოსს გრემის ორი ჯილდო მოუტანა. ჟურნალმა "როლინგ სთოუნმა" ის ყველა დროის საუკეთესო 500 სიმღერის ნუსხაში შეიყვანა, კომპოზიცია ასევე როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შევიდა იმ 500 ჩანაწერს შორის, რომლებმაც ეს ჟანრი განსაზღვრეს.

რატომ იტირა მაიკლ ჯექსონმა Moonwalk-ის პირველად შესრულების შემდეგ

Billie Jean-ის პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის მასზე გადაღებულ კლიპს, რომელიც 1983 წელს გამოვიდა. მას შემდეგ, რაც ვიდეორგოლი სატელევიზიო ეთერებით, მათ შორის MTV-ზე გადაიცა, ალბომის Thriller გაყიდვებმა 10 მილიონი ეგზემპლარით მოიმატა. 1992 წელს კლიპი მუსიკალური ვიდეოების შემქმნელთა დიდების დარბაზში შეიყვანეს. 2005 წელს ის პოპვარსკვლავების, ვიდეორეჟისორების, აგენტებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ ყველა დროს 20 საუკეთესო ვიდეორგოლს შორის დაასახელა, მედიაკომპანიამ TV Guide და MTV-მ კი კლიპი საუკუნის 35 საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს სიაში ჩაწერეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სიმღერის ფონზე შეასრულა ჯექსონმა სცენაზე პირველად Moonwalk, რის შემდეგაც ეს საცეკვაო მოძრაობა Billie Jean-ზე დადგმული პერფორმანსის განუყოფელ ნაწილად იქცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული