Thumbnail

7 უწყინარი სიმღერა, რომელიც ცენზურის მსხვერპლი გახდა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

სხვადასხვა ეპოქასა თუ ქვეყანაში ცენზორებს არაერთი სიმღერა აქვთ აკრძალული, რისი საფუძველიც ტექსტში ძალადობისკენ მოწოდება, უწმაწური ლექსიკა ან დაწესებულ ნორმებთან სხვა სახის შეუსაბამობები ხდებოდა. თუმცა, მუსიკის ისტორიას ისეთი შემთხვევებიც ახსოვს, როდესაც რადიოსადგურებმა და ტელეარხებმა შავ სიაში სრულიად უწყინარი, ზედმიწევნით კორექტული ნამუშევრები ერთიმეორეზე უცნაური მიზეზის გამო შეიტანეს.

ჩვენს სტატიაში სწორედ შვიდ ასეთ გამორჩეულ ჩანაწერს წარმოგიდგენთ.

7. Blondie - Atomic

ამერიკული ნიუ ვეივ კოლექტივის, Blondie-ის მიერ სიყვარულის შესახებ დაწერილი სიმღერა Atomic ცენზურის მსხვერპლი მხოლოდ და მხოლოდ მისი სახელწოდების გამო გახდა. 1990 წელს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის დროს სამაუწყებლო კომპანიამ BBC ეთერში სამოცზე მეტი ისეთი კომპოზიციის გაშვება აკრძალა, რომელთა სათაურსა თუ ლირიკასაც შეიარაღებულ კონფლიქტზე რაიმე სახით მინიშნება შეეძლო. განსაკუთრებით საინტერესოა შავ სიაში ბრისტოლური ტრიპ ჰოპ ბენდის, Massive Attack-ის ჩანაწერის Unfinished Sympathy მოხვედრა, რის მიზეზადაც არა უშუალოდ ნამუშევრის შინაარსი, არამედ თავად ჯგუფის სახელწოდება იქცა.

6. The Beach Boys - God Only Knows

სამყაროში ცოტა თუ მოიძებნება ისეთი უწყინარი, პოზიტიური, ლამაზი და დახვეწილი სიმღერა, როგორიცაა The Beach Boys-ის 1966 წლის ჰიტი God Only Knows. თუმცა, ფანატიკოსმა ქრისტიანებმა კომპოზიციაში რეფრენად გაჟღერებული ფრაზა God Only Knows, What I'd be Without You ("მხოლოდ ღმერთმა იცის, რა ვიქნებოდი შენ გარეშე") მკრეხელობად მიიჩნიეს, რის გამოც ჩანაწერი რამდენიმე რადიოსადგურმა შავ სიაში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ კალიფორნიული ჯგუფის ლიდერი და ნამუშევრის ავტორი, ბრაიან ვილსონი მსგავს რეაქციას ელოდებოდა და ტექსტის შეცვლაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ მისი თავდაპირველი ვერსია ხელუხლებლად დატოვა.

5. The Munchkins - Ding-Dong! The Witch is Dead

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი ბევრ მის თანამემამულეს დღემდე ბრმად სძულს. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ 2013 წელს მისი გარდაცვალება ქვეყნის მოსახლეობის ნაწილისათვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა, სოციალურ ქსელებში კი კამპანია დაიწყო, რომლის მიზანსაც პოპულარულ მიუზიკლში "ოზის ჯადოქარი" გაჟღერებული სიმღერის Ding-Dong! The Witch is Dead ("დინგ-დონგ! ალქაჯი მკვდარია") ადგილობრივი ჩარტების სათავეში მოქცევა წარმოადგენდა. თუმცა, BBC Radio 1-ის მესვეურებმა მსგავსი ქმედება მიცვალებულის ხსოვნის შეურაცხყოფად მიიჩნიეს და ჩანაწერი გარკვეული დროით დაბლოკეს.

4. Lorde - Royals

ჩვენს სტატიაში მოთხრობილი შემთხვევებიდან ეს ისტორია განსაკუთრებით სახალისოა. 2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ბეისბოლის მთავარ ლიგაში ერთმანეთს "კანზას სითი როიალსი" და "სან ფრანცისკო ჯაიანთსი" დაუპირისპირდნენ. კანზასური გუნდის გულშემატკივრებმა იმ პერიოდში პოპულარობის ზენიტში მყოფი ახალზელანდიელი მუსიკოსის, ლორდის ჰიტი Royals თავიანთ არაოფიციალურ ჰიმნად აქციეს, სან ფრანცისკოელებმა კი ეს ფაქტი გულთან იმდენად ახლოს მიიტანეს, რომ რამდენიმე ადგილობრივმა რადიოსადგურმა კომპოზიცია როტაციიდან ამოიღო. ჩანაწერი ეთერში მხოლოდ დაძაბული სერიის შემდეგ დაბრუნდა, რომელშიც კალიფორნიელებმა ანგარიშით 4:3 იმარჯვეს.

3. Perry Como - Deep in the Heart of Texas

ამ უწყინარი კომპოზიციის შავ სიაში შეყვანისას სამაუწყებლო კომპანია BBC-ის მესვეურებს უკიდურესად პრაგმატული მიზნები ამოძრავებდათ. ამერიკელი შემსრულებლის, პერი კომოს ბალადა 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიცა. დიდ ბრიტანეთს, ისევე, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებს, უმძიმესი პერიოდი ედგა და მუშახელის თუნდაც რამდენიმე წუთით მოცდენა დაუშვებელი იყო. ადგილობრივ ქარხნებში დასაქმებული ადამიანები კი, რამდენჯერაც რადიომიმღებში ამ სიმღერის ჩამთრევ მელოდიას მოჰკრავდნენ ყურს, იმდენჯერ თავადაც ტაშით ჰყვებოდნენ, რის გამოც მათი პროდუქტიულობა მცირდებოდა.

2. Link Wray & His Ray Men - Rumble

ამერიკელი მუსიკოსის, ლინკ რეის ამ ეპოქალური კომპოზიციის აკრძალვის ფაქტი ყოვლად უპრეცედენტო შემთხვევაა - დისთორშენის ეფექტზე აგებული ერთ-ერთი პირველი ჩანაწერი როკ-ენ-როლის ისტორიაში თავიდან ბოლომდე ინსტრუმენტულია. დიახ, მას ტექსტი საერთოდ არ აქვს. 1958 წელს ნამუშევრის შავ სიაში შეყვანის საფუძვლად კი რადიოსადგურებმა მისი სახელწოდება დაასახელეს, რომელიც სლენგზე ხელჩართულ ჩხუბს ნიშნავს. თუმცა, კვენტინ ტარანტინოს სურათის "მაკულატურა" საუნდტრეკად ქცეული კომპოზიციის მოსმენისას აშკარა ხდება, რომ ცენზორთა მხრიდან მის მიმართ ამგვარი მიდგომა იმ ეპოქისთვის უჩვეულო, უცნაური ენერგიით დამუხტულმა ჟღერადობამ განაპირობა და არა რომელიმე სხვა, ყურით მოთრეულმა მიზეზმა.

1. The Kinks - Lola

1970-იან წლებში ქალის სამოსში გამოწყობილი მამაკაცის შესახებ დაწერილი კომპოზიცია, ფაქტობრივად, განწირული იყო BBC-ის შავ სიაში მოსახვედრად, თუმცა რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ლეგენდარული როკ კოლექტივის The Kinks ჰიტმა Lola ამ კომპანიის მესვეურთა ყურადღება სრულიად სხვა მიზეზის გამო მიიქცია. სიმღერაში გვხვდება ფრაზა "მე ის სოჰოში მდებარე კლუბში გავიცანი, სადაც შამპანურს სვამდნენ, რომელსაც კოკა-კოლის გემო ჰქონდა". BBC-ის პოლიტიკის თანახმად კი მსგავსი ტექსტი ღია რეკლამად მიიჩნეოდა. კომპოზიცია ეთერიდან ამოიღეს, ბენდის ფრონტმენ რეი დევისს კი ნიუ იორკიდან ლონდონში ჩაფრენა მოუხდა, რათა მისი განახლებული ვერსია ჩაეწერა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული