Thumbnail

პირველი კონცერტი, რომელსაც პანდემიის დაწყების შემდეგ 20 000 ადამიანი დაესწრო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ახალ ზელანდიაში 16 იანვარს ადგილობრივი ბენდის, Six60-ის კონცერტი გაიმართა, რომელსაც 20 000 ადამიანი დაესწრო. ეს ყველაზე მასშტაბური შოუა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსოფლიოში დაწესებული შეზღუდვების ფონზე დღემდე ჩატარებულა. როგორც გაზეთი Metro იუწყება, ნორთლენდის რეგიონში მდებარე ვაიტანგის სპორტულ მოედანზე შეკრებილი აუდიტორია არც სოციალურ დისტანცირებას იცავდა და არც პირბადეს ატარებდა.

"გიტარისტი კრის მაკი ახლო კონტაქტშიც კი შევიდა კონცერტზე დამსწრეებთან, რომლებსაც სოციალური დისტანცირების წესის დაცვა საერთოდ არ მოეთხოვებოდათ", - წერს გამოცემა.

კრის მაკი კონცერტზე

ღონისძიების დასრულების შემდეგ ჯგუფის ვოკალისტმა, მეთიუ უოლტერსმა ადგილობრივ ჟურნალს The Northern Advocate განუცხადა:

"იმან, რომ აქ ერთად ვართ და შეკრება შეგვიძლია მაშინ, როცა დანარჩენი სამყაროსთვის ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, კარგად დაგვანახა, თუ რამდენად ეფექტურად გაუმკლავდა ჩვენი ქვეყანა პანდემიას და როგორც გაგვიმართლა. ძალიან ვამაყობ, რომ კორონავირუსი ყველამ ერთობლივი ძალებით მოვიგერიეთ".

ეს პირველი შოუ იყო ტურნედან, რომლის ჩატარებაც Six60-მა ახალი ზელანდიის მასშტაბით დაიწყო. სხვა ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვების გამო ბენდს საერთაშორისო კონცერტები გაუქმებული აქვს.

15 იანვრის მონაცემებით, ახალ ზელანდიაში ჯამში კორონავირუსის 2 246 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოცემა Metro-ს ცნობით, ქვეყანაში გამოცხადებული განგაშის დონე მინიმალურ ნიშნულამდეა დაყვანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს აღარ მოუწოდებენ სოციალური დისტანცირების დაცვისკენ და პირბადის ტარების რეკომენდაციაც მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქმედებს გარდა ქალაქ ოკლენდისა, სადაც ადამიანებს ეს კანონით მოეთხოვებათ. უცხო ქვეყნიდან შესული პირები კი ვირუსზე ტესტირებასა და 14-დღიან იზოლაციას გადიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული