Thumbnail

რიუიჩი საკამოტოს კიბოს დიაგნოზი მეორედ დაუსვეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ იაპონელ კომპოზიტორს, რიუიჩი საკამოტოს სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ განცხადება მუსიკოსმა საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე თავად გაავრცელა. საკამოტოს სიმსივნე უკვე მეორედ დაუდგინდა. პირველად ის 2014 წელს ყელის კიბოთი დაავადდა.

"ყელის კიბოს დიაგნოზის დასმიდან 6 წლის შემდეგ, სწორი ნაწლავის კიბო დამიდგინდა, ეს ამბავი ძალიან დამთრგუნველია ჩემთვის. მადლობა ბრწყინვალე ექიმებს, რომლებმაც ქირურგიული ოპერაცია წარმატებით გამიკეთეს, უკვე მკურნალობის კურსი მაქვს დაწყებული. იმ განუზომელი სირთულეების ფონზე, რასაც პანდემიის დროს სამედიცინო დაწესებულებები და ჯანდაცვის მუშაკები აწყდებიან, პაციენტების გადასარჩენად თავდაუზოგავი შრომა ნამდვილ აღფრთოვანებას იმსახურებს. ამისთვის მინდა, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შორ მანძილებზე მოგზაურობა გამიჭირდება. თუმცა, მკურნალობის პერიოდში მუშაობას გავარძელებ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება ჩემთვის. ზოგჯერ, ალბათ, გეგმები ჩამეშლება. გულწრფელად ვიხდი ბოდიშს იმ უხერხულობისთვის, რაც შეიძლება, წარმოიშვას მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. ამიერიდან კიბოსთან ერთად მომიწევს ცხოვრება. ვიმედოვნებ, რომ მუსიკის შექმნას ცოტა უფრო მეტხანს მოვახერხებ. მადლობა მხარში დგომისთვის", - ნათქვამია საკამოტოს განცხადებაში.

საკამოტომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო. ის ელექტრონული მუსიკის არაერთი ქვეჟანრის პიონერია. არტისტს ბაფტა, გრემისა და ოსკარის ჯილდოები, ასევე, ორი ოქროს გლობუსი აქვს მოპოვებული. ის რამდენიმე ანიმესა და ვიდეოთამაშის კომპოზიტორი და სცენარის ავტორია. საკამოტომ 1978 წელს ჰარუომი ჰოსონოსა და იუკიჰირო ტაკაჰაშისთან ერთად ჯგუფი Yellow Magic Orchestra შექმნა, რომელმაც პოპულარული მუსიკის განვითარების გზა სამუდამოდ შეცვალა. ბენდმა უდიდესი გავლენა მოახდინა, როგორც 1980-იანი წლების სინთპოპზე (Duran Duran, Depeche Mode, The Human League და სხვა), ასევე დეტროიტულ ტექნოზე. ამასთან, კოლექტივის ნამუშევრებიდან აღებული სემპლები საკუთარ შემოქმედებაში არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა გამოიყენა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული