Thumbnail

ნახეთ: ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის თრეილერი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის Framing Britney Spears (ბრიტნი სპირსის ჩარჩოებში მოქცევა) თრეილერი გავრცელდა. სურათში მომღერლის კარიერაში შექმნილ პრობლემებსა და მის მეურვეობასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებზე იქნება მოთხრობილი. იხილავთ ინტერვიუებს ბრიტნის ადვოკატებთან და მასთან დაახლოებულ პირებთან. გამოცემა The New York Times-ისა და კომპანია Left/Right Productions-ის ერთობლივი ნამუშევრის პრემიერა 5 თებერვალს ტელეკომპანია FX-სა და პლატფორმა Hulu-ზე შედგება.

ჯეიმი სპირსი: ჩემი გოგონა, ბრიტნი ოთხი თვეა, არ მელაპარაკება

ადვოკატი: ბრიტნი სცენას არ დაუბრუნდება, თუ ისევ მამა გააკონტროლებს

ფილმი The New York Times-ის დოკუმენტური სერიების The New York Times Presents ფარგლებში გადაიღეს. სურათის პროდიუსერებიც სწორედ ამავე გამოცემის ჟურნალისტები არიან.

მუსიკოსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ, სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

2019 წელს ჯეიმი სპირსი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, დროებით ჩამოშორდა მეურვეობას, რა დროსაც ის ბრიტნის მენეჯერმა, ჯოდი მონტგომერიმ შეცვალა. გასული წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, მამის ნაცვლად მუდმივ მეურვედ სწორედ მონტგომერი დარჩენილიყო, რაც არ დაკმაყოფილდა და ჯეიმი სპირსს თავისი უფლება-მოვალეობა დაუბრუნდა. თუმცა, ბრიტნის ფინანსების განკარგვის ნაწილში სასამართლომ მუსიკოსის პოზიცია გაიზიარა და, ჯეიმის გარდა, პროცესში კერძო კომპანია Bessemer Trust ჩართო.

მოუსმინეთ: ბრიტნი სპირსმა და Backstreet Boys-მა სიმღერა Matches გაავრცელეს

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული