Thumbnail

Megan Thee Stallion თორი ლეინზს: ჩემი დაჭრის გამო აუცილებლად წახვალ ციხეში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიუსტონელი რეპერი, მეგან პიტი, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ტვიტერზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, თითქოს კანადელ მუსიკოს Tory Lanez-ს მისი დაჭრის საქმეზე წარდგენილი ბრალი მოუხსნეს. ამის დასტურად ინტერნეტში ლოს ანჯელესის რაიონული სასამართლოს ვებგვერდის სქრინშოთები ვრცელდებოდა, რომელზეც აღნიშნული იყო, რომ 8 ოქტომბერს ჩანიშნული სხდომა არ გამართულა და ის არც მომავალში იყო დაგეგმილი. როგორც მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, პრეზიდენტის ინაუგურაციის გამო საქმის მოსმენა 25 თებერვლისთვის გადაიდო, საიტზე კი ინფორმაცია ჯერ არ იყო განახლებული.

Megan Thee Stallion საუბრობს, რატომ აღიზიანებთ კაცებს კომპოზიცია WAP

Megan Thee Stallion: თორი ლეინზი მეხვეწებოდა, პოლიციასთან არ ჩამიშვაო

"უკვე მოთმინებას ვკარგავ. შეწყვიტეთ ყველაფრის დაჯერება, რასაც ინტერნეტში კითხულობთ. წარმოიდგინეთ, როგორია ჩემთვის, ყოველდღე ვიღვიძებდე და ვხედავდე, რომ ხალხი იტყუება და ჩემი ტრავმა ხუმრობაში გადაჰყავს. ადამიანთა ჯგუფი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ ჩემი ისტორია არადამაჯერებელი გახადოს და მედია ამ ყეელაფერს ჭამს".

"შავკანიან ქალებს მხოლოდ ონლაინ სივრცეში იცავთ, მაგრამ, როცა ვამბობ, რომ დამჭრეს, ამას ეჭვის თვალით უყურებთ".

"პირველი სასამართლო სხდომის თარიღი ინაუგურაციის გამო გადაიტანეს. მოუთმენლად ველოდები, როდის გაირკვევა სიმართლე. შენ მე მესროლე და ამისთვის აუცილებლად წახვალ ციხეში", - მიმართავს მეგანი თორი ლეინზს.

მეგანი 2020 წლის 12 ივლისს ლოს ანჯელესში მილიარდერი ტელევარსკვლავის, კაილი ჯენერის წვეულებაზე იმყოფებოდა, რომლის დატოვების შემდეგაც თორი ლეინზის ავტომობილში ესროლეს. ქალი თავდამსხმელის ვინაობას თავდაპირველად არ ასახელებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ლეინზმა ბრალდება საჯაროდ, ინტერვიუებსა და ახალ კომპოზიციებში, უარყო, გაღიზიანებულმა თორის ღიად დაადო ხელი. თორის გამოძიება ცეცხლსასროლის იარაღის უკანონო ფლობას და მეგანისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებას ედავება.

გამოცემა TMZ-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გადმოდიან თორის მანქანიდან პოლიციის მითითებით მეგანი და მისი მეგობარი. კადრებში აგრეთვე ვხედავთ, რომ სთელიონს ფეხიდან სისხლი სდის.

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. 2021 წლის გრემიზე ის ოთხ ნომინაციაში, მათ შორის, წლის ჩანაწერის კატეგორიაშია წარდგენილი კომპოზიციის Savage რემიქსით, რომელშიც პოპვარსკვლავი ბიონსე მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული