Thumbnail

ცოცხალი მუსიკა საქორწინო ცერემონიის სასურველ და სრულიად ჩვეულებრივ ნაწილად მიიჩნევა. თუმცა, სრულიად სხვა საქმეა, როდესაც შეკრებილი სტუმრების წინაშე რიგითი შემსრულებლების ნაცვლად საქვეყნოდ ცნობილი არტისტები გამოდიან. მსგავსი შემთხვევები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და ხშირად მედიის ინტერესის საგანიც ხდება.

ჩვენს სტატიაში სწორედ იმ 5 ქორწილის შესახებ მოგითხრობთ, რომელზეც მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავებს აქვთ ნამღერი.

5. ანდრეა ბოჩელი & ლანა დელ რეი

ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთისა და სატელევიზიო რეალითი შოუს ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის გრანდიოზული ქორწილი 2014 წლის 24 მაისს ფლორენციაში მდებარე ბელვედერის ციხესიმაგრეში შედგა. საქორწინო ფიცის დადებისას წყვილს აკომპანემენტს საოპერო მუსიკის ლეგენდა, იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი უწევდა. ცერემონიამდე ერთი დღით ადრე ვერსალის სასახლეში გამართულ წვეულებაზე კი სცენა კიდევ ერთმა პოპულარულმა არტისტმა, ლანა დელ რეიმ დაიკავა, რომელმაც სამი კომპოზიცია, Young and Beautiful, Summertime Sadness და Blue Jeans შეასრულა.

4. ელი გოლდინგი

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ სამეფო ქორწილში სიმღერა თვით სუპერვარსკვლავის სტატუსის მქონე შემსრულებლებისთვისაც განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. მსგავსი გამოცდის ჩაბარება თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულად პოპულარულ არტისტს, ელი გოლდინგს 2011 წელს პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის საქორწინო ცერემონიაზე მოუწია და მანაც ამ ამოცანას საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი. ინგლისელმა მუსიკოსმა ახლადშეუღლებული წყვილის პირველი ცეკვისას თავისი ლეგენდარული თანამემამულისა და კოლეგის, ელტონ ჯონის ჰიტი Your Song შეასრულა, მოგვიანებით კი შეკრებილ სტუმრებს საკუთარი კომპოზიციებიც შესთავაზა.

3. ფლორენს უელჩი

ბრიტანული ბენდის Florence & the Machine წევრი, ფლორენს უელჩი პროფესიონალური კარიერის დაწყებამდე სწორედ ქორწილებში მღეროდა. საოცარი ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებულმა არტისტმა თავისი ძველი საქმიანობა კიდევ ერთხელ 2012 წელს, ცნობილი მსახიობების, ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის ჯვრისწერაში გაიხსენა. სამხრეთ კაროლინაში გამართულ ცერემონიაზე მუსიკოსმა სამი კომპოზიცია შეასრულა, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი აშკარად პატარძალზე მოახდინა - ფლორენსის პერფორმანსით მონუსხულმა ბლეიკმა ახლად დანთებული შუშხუნები ვერ შეამჩნია და მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ მისი კაბა ამომწვარი იყო.

2. სემ სმიტი

სულაც არ არის აუცილებელი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ან ცნობილი პიროვნება იყოთ იმისთვის, რომ თქვენს ქორწილში პოპულარულმა არტისტმა იმღეროს. რიგითი ლონდონელების, ბეკ ბარანისა და ლიზა ბესთის საქორწინო ცერემონიამდე მცირე ხნით ადრე ერთ-ერთმა მეჯვარემ პოპვარსკვლავ სემ სმიტთან დაკავშირება მოახერხა და წყვილისთვის დაუვიწყარი სიუპრიზის მოწყობა სთხოვა, რასაც მუსიკოსი სიამოვნებით დათანხმდა. სმიტი ჯვრისწერის შემდგომ წვეულებაზე, როგორც სტუმრებისთვის, ასევე ბეკისა და ლიზასთვის სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა და კომპოზიცია Latch შეასრულა, რისი ამსახველი კადრებიც თავად შეგიძლიათ იხილოთ.

1. რინგო სტარი, პოლ მაკკარტნი & ჯორჯ ჰარისონი

1979 წელს ცნობილი გიტარისტის, ერიკ კლეპტონისა და მისი პირველი ცოლის, პატი ბოიდის შეუღლების ცერემონიას დევიდ ბოუისთან, ელტონ ჯონთან, მიკ ჯაგერთან და სხვა ლეგენდარულ არტისტებთან ერთად "ბითლზის" ყოფილი წევრები, რინგო სტარი, პოლ მაკკარტნი და ჯორჯ ჰარისონიც ესწრებოდნენ, რომლებმაც სტუმრების წინაშე რამდენიმე კომპოზიცია შეასრულეს. ამ ფაქტს განსაკუთრებით საინტერესოს ის გარემოება ხდის, რომ ერიკს პატი ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარდა, როდესაც ის ჰარისონის მეუღლე გახლდათ (წყვილი ერთმანეთს 1977 წელს დაშორდა). თუმცა, თავის დროზე ჯორჯი უახლოესი მეგობრისგან ამ ნაბიჯს ძალზე მშვიდად შეხვდა და მოგვიანებით ქორწილში მიწვევაც უპრობლემოდ მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული