Thumbnail

ნახეთ: ჰოლივუდში მდებარე სახლი, რომელშიც შერი ცხოვრობდა, $88 მილიონად გაიყიდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლოს ანჯელესში, ჰოლივუდში მდებარე ფეშენებელური სახლი, რომელშიც ცნობილი ამერიკელი მომღერალი, შერი და მისი იმჟამინდელი ქმარი, სონი ბონო ცხოვრობდნენ, ახლანდელმა მფლობელმა, ამერიკელმა იურისტმა, რობერტ შაპირომ 88 მილიონ დოლარად გაყიდა. წყვილმა საცხოვრებელი 1974 წელს მხოლოდ $175 000-ად შეიძინა, რაც დღეს 4,2 მილიონი დოლარის ექვივალენტია. სწორედ ამ შენობაში გადაიღეს მათ სატელევიზიო შოუს The Sonny & Cher Comedy Hour ნაწილი. შერი ქმარს 1975 წელს დაშორდა და სახლიც გაიყიდა.

ნახეთ: შერის სახლი მაიამი ბიჩზე 17 მილიონ დოლარად გაიყიდა

1930-იან წლებში აშენებულ 1133 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელს 9 საძინებელი, 10 სააბაზანო, საოფისე ფართები, ბუხარი, ბროლის ჭაღები, მდიდრული ავეჯი, ღვინის მარანი და ლიფტი აქვს. მის გარშემო ტერიტორიაზე იხილავთ ჩოგბურთის კორტს, საცურაო აუზსა და გამწვანებულ ეზოს. აღსანიშნავია, რომ 1940-იან წლებში სახლში 21 წლის მერილინ მონრო შენობის იმჟამინდელ მფლობელ, სტუდია 20th Century Studios-ს ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ჟოზეფ შენკთან ერთად ცხოვრობდა. გრემის დაჯილდოების ფარგლებში აქ ვახშამიც გამართულა, რომელსაც ჯეი ზი, რიანა და სხვა არაერთი ვარსკვლავი დაესწრო.

შერილინ სარქისიანმა, სასცენო სახელით Cher, შემოქმედებითი მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. მომღერალი გრემის, ემის, ოქროს გლობუსის, ოსკარისა და კანის კინოფესტივალის ჯილდოების მფლობელია. 100 მილიონი გაყიდული ჩანაწერით ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Believe და Strong Enough მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული