Thumbnail

პრინცესა დაიანაზე გადაღებული ფილმისთვის Spencer მუსიკას ჯონი გრინვუდი დაწერს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Radiohead-ის გიტარისტი, ჯონი გრინვუდი რეჟისორ პაბლო ლერეინის ფილმისთვის Spencer მუსიკალურ თემას დაწერს. სურათი პრინცესა დაიანას შესახებ მოგვითხრობს, კერძოდ მისი ცხოვრების იმ პერიოდზე, როდესაც პრინც ჩარლზთან განქორწინებას გადაწყვეტს. დაიანას როლს პოპულარული ამერიკელი მსახიობი, კრისტენ სტიუარტი შეასრულებს. ნამუშევარი კინოეკრანებზე, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა.

ჯონი გრინვუდს მუსიკა არაერთი ფილმისთვის შეუქმნია. მისი ნამუშევრები გამოყენებულია ისეთ ცნობილ კინოსურათებში, როგორებიცაა: Phantom Thread, The Master, There Will Be Blood, You Were Never Really Here და სხვა.

ჯონი გრინვუდმა კარიერა 1985 წელს, ჯგუფ Radiohead-ში მოღვაწეობით დაიწყო. ბენდთან ერთად მან 30 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. 2019 წელს ის, როგორც კოლექტივის წევრი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. იმავე წელს არტისტმა ლეიბლი Octatonic Records დააარსა, რომელიც კლასიკურ მუსიკაზეა ფოკუსირებული. გრინვუდს საუნდტრეკები რამდენიმე ცნობილი ფილმისთვის აქვს შექმნილი. ის აგრეთვე არაერთ ორკესტრთან თანამშრომლობს. გამოცემამ Rolling Stone გრინვუდი ყველა დროის საუკეთესო გიტარისტებს შორისაც დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული