Thumbnail

ბრიტანელი კაცი, რომელმაც სიმთვრალეში სელინ დიონი დაირქვა, სახელის შეცვლას არ აპირებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

2021 წლის დასაწყისში ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისში, სტეფორდშირის საგრაფოში მცხოვრებმა 30 წლის ტომას დოდმა ახალი წლის ღამეს სიმთვრალეში სელინ დიონი დაირქვა. ერთი თვის შემდეგ მან გამოცემა Metro-ს განუცხადა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობს და არც ძველი სახელის დაბრუნებას აპირებს.

ფოტოგალერეა: როგორ იცვლებოდა სელინ დიონის ჩაცმის სტილი წლების განმავლობაში

"მალევე შევეჩვიე ამ სახელს. რამდენიმე თვის წინ სავაჭრო ცენტრ Asda-ს ესკალატორზე ვიდექი, როცა ვიღაცამ სელინიო, მომაძახა. ისე მივუტრიალდი და დავუქნიე ხელი, თითქოს ეს სრულიად ჩვეულებრივი რამ ყოფილიყო ჩემთვის. თუმცა, ისიც მახსოვს, როცა მხარი ვიტკინე და საავადმყოფოში წასვლას მოვერიდე, რათა ჩემი სახელის გაგონებაზე არ ეფიქრათ, რომ თავი მივარტყი რამეს. საერთოდ არ მაქვს სურვილი, ისევ გადავირქვა სახელი. ჩემი გადაწყვეტილების ერთგულად ვრჩები. სელინ დიონის მუსიკამ გადამატანინა კარანტინის პერიოდი. როცა სხვა საქმე არ მაქვს, მთელ დროს მისი კონცერტების ყურებაში ვატარებ", - ამბობს ის.

როგორც სელინი ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში ყვებოდა, საერთოდ არ ახსოვდა, როგორც შევიდა მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ონლაინ განაცხადის შესავსებად და როგორ შეიცვალა სახელი და გვარი 89 გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ.

"ჩემი საქციელის შესახებ არაფერი ვიცოდი. სამსახურიდან შინ დავბრუნდი, საფოსტო ყუთში დიდი თეთრი კონვერტი დამხვდა - არ დაკეცოთო, ეწერა. სამზარეულოში შევედი და გავხსენი. პირველ რიგში, დაჯდომა მომინდა, რადგან ვერ ვიჯერებდი, რომ ეს გავაკეთე - შემდეგ საბანკო ანგარიშის ამონაწერი შევამოწმე და თანხა ნამდვილად მქონდა გადარიცხული. გულწრფელად გეუბნებით, საერთოდ არ მახსოვს, რა როგორ მოხდა. მხოლოდ ის მაგონდება, რომ სელინის კონცერტს ვუყურებდი შეზარხოშებული. რადგან აქამდე მივედი, ავდექი და დოკუმენტებზე ხელი მოვაწერე, სელინი უზომოდ მიყვარს", - ამბობდა მაშინ მომღერლის სუპერფანი.

სელინ დიონი საკუთარი სახელის და გვარის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფონზე

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული