Thumbnail

რა ვითარებაში გარდაიცვალა ელვის პრესლი სააბაზანოში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ელვის პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს საკუთარ სახლში, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მდებარე გრეისლენდის რეზიდენციის სააბაზანოში იპოვეს გარდაცვლილი. 42 წლის არტისტის სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა, ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ კი პრესლის ორგანიზმში 10 სხვადასხვა პრეპარატი გამოავლინა, მათ შორის კოდეინი, დიაზეპამი და სხვა დამამშვიდებელი საშუალებები. რაც შეეხება მისი ცხედრის გაკვეთის შედეგებს, ექსპერტიზის დასკვნა პრესლის ოჯახმა 50 წლით დალუქა და მისი გახსნა მხოლოდ 2027 წელს იქნება შესაძლებელი. გარდაცვალების მიზეზის გასაიდუმლოებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

► მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც ელვის პრესლი სიკვდილის წინ უსმენდა

► რატომ ფიქრობდნენ ფანები, რომ ელვის პრესლიმ საკუთარი სიკვდილი გაითამაშა

ტენესის შტატის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელმა, დენ უორლიკმა, რომელიც მუსიკოსის სიკვდილის დღეს ჩატარებულ გაკვეთას პირადად დაესწრო, დაადასტურა თეორია, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

"პრესლის ქრონიკული ყაბზობა აწუხებდა, რაც მრავალწლიანი წამალდამოკიდებულებისა და ცხიმისა და ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მქონე საკვების ხშირი მიღების შედეგია. დეფეკაციის მცდელობისას, როდესაც ძალა დაატანა, მას მუცლის აორტა შეეკუმშა, რის შედეგადაც გული გაუჩერდა", - განაცხადა უორლიკმა.

საზოგადოების მეორე ნაწილი სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებას ასახელებდა, თუმცა, როცა 1994 წელს საქმეზე მოკვლევა განახლდა, გამომძიებელმა ჯოზეფ დევისმა ეს ვერსია არ გაიზიარა.

"ელვის პრესლის ცხედრის პოზიცია მოწმობდა, რომ უნიტაზზე დაჯდომას აპირებდა, როცა შეტევა დაეწყო. ის წინ დაგებულ ხალიჩაზე პირქვე დაეცა და მომენტალურად დაიღუპა. საქმე ზედოზირებაში რომ ყოფილიყო, ელვისი ნელ-ნელა გარდაიცვლებოდა, შეიხსნიდა ღილებს, შველის სათხოვნელად კარებთან მიხოხებას მოასწრებდა. საათები სჭირდება, რომ წამლის მოქმედებით მოკვდეს ადამიანი“, - აღნიშნა მან.

სააბაზანო, სადაც მუსიკოსი გარდაიცვალა

ელვისს ჯანმრთელობის პრობლემები გარდაცვალებამდე ათი წლის განმავლობაში აწუხებდა. ის ნარკოტიკებს მოიხმარდა და მხოლოდ ჩიზბურგერებით იკვებებოდა. როგორც Mirror წერს, მუსიკოსი ზოგჯერ თვეობით არ ტოვებდა საძინებელ ოთახს და მუდმივად ახლდა მომვლელი. გამოცემისვე ცნობით, როგორ ჩანს, 1975 წელს მან ბანაობაც შეწყვიტა, რადგან სხეულზე ნაწოლები ჰქონდა გაჩენილი. გაკვეთის შედეგად კი მის საჭმლის მომნელებელი ტრაქტში ოთხი თვის დაგროვილი ექსკრემენტები აღმოაჩინეს. Mirror ასევე იუწყება, რომ სიკვდილამდე 7 თვის განმავლობაში პრესლისთვის გამოწერილი აბების, ამპულებისა და ნემსების რაოდენობა 9000-ს აღწევდა.  

ელვისის ცხედარი მისმა საცოლემ, ჯინჯერ ალდენმა იპოვა, რომელიც მაშინ 21 წლის იყო. ქალი მოგვიანებით თავის მემუარებში Elvis and Ginger იხსენებდა:

"მკლავები იატაკზე ეწყო, ხელის გულები ზემოთ ჰქონდა ამოტრიალებული. ეტყობოდა, რომ მას შემდეგ, რაც ძირს დავარდა, არ განძრეულა. მისი სახე ფრთხილად ამოვაბრუნე, ამ დროს ორგანიზმიდან ბოლო ჰაერი ამოუშვა. ენის წვერი კბილებს შორის ჰქონდა მოქცეული, სახეზე კი ლაქები გასჩენოდა. ცალი ქუთუთო ავუწიე, პირდაპირ იყურებოდა გაწითლებული თვალებით". 

ელვის პრესლი ჯინჯერ ალდენთან ერთად

ელვის პრესლი მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can't Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული