Thumbnail

მოუსმინეთ: ლარს ულრიხის 92 წლის მამამ, ტორბენმა ახალი ალბომი გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჰევი მეტალ ჯგუფის, Metallica-ს დრამერის, ლარს ულრიხის 92 წლის მამამ, ტორბენ ულრიხმა მეგობართან, ამერიკელ ჩელისტთან, ლორი გოლდსტონთან ერთად ახალი ალბომი Oakland moments: cello, voice, reuniting (rejoicing) გაავრცელა. ჩანაწერში სულ 7 კომპოზიცია შევიდა.

ამასთან დაკავშირებით ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა თავად ლარს ულრიხმაც:

"ეს მამაჩემია, რომელმაც 92 წლის ასაკში ახალი ალბომი გამოუშვა. ჩანაწერზე მან ლორი გოლდსტონთან ერთად იმუშავა. თუ ვინმეს გაინტერესებთ, მუსიკალურ პლატფორმებზე შეგიძლიათ, მოუსმინოთ".

ტორბენ ულრიხი დანიელი მუსიკოსი, მწერალი, მხატვარი, რეჟისორი და ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი გახლავთ. 1950-იან წლებში არტისტი ნიუ ორლეანში ჩამოყალიბებულ ერთ-ერთ ჯაზ ბენდში კლარნეტზე უკრავდა. 2000 წელს ის მათთან ერთად სამუშაოდ ჯაზ ტრიო Clinch-მა მიიწვია. 2005-ში კი ტორბენმა საკუთარი ჯგუფი Instead Of ჩამოაყალიბა. ამასთან, 2007 წელს მან დანიელ პიანისტთან, სორენ კიერგარდთან დაიწყო თანამშრომლობა და მასთან ერთად 3 ალბომი გამოსცა. რაც შეეხება მხატვრობას, მისი ნამუშევრების გამოფენა სხვადასხვა დროს მოეწყო ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა: პარიზი, ნიუ იორკი, ლოს ანჯელესი, დუბლინი და სხვა.

ჩელისტმა და კომპოზიტორმა ლორი გოლდსტონმა კი მოღვაწეობა 1983 წელს დაიწყო. 1993-94 წლებში ის ლეგენდარული ამერიკული ბენდის, Nirvana-ს კონცერტებზე ჩელოზე უკრავდა. მუსიკოსმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო კოლექტივის ლაივ ალბომში MTV Unplugged in New York. ლორი გახლდათ როკ ჯგუფ Earth-ის წევრიც.

კომენტარები

ბოლოს დამატებული